საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "სიკვდილის ჯგუფში" გრანდები "მოკლა", თავად კი ევროპირველობისთვის მზადებას იწყებს
"ქართველებსაც შეგვიძლია!" - ეს ტრანსფარანტი შარშან ამ დროს საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების მატჩისას იყო გამოფენილი და მაშინ ქართველებმა ხორვატებს სძლიეს.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი ქართულმა ფეხბურთმა არანაკლებ და შესაძლოა, უფრო ფასეულ გამარჯვებას მიაღწია - პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

ათი წლის წინანდელ წარმატებას ნამდვილად არ ვაკნინებთ, მაგრამ ვასილ მაისურაძის გუნდის მიღწევა მაინც განსაკუთრებულად მიგვაჩნია - თუკი მაშინ ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობდა, იქ ახლა მხოლოდ 8 თამაშობს. ამავდროულად, ქართული ფეხბურთის პრესტიჟისთვის იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ჯგუფიდან გავიდა ჩვენი გუნდი - ევროპის ჩემპიონატს მიღმა ესპანელები, ინგლისელები და უკრაინელები დარჩნენ. მათ მაგივრად კი სლოვენიაში ქართველები გაემგზავრებიან!

ჩვენმა 17-წლამდელებმა ქართველ გულშემატკივრებს დიდი ზეიმი აჩუქეს, ევროპას კი დაუმტკიცეს, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს და თუ სათანადო პირობები ექნება, წლების შემდეგ მხოლოდ ჭაბუკთა ასაკში წარმატებებს არ დასჯერდება.

ეს მართლაც ისტორიული შედეგია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ნაკრების წევრებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათი კარიერის მხოლოდ დასაწყისია და დიდ გამარჯვებებამდე კიდევ ძალიან დიდი შრომა აშორებთ. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ბიჭებს ამაზე ყოველთვის ელაპარაკება და თუ მათ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვასილ მაისურაძის მიერ ნახსენები უბრალოება შეინარჩუნეს და საკუთარი ვარსკვლავობა ნაადრევად არ დაიჯერეს, ფეხბურთში მართლაც ბევრს მიაღწევენ.

ეს სამომავლო პერსპექტივას რაც შეეხება. შაბათს კი ქართველი ქომაგები მონატრებული გამარჯვებით დატკბნენ. საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ეს საქმე დამაჯერებლად გააკეთა - მეტოქეს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ სწრაფი გოლის შემდეგ ქართველთა უპირატესობა გაგრძელდა და ყველა სათამაშო კომპონენტში იგრძნობოდა, რომ მასპინძლებს უკეთესი გუნდი და უკეთესი შემსრულებლები ჰყავდათ.

არადა, თუკი უკრაინელებმა საბრძოლო შემადგენლობით ითამაშეს, ქართველებს დისკვალიფიკაციის გამო სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდათ - მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველები, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და გიორგი გოროზია. ჩვენს ნაკრებს ბოლო მომენტში დაუბრუნდა ტრავმირებული კაპიტანი გიორგი აბურჯანია, რომელიც მატჩის მთლიანად სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში, როცა მათე ცინცაძე დაშავდა, გუნდს საჭირო დროს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრები ასე დაწინაურდა - ვანო წილოსანმა რამდენიმე მეურვე გააბრუა და უმეთვალყურეოდ დატოვებული ალეკო მზევაშვილი მოძებნა, რომელსაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

თამაში სწრაფ ტემპში გაგრძელდა. უკრაინელებს ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი შეტევაში წასვლას ავალდებულებდა, რაც მათ ნახევარზე სიცარიელეებს აჩენდა.

28-ე წუთზე დავით ჯიქია ოთხ უკრაინელს დაუსხლტა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, ერთ წუთში კი დმიტრო ბილონოგის დრიბლინგი ჩვენმა მეკარე ალექსანდრე ადამიამ აღკვეთა. ტაიმის მიწურულს ადამია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე - ჯერ ვიაჩესლავ ტანკოვსკის შორეული დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი მიკიტა ვეტროვს არ გაატანინა. თუმცა ვეტროვის დარტყმისას ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

საინტერესო ეპიზოდები მეორე ნახევარშიც იყო, თუმცა მათ დეტალურად გახსენებას აღარ შევუდგებით. ქართველებმა რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა ვერ დაასრულეს სახიფათო დარტყმით, ჯიქიას არაზუსტი თავური კი ნამდვილად გასახსენებელია. ქართველებმა კონტრიერიშებით მიზანს ვერ მიაღწიეს, რის გამოც ბოლო წუთებმა ძალიან დიდ ნერვიულობაში ჩაიარა - მაყურებლები წამდაუწუმ საათზე იყურებოდნენ.

ნერვიულობამ პიკს 67-ე წუთზე მიაღწია, როცა შეცვლაზე შესულმა არტურ მირანიანმა ბურთი ხარიხას გაარტყა - ფორტუნა, რომელსაც ჩვენთვის მთელი ელიტრაუნდის მსვლელობისას არ უღალატია, ამჯერადაც ჩვნთან იყო. ამის შემდეგ სტუმრები გოლთან ახლოს აღარ ყოფილან, მაგრამ საფინალო სასტვენის მოლოდინი უსაშველოდ გაიწელა. მსაჯმა ძირითად 80 წუთს 4 დაამატა და როგორც იქნა, მატჩიც დაამთავრა - ქართველმა 17-წლამდელებმა გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს. ზეიმმა სტადიონიდან ქუჩაშიც გადაინაცვლა.

ბოლოს ერთ უსიამოვნო ფაქტზეც, რამაც ქომაგები ძალიან გააღიზიანა - არ ვიცით, რატომ, მაგრამ მაყურებლებს აღმოსავლეთ ტრიბუნის ცენტრალურ სექტორებში არ უშვებდნენ. ხალხს ამის ნება მეორე ტაიმშიღა მისცეს, როცა ქომაგთა მოზღვავების გამო სხვა გზა აღარ ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრებმა "სიკვდილის ჯგუფში" გრანდები "მოკლა", თავად კი მაისში გასამართი ევროპირველობისთვის მზადებას იწყებს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ამ საქმეშიც გვჯერა. დარწმუნებულები ვართ, ამ მომენტისთვის ზეიმი უკვე დასრულებულია, ნაკრებში სამუშაო განწყობა სუფევს და მწვრთნელები და ფეხბურთელები უკვე ევროპის ჩემპიონატზე არიან კონცენტრირებულნი.

მათგან იქ კონკრეტულს არაფერს ვითხოვთ, მაგრამ რაც მთავარია, ამ გუნდის გვჯერა!

31.03. თბილისი. მ. მესხი. 11 000 მაყურებელი

საქართველო-უკრაინა 1:0 (იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 მზევაშვილი (6. წილოსანის პასით)

საქართველო უკრაინა

4-4-2 4-4-2

ადამია სარნავსკი

კაკაბაძე ბურდა

ნ. ჭანტურია ხარატინი

ა. გურეშიძე კაჩარაბა

სამხარაძე სობოლი

მზევაშვილი ბილონოგი

ცინცაძე ტანკოვსკი

პაპუნაშვილი პოლეხენკო

წილოსანი ლაზაროვიჩი

ახვლედიანი ვეტროვი

დ. ჯიქია ტიშჩენკო

მწვრთნელი მწვრთნელი

ვ. მაისურაძე ა. პეტრაკოვი

საქართველო

41. ახვლედიანი - დარციმელია

60. წილოსანი - მესხი

69. ცინცაძე - აბურჯანია

სათადარიგო: შერმადინი

უკრაინა

52. ტანკოვსკი - გაბელოკი

54. ტიშჩენკო - რადჩენკო

59. ვეტროვი - მირანიანი

სათადარიგოები: სტავიცკი, ტკაჩუკი, იარემჩუკი, ლუხტანოვი

გაფრთხილება: ბურდა (8), ჭანტურია (14), ხარატინი (47), დარციმელია (57), სამხარაძე (73)

არბიტრი: მ. ჰამეტერი (ავსტრია)

საბოლოო ცხრილი

1. საქართველო 3 2 1 0 3-1 7

2. ესპანეთი 3 1 2 0 7-3 5

3. ინგლისი 3 1 0 2 1-5 3

4. უკრაინა 3 0 1 2 2-4 1

კომენტარები

ვასილ მაისურაძე: ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ და ევროპისთვის მოვემზადოთ!

სანტი დენია: ჩვენთვის საწყენია, მაგრამ საქართველომ ევროფინალი დაიმსახურა!

ჯონ პიკოკი: ქართველებმა წარმატებას გუნდური სულისკვეთებითა და მწვრთნელით მაიღწიეთ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის