ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - წლის ბრძოლა ქართველსა და 40-გზის ჩემპიონს შორის

AutoSharing Option
24 მაისს სუმოში 2018 წლის "წლის ბრძოლა" შედგება. ქართველი სეკივაკე, რომელიც მალე ოძეკი გახდება, 40-გზის ჩემპიონ დიდ იოკუძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდება.

წლის ბრძოლა განა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მხარე ქართველია, არამედ დღევანდელი იაპონია და სუმოს ქომაგთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს.

ქართველი სეკიტორის ბრწყინვალე ასპარეზობა ბოლო სამ ბაშოზე არავის არ გამორჩენია. ჰარუ ბაშოზე უკეთეს შედეგსაც დადებდა, რომ არა ტრავმა. ისიც გვახსოვს, წინა ბაშოზე თუ როგორ სძლია ტრავმირებულმა ქართველმა იოკუძუნა კაკარიუს, რომელიც საბოლოოდ ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

▶ ჰარუ ბაშო. XII დღე: არის! ტოჩინოშინმა
დაუმარცხებელ კაკარიუს მოუგო [VIDEO]


მოდი დავიწყოთ თავიდან, ვინ არის ჰაკუჰო?

ჰაკუჰო შო 33 წლის მონღოლი სუმოისტია. მისი ნამდვილი სახელი გვარი მონხბათ დავააჯარგალია. დაბადების ადგილი მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორია. 192 სანტიმეტრია სიმაღლეში და 153 კილოს იწონის.

მისი დებიუტი სუმოში 2001 წელს შედგა და 2004 წელს მაკუუჩი დივიზიონის (უმაღლესი დივიზიონის) წევრი გახდა. მან ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და უძლეველის სტატუსი. 2004 წლის ბოლოს უკვე პირველი მაეგაშირა იყო, 2005 წლის ბოლოს კი - კომოსუბი. 2006 წელი მისი კარიერის პიკი იყო, გახდა ოძეკი და მოიპოვა პირველი იუშო (მოიგო ბაშო).

2007 წელს კიდევ ორი იუშო მოიპოვა და სუმოს კომიტეტმა მას იოკუძუნობა (უმაღლესი იერარქია სუმოს სამყაროში) მიანიჭა. ჰაკუჰო ამასაც არ დასჯერდა და 10 წლის განმავლობაში კიდევ 37 ბაშო მოიგო. ბოლოს ეს 2017 წლის ბოლო ბაშოზე, ნოემბერში მოხდა.

ჰაცუ ბაშოზე, რომლის გამარჯვებულიც ტოჩინოშინი გახდა, ჰაკუჰო 5 ბრძოლის შემდეგ ტრავმის გამო გამოეთიშა და ვერც ჰაცუ ბაშოზე შეძლო ასპარეზობა. თუმცა ის ნაცუ ბაშოზე დაბრუნდა და ტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა.

ურთიერთშეხვედრები

ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს დაპირისპირება 2008 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც მათ ორთაბრძოლებს 10-წლიანი ისტორია აქვს. ქართველი და მონღოლი სეკიტორი ერთმანეთს ოფიციალურ შეხვედრებში სულ 25-ჯერ შეხვდნენ და ჰაკუჰომ 25-ჯერვე იმარჯვა.

ძირითადად, ქართველი უვატენაგესა და იორიკირის ილეთით მარცხდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ილეთით, ოშიდაშით ტოჩინოშინი ჰაკუჰოსთან არასდროს დამარცხებულა.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო ბოლოს ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს დაპირისპირებაში დაუდგნენ ერთმანეთს. მაშინ გამარჯვება ქართველს დარჩა. თუმცა ეს მხოლოდ ამხანაგური დაპირისპირება იყო და ოფიციალურ ბალანსში არ იწერება.

▶ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

შანსები

ლევან გორგაძე ბრწყინვალე ფორმაშია, მისი შემჩერებელი ჯერჯერობით ნაცუ ბაშოზე არ გამოჩენილა. საქმე ისე მიდის, რომ დიდი ალბათობით, ქართველი მეორე იმპერატორის თასსაც მოიგებს.

ჰაკუჰო ნამდვილად აღარ არის ისეთი მრისხანე, როგორიც ადრე, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის ნაცუ ბაშოზე მოულოდნელად დამარცხდა მეორე მაეგაშირა აბისთან ოშიდაშის ილეთით. აგრეთვე, რამდენიმე ბრძოლა ძალიან გაუჭირდა და ერთი ხელის მოსმით ვეღარ იგებს ბრძოლებს.

წაგების შემთხვევაში ტოჩინოშინი თასის მოგების შანსს ინარჩუნებს, რადგან მოგებათა რაოდენობით გათანაბრდება იოკუძუნებთან: ჰაკუჰოსა და კაკარიუსთან. ამ შემთხვევაში ამ ორი იოკუძუნას დაპირისპირების დროს კაკარიუს უნდა ვუგულშემატკივროთ და შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი კვლავ შეძლებს მეორე მონღოლი იოკუძუნას დამარცხებას.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჰაკუჰოს მიმდინარე ნაცუ ბაშოზე იმ სუმოისტებთან გაუჭირდა, ვინც თავიდანვე აქტიურად დაიწყეს ბრძოლა და მერეც ძალიან აქტიურად მოძრაობდნენ, ჰაკუჰოსთან შეკვრა და იორიკირის ცდა ძალიან სარისკოა, მაგრამ ლევანი ისეთ ფორმაშია, არაფერი არაა გამორიცხული!
გულშემატკივარი
17:23 23-05-2018
0
ვადასტურებ ჩემ პატივისცემას თქვენ მიმართ, ერთი შესწრება, თუ შეიძლება: "შედეგი დადო" - არის ჟარგონი, სლენგი. არ არის მიზანშეწონილი ასე წერა. სწორი იქნება - შედეგს მიაღწია
გაგა
23:37 23-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული