თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში

AutoSharing Option
ამ დილით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, სომხურ ვანაძორში მიემგზავრება, სადაც ხვალიდან სტეპან სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამოვა.

რაკიღა სომხეთში მიმოსვლა იაფი სიამოვნებაა, ამიტომ იანტბელიძეს იქ გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავს - 30 ფალავანი, თუმცა მათ შორის არაა ნაკრების არც ერთი ლიდერი.

ფავორიტთა უმეტესობა ისვენებს (მაგალითად, ახალ წონაში - 70 კილოგრამში გადასული მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი), ზოგიც მასტერკლასებს ატარებს (ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) იაკუტსკში იყო მასტერკლასზე), ზოგიც უცხოურ კლუბებში გამოდის, ზოგი
კი შედარებით ნაკლებად იტვირთება და ისე ემზადება საგაისო სეზონისთვის (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი).

იანტბელიძემ სომხეთში სათადარიგო შემადგენლობა გაიყოლა, თუმცა მათ შორისაც ბევრი საინტერესო ფალავანია: მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86), ევროპის პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74), ძმები ავთანდილ (74) და ნიკა კენჭაძეები (86), ახალგაზრდების ლიდერი გივი მაჭარაშვილი (97) და სხვები.

მწვრთნელს სომხეთში ევროპის ორგზის ფინალისტი ლაშა ლომთაძეც (61) მიჰყავდა, ვინც ძველი ტრავმა მოიშუშა, მაგრამ ახლა ტვინის შერყევა მიუღია. ასევე ბოლო დღეებში მუხლი იტკინა ირაკლი მწითურმა (86).

სომხეთიდან დაბრუნებული ნაკრების წევრები თბილისში გააგრძელებენ ვარჯიშს, ნოემბრის დასაწყისში კი გუნდი პირველ შეკრებას გამართავს. იქ უკვე ყველა ფალავანი გამოცხადდება და დაიგეგმება, ვინ სად, რომელ ტურნირში იჭიდავებს საქართველოს ჩემპიონატამდე. მათ შორის - ლიდერებზეც გაიწერება სატურნირო გრაფიკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული