იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს, 25 ივნისის გამთენიისას, განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რიკიშები მოახლოებულ ნაგოია ბაშოზე იასპარეზებენ.
სიურპრიზი აღმოჩნდა ქართველი სეკიტორის, გაგამარუს საგრძნობი დაწინაურება. გაგა ჯუღელმა 4-ნახევარი საფეხურით აიწია ბანძუკეში და დასავლეთის მე-2 ნომრად მოგვევლინა ჯურიოს დივიზიონში.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმალური კაჩი-კოშის შემთხვევაშიც კი შესაძლოა გაგა უკვე მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) აღმოჩნდეს. 9 ორთაბრძოლის მოგება კი, ფაქტობრივად, 100%-ით გაუნაღდებს უმაღლესი დივიზიონის საგზურს - იქ, სადაც 36 ბაშო აქვს მას კარიერაში ჩატარებული.