ახალგაზრდა სპორტსმენს მის მომავალსა და მიღწეულ წარმატებაზე ვესაუბრეთ.
- გილოცავ მსოფლიო ჩემპიონობას. რის ხარჯზე მოახერხე ეს და რამდენად რთული იყო?
- შეჯიბრებისთვის გუნდი ერთად ვემზადებოდით, გავიარეთ რამდენიმე შეკრება. საერთო ჯამში, კარგად მოვემზადეთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მეტოქე ძლიერია. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ გადავლახე ეს ფაქტორი. ფინალში შევხვდი რუს მეტოქეს, რომელთანაც ბევრად მეტი მოტივაცია მქონდა და ამ შეხვედრაზე ძალიან კარგი განწყობით გავედი.
მსოფლიო ჩემპიონობა ჩემთვის იყო ძალიან
ჩემი ოცნება არის ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე მოხვედრა და გამარჯვება. წინა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე და მინდა, ჩემი შედეგი გავაუმჯობესო.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მეხმარებიან ყველაფერში: მწვრთნელებს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, ექიმს და ა.შ.
- შენ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავე, თუმცა გიჭიდავია 71-კილოგრამშიც. მომავალ ჩემპიონატებში რომელ წონისთვის გამზადებენ?
- წესები შეიცვალა და ახალი წლიდან უკვე 67 კილოგრამი წონითი კატეგორიაა და ამ წონაში ვიასპარეზებ.
71 კილოგრამში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიჭიდავე დიდებში. იქაც შემეძლო ჩემპიონობა და მედლის წამოღება, მაგრამ შეცდომით დავმარცხდი. იქ ფიზიკურად დიდი მეტოქეები იყვნენ. როცა წონას იცვლი, ძალიან რთულია, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან გამოცდილება მივიღე.
- ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხარ. რა პერსპექტივას ხედავ საქართველოს ნაკრებში? უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში უფრო მეტ და მაღალი სინჯის მედლებს?
- მე უფროსებშიც ვჭიდაობდი და ახალგაზრდებშიც. გუნდმა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ და მოლოდინი გვქონდა, ყველა წონაში მედალს წამოვიღებდით.
ნიჭიერი ახალგაზრდებით ვიყავით დაკომპლექტებულნი და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ვიყავით წასულნი.
საერთო ჯამში, ჩვენ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში მოვიგეთ, რაც მომავალში კარგი პერსპექტივის მანიშნებელია.
- ხულოდან ხარ, როგორია აჭარაში მომზადების დონე?
- ხულოში ვარჯიში 2001 წლიდან დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ავთანდილ აბულაძე. 2008 წლის შემდეგ, როცა შევხედე ჩემს შესაძლებლობებს, დრო იყო, რომ წამოვსულიყავი თბილისში და მეტად განვვითარებულიყავი.
ხულოში ახლაც მიმდინარეობს ვარჯიშები. უფრო მეტად პატარა ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ და თუ გამოირჩევა ვინმე ტალანტით, თბილისში უშვებენ.
ბათუმში არის დარბაზი, ახალ სპორტის სასახლესაც გვიშენებენ, გათბობაც არის და ყველაფერი, რაც გვჭირდება.
- შემდეგი ოლიმპიადა ტოკიოშია. თუ კვლავ საუკეთესო იქნები საქართველოში და წახვედი ოლიმპიადაზე, რა იქნება შენი მიზანი?
- მთავარია ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება. გაქვს სამი ცდა: 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი და ბოლოს საკვალიფიკაციო ტურნირი. მე მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი ლიცენზიის გარეშე დარჩა.
როგორც ჩემი, ასევე ყველა სპორტსმენის სურვილია ოლიმპიადაზე ასპარეზობა და ამისთვის ყველა ვემზადებით. ჩემი პრინციპია, რომ ყოველთვის ვიყო მზად. ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე რიოს ოლიმპიადაზე და სურვილი მაქვს, შემდეგ ჯერზე ოქროს მედალი მოვიპოვო.
ჩემპიონობა სულ სხვაა, ენით აუწერელია და სულ სხვა ფასი აქვს.
- დაფინანსებაზე მინდა გკითხო, როგორია პრინციპი? ხელფასი გაქვთ ფიქსირებული თუ ტურნირებში გამარჯვების მიხედვით იხდის ფედერაცია თანხას?
- ხელფასი არის შედეგის მიხედვით და ტურნირსაც გააჩნია: არის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი. ეს ერთი წლის განმავლობაში გენიშნება.
ხოლო, თუ ოლიმპიადაზე გექნება შედეგი, ხელფასი არის მეორე ოლიმპიადამდე. რა თქმა უნდა, პრემიებიც არის, რომელიც წლის ბოლოს გერიცხება.
- რამდენად კმაყოფილი ხარ დაფინანსებით?
- კმაყოფილები ვართ, მაგრამ მეტიც შეიძლება. ისე ხდება, რომ სპორტსმენები რეგიონებიდან ჩამოდიან და თბილისში სახლი არა აქვთ.
ძალიან ბევრი არის, რომ მოიპოვებენ სხვადასხვა ტიტულს: მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონობას, სამშობლოს ასახელებენ და მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ხელშეწყობა.
ცოტათი უკმაყოფილოები ვართ სპორტსმენები. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ ახლა ფინანსებზე არ ვფიქრობთ. პრემია ერთჯერადია. ჩვენი მიზანია, ვიყოთ წარმატებული სპორტსმენები და ამ წარმატებას ყველაფერი მოჰყვება.