კიმ ჩელსტრიომი (შვედეთი)
"მინდა განვაცხადო, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩემი ბოლო სანაკრებო ტურნირია. მადლობა ყველა ჩემს პარტნიორს და ქომაგებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგნენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო შვედეთის სახელით მინდორზე გატარებული ყოველი წამი", - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა. ჩელსტრიომმა შვედეთის უპირველეს გუნდში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 2001 წელს ჩაატარა და მას შემდეგ ნაკრებს ერთგულად ემსახურება.
ლუკას პოდოლსკი (გერმანია)
"გადაწყვეტილება მივიღე
პოდოლსკის გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მან ბუნდესმანშაფტის შემადგენლობაში 127 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პოდოლსკის მხოლოდ ლოთარ მათეუსი და მიროსლავ კლოზე უსწრებენ, გოლებით კი - იგივე კლოზე და გერდ მიულერი.
ანდრეა ბარძალი (იტალია)
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა და ევროპის 2012 წლის პირველობის ფინალისტმა განაცხადა, რომ კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ მის სანაკრებო კარიერას წერტილი დაესმება.
"გადავწყვიტე, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერას მოვრჩე. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ წავართვა შანსი", - თქვა ბარძალიმ.
ის იტალიის ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს. ანდრეამ "სკუადრა აძურას" მაისურით 55 მატჩი ჩაატარა.
დარიო სრნა (ხორვატია)
34 წლის ფეხბურთელის გარეშე ხორვატიის ნაკრების წარმოდგენა ძალიან რთულია. ყველაფერი მთავრდება და სრნას სანაკრებო კარიერაც დასასრულს მიუახლოვდა. "გადავწყვიტე, წერტილი დავსვა. ევროპის ჩემპიონატი მორჩება თუ არა, ეროვნულ გუნდს გამოვემშვიდობები, ამის დრო მოვიდა. ერთი კია - დიდი იმედი მაქვს, რომ ხორვატიასთან ერთად ევროფორუმზე განსაკუთრებულ შედეგს მივაღწევ. ამის შემდეგ კი მთლიანად "შახტარზე" გადავერთვები", - აღნიშნა სრნამ.
სრნას დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2002 წელს შედგა. 129 შეხვედრაში მან 21 გოლი გაიტანა. ამდენი ხორვატიის ნაკრებში არავის უთამაშია. გოლებით დარიო მხოლოდ დავორ შუკერს და ედუარდო და სილვას ჩამორჩება.
ეიდურ გუდიონსენი (ისლანდია)
ყველა დროის ყველაზე ცნობილმა ისლანდიელმა ფეხბურთელმა 2013 წელს სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე გამოაცხადა, მაგრამ გადაიფიქრა და არც არაფერი წაუგია - ისლანდია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ნორვეგიული "მიოლდეს" შემტევი ამბობს:
"ეს უკვე ოცნების ასრულებაა და ვალმოხდილი მივდივარ. ჩემი ქვეყნისათვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო". ეიდურმა მშობლიური ისლანდიის ღირსება პირველად ზუსტად 20 წლის წინათ დაიცვა. მან ნაკრებში 84 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
წასვლაზე ფიქრობენ
რამდენიმე ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერის შეწყვეტაზე ფიქრობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ასეთი განცხადება გააკეთა ჩეხეთის ნაკრების 34 წლის მეკარემ, პეტრ ჩეხმა (119 მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში).უკრაინის ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრდა 37 წლის ანატოლი ტიმოშჩუკი (142 მატჩი, 2 გოლი). შესაძლოა, ინგლისის ნაკრები დატოვოს ჯეიმს მილნერმა (59 მატჩი, 1 გოლი). ირლანდიის ნაკრების ლეგენდა, რობი კინიც წასვლის ზღვარზეა. 35 წლის ფეხბურთელმა "სამყურების" შემადგენლობაში 143 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი შეაგდო.
არავინ იცის, დარჩება თუ არა შვედეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. "იბრამ" შვედეთის ნაკრებში 112 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.
"ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. მე ჯანზე ვარ, მაგრამ მომწონს, როცა პოულობ ძალას და ფორმის პიკზე მიდიხარ. ასე წასვლა დიდებული იქნებოდა. ჯერ უნდა მოვიცადოთ. ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ", - თქვა ზლატანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"