რომ არ ვიცოდეთ, სტატია რამდენი წლის წინაა დაბეჭდილი, შეიძლება დღევანდელი გვეგონოს

ფოტოზე: 1906 წელი. საფეხბურთო გუნდი თბილისის "სოკოლი" [ქართული სპორტის მუზეუმი]

54 წლის წინათ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, "ბურთი და მოედანი", ჟღერს ასეთი ფრაზა: "რა არის ფეხბურთი". შემდეგ განმარტება მოჰყვება: ბურთი, მოედანი, მესხი, დარტყმა, გოლი!!!!

ეს 1961 წელს იყო. 1922 წელს არ გვყავდა მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, ჩივაძე, კალაძე, არველაძე, მაგრამ ფეხბურთის განმარტება მაშინაც სწორედ ისეთი იყო, როგორიც დღეს - ვინც ერთხელ ჩაებმება, ვეღარ მოშორდებაო.

სწორედ 1922 წელს გამოცემულ სპორტულ ჟურნალში ვხვდებით საინტერესო პუბლიკაციას ფეხბურთის შესახებ. ჟურნალს "შევარდენი" ჰქვია. გამოსულია მისი მხოლოდ ერთი ნომერი. გამოცემა შეწყდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაწითლების მიზეზით. მოგეხსენებათ, "საქართველოს შევარდენთა კავშირის" წევრებზე დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ნადირობა გამოცხადდა. ამ ორგანიზაციის სამკერდე ნიშნებს მაშინ საიდუმლოდ ინახავდნენ, ზოგი სულაც წყალში ყრიდა, რომ არ აღმოეჩინათ.

სამკერდე ნიშნისა და ჟურნალ "შევარდენის" შესახებ საქართველოს სპორტის მუზეუმის მემატიანე ლილი ლომსაძემ ბევრი საინტერესო ამბავი მომითხრო, მაგრამ დღეს მათი გადმოცემა ძალიან შორს წაგვიყვანს, შემდეგისთვის შევინახოთ.

აქ კი, ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ საინტერესო პუბლიკაციას გავეცნოთ, რომლის სათაურია "ფეხბურთი ტფილისში". სტილი დაცულია:

"ვინც ერთხელ ჩაებმება ფეხბურთის თამაშობაში, ის ძნელად სტოვებს მას. იმდენად მიმზიდველია იგი როგორც თავის შეჯიბრებითი ხასიათით, აგრეთვე იმ სიამოვნებით, რომელსაც გრძნობს ადამიანი კუნთების გაშლა-გამოშლის და სისხლის აჩქარებული მოძრაობით მთელს სხეულში.

დასავლეთ ევროპაში ყველას იტაცებს ეს თამაშობა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანშესული - ყველა თამაშობს ფეხბურთს. ჩვენში კი ეკონომიკური კრიზისების გამო ვერავინ შოულობს თავისუფალ დროს ფეხბურთისთვის და ეს გასართობიც, განსაკუთრებით მოზარდებისა, ვერ აღწევს თავისთვის დიდს გასაქანს - ყველანი თავის ფიზიკური არსებობისთვის მატერიალურ პირობათა გაუმჯობესებაში არიან გართულნი.

სწორედ ამიტომ, პროვინციაში, სადაც ცხოვრების პირობები უკეთესია, უფრო მაგარ ნიადაგზე სდგას ფეხბურთი, ვიდრე ტფილისში. აქ ვერ შესდგა ორი ისეთი გუნდი, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდა და ამით თამაშობის ხარისხი გაეუმჯობესებინა. მთელი შემოდგომა და ზამთარიც თითქმის გასულია, მარტო სამი შეჯიბრება ჰქონდა ტფილისის შევარდენის ფეხბურთის გუნდს, სამივე რუსეთიდან ჩამოსულ გუნდებთან.

პირველად გვეწვივნენ კავკავის ფეხბურთელები სრულიად მოულოდნელად, მაგრამ გუნდი მაინც ერთ დღეში შეგროვილ იქმნა და შეჯიბრებაც გაიმართა "I შევარდენის" მინდორზე. ვერც ერთ გუნდმა ვერ გაიმარჯვა და გათავდა შედეგით 1:1-ზე.

მეორე გუნდი კისლოვოდსკიდან გვესტუმრა, აქ კი იღბალმა გვიღალატა: თვით შეჯიბრების დღეს გუნდის უფროსს მოუკვდა მამა და ორი მოთამაშე კი, ავად გახდა. მაგრამ ფეხბურთელთა კანონებით შეჯიბრების გადადება არავითარ მიზეზით არ შეიძლება და შეჯიბრებაც შესდგა სუსტ მოთამაშეთა დამატებით ჩვენს მხრივ. ამას მიემეტა მეტად უხეში თამაშობა ჩვენს მოწინააღმდეგეთა და შედეგიც ჩვენი დამარცხება 0:3-ით.

მესამე შეჯიბრება ტფილისში დაბანაკებულ ერთ-ერთ რუსულ პოლკის გუნდთან მოგვიხდა. ცუდი ამინდების გამო დიდი ხანი არ გვქონია წურთნა. უცბად, მშვენიერი მზიანი კვირა დადგა და ჩვენც ვესტუმრეთ ყოფილ სასულიერო სემინარიაში დაბანაკებულ ჩვენს მოწინააღმდეგეს. რადგან ყველას შეტყობინება ვერ მოხერხდა, მეორე გუნდის მოთამაშენიც იღებდნენ მონაწილეობას. მაინც, მოწინააღმდეგეს, ჩვენზე მეტად ღონიერს ადვილად გავუძელით და 0:0 გავათავეთ შეჯიბრება.

აქვე აღვნიშნავ მასპინძელთა დიდს ყურადღებას ჩვენდამი. შეჯიბრების შემდეგ ორივე გუნდი ერთად იღებს ფოტოგრაფიულ სურათს, შემდეგ კი საუზმით გვიმასპინძლდებიან.

ფეხბურთი ზამთარში იშვიათია, მაგრამ საქართველოში თბილ ჰავის გამო ხან და ხან შესაძლებელია ზამთარშიც თამაშობა, რეგულარულ წურთნათა გამართვა კი შეუძლებელია. იმედია, ზაფხული უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს, როდესაც შესაძლებელი იქნება ტფილისის ორივ გუნდს შორის შეჯიბრების გამართვა, მეტი გაწვრთნა და შემდეგ საქართველოს ყველა კუთხეში წასვლა შეჯიბრებების გამართვისთვის.

ამ შეჯიბრებას ექმნება დიდი მნიშვნელობა, რადგან ბევრს მაყურებელს გაუღვიძებს სურვილს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა თამაშობაში, რაც მეტ ახალგაზრდობას გაჯანსაღების გზაზე დააყენებს და მასთანვე უბრალო ხეტიალსაც გადააჩვევს."

გავშიფროთ ტექსტი

ამ პუბლიკაციის დაბეჭდვიდან 93 წელიწადი გავიდა, მაგრამ ბევრი რამ 1922 წლის სიტუაციას გვახსენებს. ამოვკრიბოთ რამდენიმე ფრაზა "შევარდენის" ჟურნალიდან და მოკლე კომენტარი დავურთოთ. ზოგს შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს კომენტარი - რომ არ ვიცოდეთ, რამდენი წლის წინათაა დაბეჭდილი, შეიძლება დღევანდელი გვეგონოს.

1. "ვინც ერთხელ ჩაებმება ფეხბურთის თამაშობაში, ის ძნელად სტოვებს მას".

ეს დიდი ხნის წინათ დამტკიცებული თეორემაა და ამიტომაცაა ფეხბურთს კრიკეტსა და პეტანკზე მეტი მაყურებელი რომ ჰყავს და ყველა სპორტს რომ სჯობნის მასობრიობით.

2. "დასავლეთ ევროპაში ყველას იტაცებს ეს თამაშობა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანშესული - ყველა თამაშობს ფეხბურთს. ჩვენში"...

დასავლეთ ევროპაში დღესაც ყველა თამაშობს: ახალგაზრდებს მშვენიერი პირობები აქვთ პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად, გოგონებიც აქტიურად არიან ჩართულნი. საქართველოში კი გოგონებს ფეხბურთზე არავინ მიიყვანს, ცეკვა სჯობიაო; ცხენივით ხომ არ ირბენს, უკეთესია, ფორტეპიანოს მიუჯდეს, ან გიტარაზე დაკვრა ისწავლოს, ძმაკაცები მომივლენ, დავაკვრევინებ, გავერთობითო...

ასეთმა ფსიქოლოგიამ იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს იტალიასთან 1:6-ს ვაგებთ, ჩრდილოირლანდიასთან 0:3-ს, ჩეხეთთანაც 0:3-ს... მეტსაც გეტყვით, ქალთა ნაკრებს არსებობის ისტორიაში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, 31 გოლი აქვს გატანილი და 124(!) გაშვებული.

დასავლეთში ესმით მოძრაობის ფასი და ასაკში შესვლასთან ერთად სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც ინტენსიურად თამაშობენ ფეხბურთს. საქართველოში? აქ ასაკთან ერთად ღიპის ზომაც მატულობს.

3. "ჩვენში კი ეკონომიკური კრიზისების გამო"...

ეს ის ფრაზაა, კომენტარი რომ არ სჭირდება.

4. "ვერავინ შოულობს თავისუფალ დროს ფეხბურთისთვის და ეს გასართობიც, განსაკუთრებით მოზარდებისა, ვერ აღწევს თავისთვის დიდს გასაქანს - ყველანი თავის ფიზიკური არსებობისთვის მატერიალურ პირობათა გაუმჯობესებაში არიან გართულნი."

თურმე, 1922 წელსაც ჭირდა პურის ფული... ყველაზე ცუდი იცით რა არის? - დღეს "ფიზიკური არსებობისთვის მატერიალურ პირობათა გაუმჯობესებაში არიან გართულნი" თვით საფეხბურთო სკოლები, თავისი მწვრთნელებითურთ: ბავშვს თუ ფულს არ გადაახდევინებენ, როგორ იარსებონ?

მერე რა, თუ ერთი ან ორი ნიჭიერი მოზარდის მშობელი "ფიზიკური არსებობისთვის" იბრძვის და არა აქვს შვილის ფეხბურთზე ტარების შესაძლებლობა?!

მერე რა, თუ ორი ბავშვი საფეხბურთო მოედნის ნაცვლად ქუჩაში იხეტიალებს? სწორედ უსაქმურობის პრევენციად მოიაზრებდა "შევარდენი" ფეხბურთს: "მეტ ახალგაზრდობას გაჯანსაღების გზაზე დააყენებს და მასთანვე უბრალო ხეტიალსაც გადააჩვევს."

5. "აქ კი იღბალმა გვიღალატა: თვით შეჯიბრების დღეს გუნდის უფროსს მოუკვდა მამა და ორი მოთამაშე კი, ავად გახდა."

მიზეზები არც ახლა გველევა - ქარი ჩვენი გუნდების საპირისპიროდ ქრის და ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ მიმართულებას ისე იცვლის, რომ მეორე ტაიმში ისევ ჩვენ გვიბერავს; გადამწყვეტი მატჩების წინ მაინცდამაინც ლიდერები იღებენ ტრავმებს; მსაჯები რომ ყოველთვის დამნაშავეები არიან, ეს აქსიომაა; მეტოქე რომ უხეშობს, არბიტრმა ხომ უნდა დაინახოს და დროულად აღკვეთოს დანაშაული?! ჩვენც ვიუხეშოთ? - არ გამოვა, ფიზიკურად სხვებზე სუსტები ვართ და შედეგს არ მოიტანს...

"ამას მიემეტა მეტად უხეში თამაშობა ჩვენს მოწინააღმდეგეთა და შედეგიც ჩვენი დამარცხება 0:3-ით".

"მაინც, მოწინააღმდეგეს, ჩვენზე მეტად ღონიერს ადვილად გავუძელით".

6. "აქ ვერ შესდგა ორი ისეთი გუნდი, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდა და ამით თამაშობის ხარისხი გაეუმჯობესებინა."

ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით ხომ არ გავიგებთ? თუ 1922-ში ორი გუნდი ვერ შეიკრიბა, ამჟამად უმაღლეს ლიგაში სამი თბილისური გუნდია! თუმცა საკითხავია: "ერთმანეთთან შეჯიბრებაში აუმჯობესებენ თამაშობის ხარისხს"?

ამ შეკითხვაზე პასუხს ყოველ ზაფხულს ვღებულობთ: გავდივართ ევროტურნირებზე, ვეჯიბრებით უცხო ქვეყნის გუნდებს და... სექტემბერს ვინ ჩივის, აგვისტომდე იშვიათად ვაღწევთ - შეჯიბრებებს საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვეთიშებით. ვაგებთ აზერბაიჯანელებთან, ყაზახებთან, ალბანელებთან და ვხვდებით, რომ მათთან შედარებით კლუბებიც სუსტი გვყავს და ჩემპიონატიც.

7. ...დამაინც ჯიუტად ველით ზაფხულს, იმ იმედით, რომ წინა წელზე უკეთესად ვითამაშებთ.

"იმედია, ზაფხული უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
ქალთა ფეხბურთზე ვერ დაგეთანხმებით, მოცეკვავე აშხვართული გოგონა ჯობია თუ ფეხებდაკუნთული და გვაჯი? ქალი ქალი უნდა იყოს და არა ფეხბურთელი, შტანგისტი , მოკრივე და ძიუდოისტი, ესე რომ მიხედეთ დაქცეულ კაცთა ფეხბურთს და ქალების დამახინჯებაში სახელმწიფოს მიერ ჩვენი ფულის ჩადების მე პირადად სასტიკი წინააღმდეგი ვარ
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ