U23. შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია, საქართველო პირველი! [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონურ ბუდგოშჩში მიმდინარე 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის პირველზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა.

4-დან სამი მოჭიდავე ფინალში გავიდა, რომელთაგანაც ერთმა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა - ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ხოლო ორი დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ: მსოფლიოს პრიზიორი უფროსებში ლაშა გობაძე (80) და ზვიად პატარიძე (130).

მთლიანობაში ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთში 4 მედალი მოიპოვა: 2-2 ოქრო-ვერცხლი. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (75) გახდა.

ამდენად, პოლონეთში ჩვენი გუნდის გამოსვლა ნამდვილად წარმატებულია თუნდაც
იმის გათვალისწინებით, რომ რვიდან ოთხი წონის ფინალი ვიჭიდავეთ.

ამასთან, რამდენიმეს ბრინჯაოს მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა მათი წაგების მიუხედავად, საერთო გუნდურ ჩათვლაში მაინც გავიმარჯვეთ 51 ქულით და ერთით ჩამოვიტოვეთ რუსეთი. მესამეზე თურქეთია 42 ქულით. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ დამარცხდა პატარიძე, ვისზეც მთელი მსოფლიო დიდ ფსონს ჩადიოდა, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

ნაკრებს ოქრო შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა, რომელიც ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში მას მეტ-ნაკლებად გაუწია წინააღმდეგობა ფინელმა რამი პეტრი სურიაემ - 4:2. შემდეგ წრეში ჩინელი გაოქუან ჭანი უფრო იოლად, 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი 2:0 დაამარცხა ამ ასაკში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, პოლონელი რომან პაცურკოვსკი.

ამ შეხვედრაში ქართველი ათლეტი უფრო აქტიური იყო და მთელი პაექრობის განმავლობაში აკონტროლებდა ორთაბრძოლის მიმდინარეობას, შედეგად კი მეტოქე პასიურობისთვის ორჯერ დაისაჯა. ჩვენებურს ვერც ფინალში გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა რუსმა ალენ მირზოიანმა - ბოლქვაძემ საკმაოდ იოლად იმარჯვა 2:0.


აქ ყურადღებას ერთ ფაქტორზე გავამახვილებთ: ამჯერად ბოლქვაძე ისევ თავის მშობლიურ წონაში, 66-ში გამოვიდა და უდანაკარგოდაც იჭიდავა, ეროვნულ ნაკრებში კი 71-ში უწევდა ასპარეზობა... მართალია, ამ ორ გუნდს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ, ეტყობა, ოლიმპიური პრიზიორისთვის უფრო ოპტიმალური წონითი კატეგორია 66 კილოგრამია.


პოლონეთში შესარჩევში გობაძეც ისვენებდა, მისი პირველი "მსხვერპლი" კი მოლდოველი ვიორელ ბურდუაია გახდა: 7:1 ჩვენებურის სასარგებლოდ. გობაძე ძალიან ლამაზი, ტექნიკური სტილით გამოირჩევა და ბევრ ილეთს აკეთებს, თან ერთიმეორეზე უკეთესსა და მაღალი ხარისხისას. მან ქულები ამ ტურნირზეც ბლომად დაიმსახურა, თუმცა ფანდების კასკადი არ დაუტრიალებია.

უპირატესობა არც ამ ასაკში უკრაინელთა ევროპის წლევანდელ მედალოსან ანდრეი ანტონიუკთან გაუშვია ხელიდან და 4:2 მოუგო, ნახევარფინალში კი 23-წლიანებში შვედთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ალექს მიშელ ბიურბერგ კესიდისს 2:1 გაუსწორდა, ვინც ევროპირველობის ფინალში გელა ბოლქვაძე დაამარცხა. გობაძე პირველ პერიოდში 0:1 ჩამორჩა, მაგრამ ტაქტიკურად, ძალისმიერ სტილში ჭიდაობით, როცა მეტოქეს წარმატებით უბლოკავდა სამოქმედო არეალს და პასიურობისთვის ორჯერ აართვა თითო ქულა. სამწუხაროდ, ფინალში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა თურქ ბურჰან აკბუდაკთან.

როგორც გითხარით, პატარიძის წაგება ამ ტურნირის მთავარი მოულოდნელობაა. მან დაკარგა შანსი, ასაკობრივ ნაკრებებში მეექვსედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. მას პოლონეთში ძირითადად ნაცნობ მეტოქეებთან მოუწია პაექრობამ. მათ შორის - ფინალშიც რუს სერგეი სემენოვთან.

ეს მსოფლიოს 2015 წლის ახალგაზრდული ფინალის გამეორება იყო, როცა ქუთაისელმა ტალანტმა 3:1 დაამარცხა რუსი. თუმცა მას შემდეგ რუსმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოც მოიპოვა და ახლა გაცილებით ძლიერად იჭიდავა. ეს ფინალი საკმაოდ დაძაბული იყო, შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა პროტესტის გამო და პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა: 3:3.

ეს ანგარიში ხელს პატარიძეს აძლევდა, რადგან მას ორქულიანი გდებაც ჰქონდა, მეტოქემ კი თითოქულიანები მოიპოვა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა მეორე პერიოდში ანგარიში ვერ შეინარჩუნა და ორქულიანი გდება გაუშვა: 5:3 სემენოვის სასარგებლოდ, პატარიძეს კი 23-წლიანებში აშკარად ჩაუვარდა სეზონი: ევროპის ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა, ოქრო კი ვერც ახლა მოიპოვა.

სხვათა შორის, მეორე შეხვედრაში პატარიძემ დამაჯერებლად მოუგო ლიტველე მანტას კნისტაუტასს, ვისთანაც ევროპირველობაზე წააგო - 5:1. პატარიძემ პირველივ პაექრობაში უნგრელ ფერენც ალმასს 7:1 მოუგო. ნახევარფინალში გარეთ გაყვანებით 3:0 მოუგო ირანელ ამინ მოჰამადზამან მირზაზადეს.

გუშინ ჩვენევბიდან უმედლოდ მხოლოდ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი დავით ჩხარტიშვილი (59) დარჩა. არადა, თურქ აჰმეტ უჯართან წმინდად გამარჯვების (9:0) შემდეგ ლამის მოგებული პაექრობა დათმო უნგრელ ერიკ ტორბასთან: 5:7.

59 კგ.
1. მასუტო კავანა (იაპონია); 2. სერგეი ემელინი (რუსეთი); 3. საკიტ გულიევი (აზერბაიჯანი), აიდოს სულთანგალი (ყაზახეთი); 10. დავით ჩხარტიშვილი (საქართველო).

66 კგ.
1. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო); 2. ალენ მირზოიანი (რუსეთი); 3. ამინ იავარ კავიენინეჯადი (ირანი), გაოქუან ჭანი (ჩინეთი).

80 კგ.
1. ბუჰრან აკბუდაკი (თურქეთი); 2. ლაშა გობაძე (საქართველო); 3. ანდრეი ანტონიუკი (უკრაინა), როსიან დერმანსკი (ბელარუსი).

130 კგ.
1. სერგეი სემენოვი (რუსეთი); 2. ზვიად პატარიძე (საქართველო); 3. მანტას კნისტაუტასი (ლიტვა), ჯელო კრამერი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
2-2 ოქრო - ვერცხლი თუ 1 ოქრო და 3 ვერცხლი
JUDO
22:13 23-11-2017
0
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსაჯების უნამუსობა? რა ქვეყანა ვართ ნუთუ თავმოყვარეობა არა აქვთ როგორ ხმა არავინ ამოიღო ესე უნამუსოდ რო წააგებინეს გობაძეს და პატარიძეს ფინალში....ბოლქვაძეს ვულოცავ ვენაცვალე მაგარი კაცია!
ქართველი
20:14 23-11-2017
0

სიახლეები პოპულარული