ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს.

ამის შესახებ მოჭიდავე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისივე თქმით, ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

Sportall.ge დათუნაშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემი ერთადერთი
მოთხოვნა იყო, გეგა გეგეშიძეს სპორტის სასახლეში ჩადენილ საქციელზე თანამდებობის დატოვებით ეგო პასუხი. თუმცა სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობაც არ ყოფილა და ერთადერთ გამოსავლად პრეზიდიუმის წევრებმა ჩემი გეგასთან შერიგება მიიჩნიეს.

როგორც 23 თებერვალსვე განვაცხადე, მე ამაზე ვთქვი უარი და ცალსახად აღვნიშნე, რომ გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს, კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტის, ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი. ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს. როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ, კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც.

მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის, ფედერაციამ მათთან ანგარიშსწორება უკვე დაიწყო. მაგალითად, მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი.

რეალურად, მას შემდეგ, რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე, თუმცა ერთადერთი, რაც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, არის იმ სპორტსმენების და არა მარტო სპორტსმენების დამოკიდებულება, რომლებიც სიჩუმეს ე.წ. ძველბიჭური მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" და არა "ძველბიჭობა". მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის "ვირთხებს".

როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებული გამხადეს, მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა, რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ, უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.

ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება. შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე", - წერს ზურაბ დათუნაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დათუნაშვილო, შენი ამპარტავნობით, ქედმაღლობით, მედიდურობით, განსაკუთრებულობის მანიით პრივილეგიების მოთხოვნით, ყველაზე ზემოდან ყურებით,პროვოკაციებით, არაკაცური საქციელებით, ყველას თავი მოაბეზრე (რბილად ნათქვამია). მერე ვითომ გიკვრის გვერდით რატომ არავინ არ მიდგასო. რაღაცეებს ნუ ფილოსოფოსობ.
განსაკუთრებულობის მანიით შეპყრობილი
01 აპრილი 2019 14:53
18
არბიტრებს რომ ვერ ,,აკაჩავებთ'' ახლა ,,ნაგლად'' შენ და შენი ძმა, ამიტომ ეძახით ფედერაციაში დამყარებულ წესრიგს ტოტალურ მმართველობას?! მუდმივად შარებში გახვეული შინ და გარეთ!
მორჩა თქვენი ინტრიგნობა
01 აპრილი 2019 12:47
15
სასიხარულოა ადამიანი ესე პროგრესულად რო აზროვნებს. მე დათუნაიშვილის მხარეს ვარ რათქმაუნდა. კაცი ცამდეა მართალი
amber
30 მარტი 2019 15:53
0
საქართველოს მოქალაქეობაზე თქვი უარი ან თავშესაფარი მოითხოვე პოლიტიკური რომელიმე ქვეყანაში მერე ეგ კანონი შენზე ვეღარ გავრცელდება....ვირთხა აზის ქვეყანას და პატარა ვირთხები კიდევ მართავენ
ზურა
30 მარტი 2019 09:34
2
საქმეც იმაშია, რომ გავრცელდება. თუ საკუთარმა ფედერაციამ არ გაუშვა, სპორტსმენს ორწლიან დისკვალიფიკაციას აძლევენ
მერაბი
31 მარტი 2019 00:39
0
ტოტალიტარული მმართველობა ჭიდაობის ფედერაციაში. ეგ არის ამ ფედერაციის ზუსტი შეფასება
დათო
30 მარტი 2019 07:38
2
ამ კაცურ სპორტსაც მონები პატრონობენ ჩვენთან.
ირაკლი
29 მარტი 2019 19:40
4
ჩვენ მთელი ქვეყანა მშვიდად ვუცქერით როგორ ჩაგრავენ ერთ კაცს...
კონფორმიზმი და ლაჩრობა...
lsd
29 მარტი 2019 18:09
7
უპატრონო ქვეყანააა ესეთი რამე სხვა ქყვეყანაში რო გაეკეთებინა ფედერაციის პრეზიდენტს მოხსნიდნენ დაიჭერდენნ ზედ ტიპს აიძულებენ რო წავიდეს სხვისი სახელით გამოვიდეს არადა კაი ადამიანი
huseina
29 მარტი 2019 18:07
1
გეგეშიძე რომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი იმ ინციდენტის შემდეგ ცალსახაა. არ გადადგა, რადგან ამ ქვეყანაში საზოგადოების აზრი ყველას ფეხებზე კიდია და სასამართლოც არაფერს მიუსჯის, იმიტომ რომ ვიღაცის კაცია. მე უკვე აღარ მაინტერესებს მოჭიდავეები რას მიაღწევენ და როგორ "ასახელებენ" ქვეყანას, მათმა დიდმა ნაწილმა უკვე ასახელა გეგეშიძის მხარდაჭერით, მოჭიდავეების ოჯახის საქმეა და ტატამზე მეც ვძალადობ ძახილით. ხოდა იჭიდავეთ გეგეშიძისთვის და ჭიდაობის ოჯახისთვის, ხალხის კუმირები თქვენ ვეღარ გახდებით.
???
29 მარტი 2019 17:56
3
ჭიდაობის ფედერაცია ძაან გაბლატავდა. თუმცა გასდით და რა ქნან ...
ALONZO
29 მარტი 2019 17:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული