20 წლის იტალიელმა მრბოლელმა ფორმულა 1-ის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და იმ ადამიანების გვერდით დაიკავა ადგილი, რომელთა ასპარეზობასაც ბავშვობაში აღტაცებით ადევნებდა თვალს. თუმცა კიმი ანტონელის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო, ბოლონიაში, ოჯახში, რომლის ყოველდღიურობაშიც ავტოსპორტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

კიმი 2006 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამამისი, მარკო, ავტომრბოლელი იყო და ოჯახს საკუთარი სარბოლო გუნდიც ჰქონდა. შვილის დაბადებიდან სულ რაღაც თხუთმეტი დღის შემდეგ მამამ პირველად წაიყვანა ავტოფარეხში. ძრავების ხმაური, სარბოლო მანქანები და ტრასაზე გატარებული საათები მისი ბავშვობის ბუნებრივ გარემოდ იქცა.

დაახლოებით სამი წლის ასაკში მარკომ სახლში სარბოლო სიმულატორი მიიტანა. საჭესთან თავად ჯდებოდა, შვილს კალთაში ისვამდა და მართვის მხარეს უნაწილებდა: გაზსა და მუხრუჭს აკონტროლებდა, საჭეს კი კიმის ანდობდა. ერთ საღამოს დაღლილობისგან ჩაეძინა და მოსახვევის წინ დამუხრუჭება დაავიწყდა. მანქანა დაამტვრია. შვილის რეაქცია მამისთვის დღემდე დასამახსოვრებელია: "მამა, არ დაიძინო, მე უნდა ვმართო". ხუთი წლისა და ექვსი თვის ასაკში კიმი პირველად დაჯდა კარტინგის სარბოლო მანქანაზე. ეს ფორლიში, პატარა ტრასაზე მოხდა. საჭესთან გატარებული პირველი წუთების შემდეგ ხელახლა ასვლა მოითხოვა. მარკო მალევე მიხვდა, რომ შვილის ინტერესი ჩვეულებრივ გატაცებას სცდებოდა. ბავშვი კარგად გრძნობდა ტრასის კონფიგურაციას, ამჩნევდა დამუხრუჭების წერტილებს და სწრაფად ითვისებდა იმ დეტალებს, რომელთა გააზრებასაც სხვა თანატოლები გაცილებით მეტ დროს ანდომებდნენ. ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, გერმანიის გრან-პრის დროს, შვიდი წლის კიმის ფორმულა 1-ის პადოკში შესვლის სურვილი გაუჩნდა. შესაბამისი აკრედიტაცია არ ჰქონდა, ამიტომ მამამ გამოსავალი იპოვა: შვილი საბურავების გროვაში დამალა და ურიკით შეიყვანა იმ სივრცეში, რომლის ნახვაც ბიჭს ასე ძალიან სურდა. იმ დროისთვის პადოკი მისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი სამყარო იყო, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ იქ დაბრუნდებოდა, უკვე მრბოლელის სტატუსით.

ამ ამბის გახსენებისას კიმი ამბობდა, რომ პადოკში გატარებული ერთი საათი მისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო. მანამდე ფორმულა 1 მხოლოდ ტელევიზორში ნანახი სამყარო იყო, ახლა კი საშუალება ჰქონდა, ახლოდან დაეთვალიერებინა მანქანები, გუნდების ავტოფარეხები და ადამიანები, რომელთა საქმიანობასაც ბავშვობიდან ინტერესით ადევნებდა თვალს. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იმავე სივრცეში უკვე მრბოლელის სტატუსით დაბრუნდებოდა. თუმცა მარკო თავიდან სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ შვილი პროფესიონალი მრბოლელი უნდა გამხდარიყო. თავადაც ჰქონდა გავლილი ავტოსპორტის რთული გზა და კარგად იცოდა, რამდენად მცირეა მანძილი დიდ იმედსა და რეალურ შესაძლებლობას შორის. რბოლაში ნიჭი აუცილებელია, მაგრამ ეს ყოველივე წარმატების გარანტიას არ იძლევა. საჭიროა ფინანსური რესურსი, სწორი გუნდი, ტექნიკური მხარდაჭერა და ხშირად ისეთი იღბალიც, რომლის კონტროლიც თავად სპორტსმენს არ შეუძლია. მამას არ უნდოდა, კიმის მთელი ბავშვობა ერთ ოცნებას შეჰყოლოდა და საბოლოოდ იმავე იმედგაცრუების წინაშე აღმოჩენილიყო, რომელიც თავადაც ჰქონდა გამოცდილი.ოჯახისთვის ეს მხოლოდ ემოციური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ანტონელებს საკუთარი სარბოლო გუნდი ჰქონდათ, მაგრამ ფორმულა 1-მდე მისასვლელი გზა გაცილებით დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, ვიდრე ოჯახის შესაძლებლობები გასწვდებოდა. მისთვის რთული იყო იმის ცოდნა, რომ შვილის ნიჭის მიუხედავად, ერთ დღეს შეიძლება ფინანსური მიზეზით გაჩერება დასჭირვებოდათ. მიუხედავად ამისა, კიმი ტრასაზე დაბრუნებას ითხოვდა და ყოველ ახალ გამოსვლაზე უფრო ნათლად აჩვენებდა, რომ ეს გატაცება დროებითი არ იყო. მისი პროგრესი მხოლოდ სისწრაფით არ იზომებოდა. კარტინგში კიმი სწრაფად სწავლობდა ტრასას, აანალიზებდა შეცდომებს და ცდილობდა გაეგო, რატომ იყო ერთი მოსახვევი უფრო სწრაფად გასავლელი, ვიდრე მეორე. მამისთვის ეს მნიშვნელოვანი ნიშანი იყო: შვილი მხოლოდ გამარჯვებას არ ეძებდა, აინტერესებდა, როგორ უნდა გამხდარიყო უკეთესი. სწორედ ეს მიდგომა დაეხმარა მას, ადრეული ასაკიდანვე გამორჩეული შედეგები მიეღწია.

2019 წელს, როდესაც ანტონელი თორმეტი წლის იყო, მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მერსედესის ახალგაზრდა მრბოლელთა პროგრამაში მოხვედრამ ისეთი მხარდაჭერა მისცა, რომლის გარეშეც პროფესიულ ავტოსპორტში წინსვლა გაცილებით რთული იქნებოდა. იმავე სეზონში OK Junior-ის კატეგორიაში WSK Euro Series-ისა და Super Master Series-ის ტიტულები მოიგო, ევროპის ჩემპიონატზე კი მეორე ადგილი დაიკავა. ეს შედეგები მხოლოდ წარმატებული სეზონის დასასრული არ ყოფილა. კიმი უკვე იმ მრბოლელთა შორის აღმოჩნდა, რომელთა განვითარებასაც ფორმულა 1-ის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. მომდევნო ორი წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოდგა. 2020 წელს ანტონელიმ OK-ის კატეგორიაში კარტინგის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი ტიტული შეინარჩუნა. პარალელურად, 2021 წელს ერთადგილიანი მანქანების მართვაც დაიწყო და იტალიურ ფორმულა 4-ში PREMA-ს გუნდთან ერთად პირველივე გამოსვლებში სამი პოდიუმი მოიპოვა. კარტინგიდან ფორმულა 4-ზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილება იყო: ახლა მხოლოდ სწრაფი რეაქცია და ტრასის ცოდნა აღარ კმაროდა. საჭირო გახდა საბურავების ცვეთის, მანქანის ბალანსისა და რბოლის ტემპის მართვის სწავლაც. იტალიელმა ამ ახალ გარემოსთან შეგუება სწრაფად შეძლო.

2022 წელს იტალიისა და გერმანიის ფორმულა 4-ის ჩემპიონატები მოიგო. სეზონის განმავლობაში ჯამში 22 გამარჯვება, 21 პოულ-პოზიცია და 27 პოდიუმი დააგროვა. ეს შედეგები განსაკუთრებით საყურადღებო იყო მისი ასაკის გათვალისწინებით. იტალიელი უკვე აღარ იყო მხოლოდ პერსპექტიული მოზარდი, რომელსაც მერსედესი მომავალში შეიძლება გამოსდგომოდა. ის რეალურ შედეგებს აჩვენებდა და ყოველ ახალ კატეგორიაში გადასვლისას ადასტურებდა, რომ უფრო მაღალი დონისთვის მზად იყო. აქედან მისი გზა კიდევ უფრო სწრაფად გაგრძელდა. 2023 წელს ანტონელიმ ფორმულა რეგიონალში ჯერ ახლო აღმოსავლეთის, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ჩვეულებრივ, ამ ეტაპის შემდეგ ახალგაზრდა მრბოლელები ფორმულა 3-ში გადადიან, მაგრამ მერსედესმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. კიმის პროგრესის გათვალისწინებით, გუნდმა ჩათვალა, რომ მას შეეძლო ერთი საფეხურის გამოტოვება და პირდაპირ ფორმულა 2-ში გადასვლა. ეს ნდობის დიდი გამოხატულება იყო, თუმცა ამავე დროს გაცილებით რთულ გამოცდასაც ნიშნავდა. ბიჭი, რომელიც ოდესღაც პადოკში საბურავების გროვით შეიყვანეს, ახლა უკვე იმ გზაზე იდგა, რომელიც ფორმულა 1-მდე მიდიოდა. თუმცა ამჯერად მისთვის კარი მხოლოდ სურვილისა და მამის მოხერხებულობის წყალობით აღარ იღებოდა. მის უკან წლების შრომა, ჩემპიონობები და გუნდის ნდობა იდგა.

2024 წელს ანტონელი ფორმულა 2-ში გადავიდა, თუმცა მისთვის ეს ჩვეულებრივი კარიერული ნაბიჯი არ ყოფილა. მერსედესმა გადაწყვიტა, რომ კიმს ფორმულა 3-ის საფეხურის გამოტოვება შეეძლო და პირდაპირ უფრო რთულ ჩემპიონატში ასპარეზობა ანდო. სადებიუტო სეზონში იტალიელმა ორი რბოლა მოიგო, საბოლოოდ კი ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა. შედეგი შთამბეჭდავი იყო, თუმცა მერსედესისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისი პროგრესი და ის პოტენციალი აღმოჩნდა, რომელსაც ახალგაზრდა მრბოლელი ყოველ გამოსვლაზე აჩვენებდა. იმავე წელს ბოლონიელმა ფორმულა 1-ის ბოლიდის მართვის პირველი შესაძლებლობაც მიიღო. იტალიის გრან-პრის თავისუფალ ვარჯიშზე მონცას ტრასაზე ლუის ჰამილტონის მანქანით გამოვიდა, თუმცა სესია ავარიით დაასრულა. ეს მისთვის რთული დასაწყისი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარ ქვეყანაში, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, მერსედესის ნდობა არ შეცვლილა. რამდენიმე დღეში გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლიდან ანტონელი ჰამილტონს ჩაანაცვლებდა და ჯორჯ რასელის თანაგუნდელი გახდებოდა.

სულ რაღაც თვრამეტი წლის ასაკში კიმი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის ძირითად მრბოლელად იქცა. მის წინაშე რთული ამოცანა იდგა: დაემტკიცებინა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დიდი ნიჭის იმედად არ ყოფილა მიღებული. მას უნდა ესწავლა უმაღლესი დონის კონკურენცია, შეგუებოდა ახალ გარემოს და გაეძლო იმ მოლოდინისთვის, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელის შემცვლელობას ბუნებრივად მოჰყვებოდა.

ფორმულა 1-ში პირველი სეზონი აპენინელისთვის ერთდროულად დიდი შესაძლებლობაც აღმოჩნდა და სერიოზული გამოცდაც. სულ რაღაც თვრამეტი წლის ასაკში სპორტის უმაღლეს საფეხურზე აღმოჩნდა, თანაც გუნდში, რომლის ისტორიაც ლუის ჰამილტონის სახელსა და მიღწევებთან იყო დაკავშირებული. მის მიმართ მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო, თუმცა ახალგაზრდა მრბოლელს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი. სწრაფი მანქანის მართვასთან ერთად, უნდა ესწავლა წნეხთან გამკლავებაც, რადგან ფორმულა 1-ში თითოეულ შეცდომას ხშირად გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე სხვა კატეგორიებში.

პირველივე რბოლაში, ავსტრალიაში, ანტონელიმ მეორე ადგილი დაიკავა და სადებიუტო სეზონის დასაწყისშივე პოდიუმზე ავიდა. მოგვიანებით მაიამის გრან-პრის სპრინტის კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო აჩვენა და ამ ფორმატში ყველაზე ახალგაზრდა პოულის მფლობელი გახდა, კანადაში კი გრან-პრის პოდიუმზე პირველად მოხვდა. თუმცა სეზონის შუა ნაწილი გაცილებით რთული აღმოჩნდა. შედეგები არასტაბილური გახდა, რამდენიმე რბოლაში ქულების მოპოვებაც ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, წლის მიწურულს კვლავ მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. "ინტერლაგოსსა" და ლას-ვეგასში ზედიზედ მეორე ადგილები დაიკავა და სადებიუტო ჩემპიონატი 150 ქულით, სამი პოდიუმითა და საერთო ჩათვლაში მეშვიდე პოზიციით დაასრულა.

ამ სეზონმა ანტონელის ერთი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა: ფორმულა 1-ში მხოლოდ სისწრაფე საკმარისი არ არის. საჭიროა სტაბილურობა, მოთმინება და უნარი, რთული რბოლის შემდეგ კონცენტრაცია სწრაფად დაიბრუნო. სწორედ ეს გამოცდილება გახდა მისი მომდევნო ნაბიჯის საფუძველი. 2026 წელს იტალიელი უკვე გაცილებით მომზადებული დაბრუნდა. პირველ სეზონში მიღებულმა გამოცდილებამ თავდაჯერება შესძინა, მერსედესის კონკურენტუნარიანმა ბოლიდმა კი საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მისცა. ჩინეთის გრან-პრი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. პირველად გამარჯვების გემო იგება, იაპონიაში იგივენაირი წარმატებით გამოვიდა და ჩემპიონატის ლიდერიც გახდა. შემდეგ გამარჯვებები მაიამისა და კანადაში იზეიმა, მონაკოში კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველი ადგილისთვის მთავარი კანდიდატი იყო. ზედიზედ მოპოვებულმა ხუთმა გამარჯვებამ მისი ამბიცია ნათლად გამოაჩინა. ის უკვე აღარ იყო ახალგაზრდა მრბოლელი, რომლისგანაც მომავალში დიდ შედეგებს ელოდნენ. კიმი თავად იბრძოდა იმ ტიტულისთვის, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.

ამ გზაზე განსაკუთრებული ადგილი მონცას რბოლამ დაიკავა. იტალიის გრან-პრის წინ ძრავის კომპონენტის შეცვლის გამო ანტონელი სასტარტო ბადეზე მეცხრამეტე პოზიციიდან უნდა დაძრულიყო. შინაური გულშემატკივრების წინაშე, თითქმის ბოლო რიგიდან დაწყებული რბოლა, საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულა. ეს მხოლოდ მორიგი წარმატება არ ყოფილა. მონცაში ბოლონიელმა აჩვენა, რომ შეეძლო რთული ვითარების შეფასება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მთელი რბოლის განმავლობაში საჭირო ტემპის შენარჩუნება. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს განსხვავება სწრაფ მრბოლელსა და ჩემპიონობისთვის მზად მყოფ სპორტსმენს შორის. სეზონის მიწურულს ტიტულის საკითხი მექსიკის გრან-პრიზე გადაწყდა. ანტონელი რბოლას მეოთხე პოზიციიდან იწყებდა და ჩემპიონობის გასანაღდებლად მეცხრე ადგილიც საკმარისი იქნებოდა. თუმცა იტალიელმა გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა. ფინიშის ხაზი მესამე პოზიციაზე გადაკვეთა და ოცი წლისა და 68 დღის ასაკში ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამით სებასტიან ფეტელის რეკორდიც გააუმჯობესა და იტალიას 1953 წლის შემდეგ პირველად მოუტანა მრბოლელთა მსოფლიო ჩემპიონობა.

მექსიკაში პოდიუმზე ასულ კიმის გვერდით მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი იდგნენ. ეს კადრი მის ისტორიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ბავშვობაში სწორედ ასეთი მრბოლელების ასპარეზობას ადევნებდა თვალს, ახლა კი მათ გვერდით თავად იდგა, უკვე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით. შვიდი წლის ასაკში პადოკში საბურავების გროვით შეპარული ბიჭი იმავე სამყაროს მთავარი გმირი გახდა. ოცნება, რომელიც ოდესღაც მამის დახმარებით მოპოვებული ერთი საათით დაიწყო, საბოლოოდ ფორმულა 1-ის მწვერვალზე დასრულდა. თუმცა ანტონელის ისტორია მხოლოდ ახალგაზრდა მრბოლელის სწრაფ აღზევებასა და მსოფლიო ჩემპიონობას არ გვიყვება. ამ გზაზე იყო მამის გამოცდილება, ოჯახის თავდაპირველი სიფრთხილე, ფინანსური სირთულეები, ადრეული გამარჯვებები, შეცდომები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც მისი კარიერა განსაზღვრა. კიმის წარმატება ერთმა წარმატებულმა სეზონმა არ გამოიწვია, მას წინ უძღოდა წლები, რომლებშიც ყოველი ახალი ნაბიჯი მომდევნო შესაძლებლობისთვის ამზადებდა. შვიდი წლის წინ მამამ საბურავების გროვაში დამალა, რათა პადოკში შესვლის საშუალება მიეცა. მაშინ ეს პატარა ბიჭისთვის მიუწვდომელი სამყაროსკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. დღეს კი ანტონელი ამ სამყაროს ისტორიაში საკუთარი სახელით შევიდა. ზოგჯერ ოცნება იმდენად შორს ჩანს, რომ მისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაც კი წარმოუდგენლად გეჩვენება. მაგრამ კიმის ისტორია გვახსენებს, რომ გზა, რომელიც ბავშვობაში ერთი საათით ნანახი სამყაროდან იწყება, შეიძლება ერთ დღეს სწორედ იმ მწვერვალამდე მიგიყვანოს, რომელიც ოდესღაც მიუწვდომელი გეგონა.

Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა