13 აპრილს, რუმინეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ლაშა გობაძე (82 კგ) გავიდა, იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ვერცხლის, ხოლო ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საჩინო დავითაია (67 კგ) კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
გობაძემ მოლდოველი ბრადუ 5:4, რუსი კომაროვი 5:0 და ფინელი როპონენი 11:0 დაამარცხა და ოქროს მედლისათვის დანიის წარმომადგენელ ბისულტანოვს შეხვდება.
ქაჯაიამ ფინელი ლაჰტი (9:0), პოლონელი კრაევსკი (10:0), რუსი სემიონოვი (3:2) დაამარცხა და ფინალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, თურქ რეზა კაიასთან 0:3 წააგო. აღსანიშნავია, რომ თურქი ფალავანი მეცხრედ
გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.
ქავჟარაძემ უნგრელ კოვაჩს 10:0 მოუგო, რუსეთის წარმომადგენელ მარინიანთან 3:11 წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ტრაცზის 5:2 სძლია.
დავითაიამ გერმანელ ვაისს (9:0) და უკრაინის წარმომადგენელ ნასიბოვს სძლია, ნახევარფინალში თურქ იუკსელთან 1:3 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
გობაძე ოქროსათვის, დავითაია კი ბრინჯაოსთვის 14 აპრილს იჭიდავებენ.