წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს: საფრანგეთის ნაკრებს გაგაცნობთ კახა კაჭარავა

AutoSharing Option
"ლელო" აგრძელებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გრანდების წარდგენას. დღეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ჯერია. რა გასაკვირია, რომ მშობლიურ ქვეყანაში დიდიე დეშამის გაწვრთნილ "მამლებს" ჩემპიონობის ამბიცია აქვთ.

შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდი, მშობლიური ატმოსფერო და უამრავი ქომაგი - მეტი რაღა უნდა ინატროს ტიტულზე დაგეშილმა გუნდმა? საფრანგეთის ნაკრებს წარმოგვიდგენს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახა კაჭარავა, ვინც წარმატებული მწვრთნელია. წლების განმავლობაში მოძღვრავდა თბილისის "დინამოს", ახლა კი "ცხინვალს" უდგას სათავეში.

მოლოდინი
საფრანგეთის ნაკრები შინ თამაშობს და ეს სხვა გუნდებთან შედარებით დიდი უპირატესობაა. საფრანგეთში აქვთ დიდი ტურნირების წარმატებით მასპინძლობის გამოცდილება. ქომაგი
ფრანგების მეთორმეტე მოთამაშე იქნება.

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიმაჩნია. თუ გადავხედავთ შემადგენლობას, ვნახავთ, რომ ერთ ადგილზე მეტი თუ არა, ორი სრულფასოვანი ფეხბურთელია. ეს ნებისმიერ გუნდისათვის დიდი პლუსია.

მერე გამარჯვებულის მენტალიტეტი - საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებისათვის უცხო არც პირადი და არც ინდივიდუალური ტიტულები არ არის. ამ თაობას აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანას მოუტანოს ის წარმატებები, რაც დიდი ზინედინ ზიდანის თაობამ მოუტანა.

აქვე ერთ პრობლემაზეც უნდა ვთქვათ. საფრანგეთის ნაკრები თითქმის მთლიანად გრანდების წარმომადგენელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ისინი სეზონის განმავლობაშო 80-90 მატჩს ატარებენ. ხომ არ იქნებიან ისინი გადაღლილნი ევროპის პირველობაზე? ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ლიდერი
მართალია, საფრანგეთის ნაკრებში არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, თუნდაც ანტუან გრიზმანი, მაგრამ მე ამ გუნდში გამოკვეთილ ლიდერს ვერ ვხედავ, თუმცა ნამდვილად არ მინდა, ჩემი სიტყვები საფრანგეთის ნაკრების სისუსტედ იქნას აღქმული.

პირიქით - ეს არის იმდენად შეკრული გუნდი, იმდენად გამართული მექანიზმი, რომ მე რომელიმე გამორჩეულ ფეხბურთელზე საუბარი გამიჭირდება. საფრანგეთმა იცის გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ფასი. დღეს გუნდში აღარ არიან ტიგანას, ჟირესის და ზიდანის დონის ინდივიდუალისტები. ეს თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციაა.

სუსტი რგოლი
ძალიან მაფიქრებს ის გარემოება, რომ საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ქარიმ ბენზემა ვერ ითამაშებს. ყველამ ვიცით, რატომ დააკლდება ქარიმი ევროპის ჩემპიონატს. ბენზემას საკითხს ქვემოთ, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დახასიათებისას კიდევ შევეხებით.

ბენზემას არყოფნაში ნაკრების გამოკვეთილ ფორვარდად, ალბათ, ოლივიე ჟირუ დადგება. მას ჰქონდა კარგი მატჩები "არსენალში", მაგრამ ბენზემა უფრო დიდი მასშტაბის ფეხბურთელად მიმაჩნია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ქარიმმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის ერთმნიშვნელოვნად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

"რეალში" რამდენიმე მწვრთნელი შეიცვალა, ქარიმის მიმართ კი ნდობა ურყევია. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ბენზემამ ბრძოლა მოუგო არგენტინელ გონსალო იგუაინს, რაც არ არის პატარა ამბავი.

შესაძლო დანაკლისი
უკვე ცნობილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქარიმ ბენზემა არ იქნება. აქ უკვე სიტყვა "შესაძლო" ზედმეტია და ეს უდიდესი დანაკლისი იქნება.

მთავარი პრობლემა
საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უნდა შეძლოს და ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელები ისე გაიყვანოს, რომ მათ ვეღარ იგრძნონ გავლილი სეზონის სიმძიმე. რა თქმა უნდა, არის მეორე პრობლემაც: საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი და ფავორიტი, იქნება დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.

ჩემი აზრით, საფრანგეთის ნაკრები იმხელა დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომ ისინი ამ პრობლემას მოერევიან.

მწვრთნელი
უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდიე დეშამის სამწვრთნელო ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ახლო წარსულში ამ შესანიშნავმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ თავისი ორიგინალური ხედვა აქვს. ყველა მისი გაწვრთნილი გუნდი საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა და ასეა საფრანგეთის ნაკრებიც.

საერთოდ, მე დეშამი რისკის კაცი მგონია და ფეხბურთს ეს რისკი ძალიან უხდება. რაც შეეხება ბენზემასთან დაკავშირებულ სკანდალს, მეც, როგორც მწვრთნელი, ასე მოვიქცეოდი. ეს არის ეროვნული ნაკრები და ყველა უნდა იდგეს ყოველგვარ ეჭვზე მაღლა.

სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ დიდ ვარსკვლავებს გამოუტოვებიათ დიდი ტურნირები. იმავე საფრანგეთის მაგალითზე გვახსოვს შინ დატოვებული ვარსკვლავები. თუნდაც - კანტონა და ჟინოლა.

დეშამი დიდი ხანია, საფრანგეთის ნაკრებშია. მან უკვე ბოლომდე იცის თავისი გუნდის ყველა მინუსი და პლუსი.

ჯგუფი
ერთი შეხედვით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იოლ ჯგუფშია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დღევანდელ ფეხბურთში იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს. გასაგებია, რომ შვეიცარიის, რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებები გრანდები არ არიან, მაგრამ დიდ ტურნირებზე აუტსაიდერი ხშირად ამწარებს ხოლმე ფავორიტს.

იოლი წარმოსადგენია, რამხელა მოტივაციით ითამაშებენ ეს გუნდები საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. თანაც, საფრანგეთთან რომ წააგონ, მათ არავინ არაფერს ეტყვის. აი, საფრანგეთს რომ ფეხი დაუცდეს აუტსაიდერთან, ეს უკვე ძალიან უსიამოვნო იქნება ტურნირის მასპინძლებისათვის.

იოლი სავარაუდოა, რომ ყველა მოწინააღმდეგე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ "უკნიდან" ითამაშებს. ცხადია, რომ "გაიხსნან", კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებათ.

ორი აზრი არ არსებობს: საფრანგეთის ნაკრები ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეს და, ჩემი აზრით, გავა კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საფრანგეთის ნაკრები ფავორიტი ნამდვილად არის მაგრამ... გუშინდელი მატჩით თუ ვიმსჯელებთ,დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურება და საერთოდ კამერუნის ნაკრებმა ძალიან ბევრი პრობლემები შეუქმნა... რაც შეეხება იმას რომ"ბენზემამ თავდამსხმელის პოზიციაზე ბრძოლა მოუგო იგუანს" ვერ დავეთანხმები კაჭარავას!ორივეს თითქმის თანაბარი დრო ეძლეოდათ მაგრამ იგუანს უფრო მეტი,ამასთან იგუანის წასვლის მერე ბენზემას ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყოლია რეალში !და კიდევ ბენზემა რომ წასულიყო ნაპოლიში არა მგონია იგივე შედეგი ჰქონოდა რაც იგუანს... რეალში ვინც არ უნდა იყოს ცენტრ ფორვარდი გოლს ყველა გაიტანს!!!
zaza
15:05 31-05-2016
0
საფრანგეთს ცენტრში აუცილებლად ექნება პრობლემები იმიტომ, რომ ერთდროულად ვარანი, სახო და მატიე აკლია და არა მგონია დაცვაში ასეთი სერიოზული პრობლემებით ტიტულისთვის იბრძოლონრაიმე. მეოთხედფინალი, ჰა-ჰა ნახევარფინალი მგონია გალთა მაქსიმუმი
შაკო
16:11 31-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული