წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს. ინგლისის ნაკრებს გაგაცნობთ არჩილ არველაძე

AutoSharing Option
ვაგრძელებთ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გრანდების წარდგენას. დღეს ინგლისის ნაკრების ჯერია. როი ჰოჯსონის გუნდი ერთ ჯგუფშია რუსეთთან, სლოვაკეთთან და უელსთან ერთად.

ინგლისის ნაკრებზე გვესაუბრება ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, არჩილ არველაძე.

მოლოდინი
ვიცი, საქართველოში ინგლისის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი ბევრს ელიან საყვარელი გუნდისაგან. მე კი ჩემს აზრს ვიტყვი - რაღა დაგიმალოთ და, ინგლისის ნაკრებისგან კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოლოდინი არ მაქვს.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე გამონათება ინგლისის ნაკრებისა, მაგრამ არ მგონია, ეს საკმარისი იყოს ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი ამოცანების
გადასაჭრელად. ჩემი აზრით, ინგლისის ამ ნაკრების მაქსიმუმი საფრანგეთში მეოთხედფინალი იქნება და ამის მიღწევაც გაჭირდება.

ნაკრებში პოზიტივი ისაა, რომ გამოჩნდა ბევრი ახალი ფეხბურთელი, ახალგაზრდა მოთამაშეები. შეიცვალა ეროვნული გუნდის თამაშის სტილი, რომელიც მხოლოდ ჩაწოდებებზე აღარ არის დაფუძნებული.

ლიდერი
პრემიერლიგის დასრულებულმა სეზონმა გვაჩვენა, რომ სადსღეისოდ ინგლისის ნაკრებში ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ამის მიუხედავად, მე ვთვლი, რომ მათთვის ნაკრების ლიდერობა ჯერ ადრეა.

ჩაატარო კარგი მატჩები პრემიერლიგაში, ითამაშო ერთი - ორი შეხვედრა მაღალ დონეზე ეროვნულ ნაკრებში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ამ უდიდეს ტურნირზე, გუნდის ლიდერობისათვის მზად ხარ.

ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ბოლო სეზონში უეინ რუნი არ იყო იდეალურ ფორმაში, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ ის იქნება ნაკრების ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე. მე არ ვიცი ზუსტად, როგორ ფორმაში ხვდება უეინი ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ მინდორზე მისი ყოფნა, მისი უდიდესი გამოცდილება და ხასიათი უმნიშვნელოვანესი იქნება ინგლისის ნაკრებისათვის.

სუსტი რგოლი
ინგლისის ნაკრების შემადგენლობას რომ გადახედო, ერთი შეხედვით, სუსტი რგოლის გამორჩევა გაგიჭირდება. დაცვას ჩახედავ და მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. ნახევარდარდაცვაშიც ასეა.

თავდასხმას შეხედავ და აქეთ ვარდი, იქეთ კეინი... მე ასე ვიტყოდი: ინგლისის ნაკრების მთავარი სისუსტე არის მისი გუნდური სიძლიერე. მე არ მგონია, რომ დღეს ინგლისი გუნდურად იყოს მზად უმაღლესი მიზნებისათვის საბრძოლველად.

კი, ჩვენ ყველას ძალიან მოგვწონს პრემიერლიგა, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ლიგაში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ძალიან დიდია უცხოელი ფეხბურთელების როლი. ინგლისის ჩემპიონატში ძირითადად ისინი ქმნიან ამინდს.

დანაკლისი
ინგლისს ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდება - უოლკოტი, კერიკი, დრინკვოტერი, უელბეკი... მე მაინც უოლკოტის არყოფნაზე გავამახვილებდი ყურადღებას.

მე მეგონა, რომ როი ჰოჯსონი მას ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მწვრთნელმა თავისი გუნდის ავ-კარგი თვითონ უკეთ იცის. მართებული იყო თუ არა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილება, ამას მაშინ გავეგებთ, როცა კონტინენტის პირველობა დასრულდება.

მწვრთნელი
პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ როი ჰოჯსონზე და საერთოდ, დღეს მოღვაწე ინგლისელ მწვრთნელებზე მე მაღალი აზრის არ ვარ. ინგლისელს რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ ბრიტანელ მწვრთნელებს. ასე, ბრიტანელი იყო სერ ალექს ფერგიუსონი და დღესაც არის რამდენიმე ძალიან საინტერესო ბრიტანელი მწვრთნელი.

თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ინგლისელი მწვრთნელები არ ჰყავთ არათუ პრემიერლიგის გრანდებს, არამედ იმ პრემიერლიგურ გუნდებსაც კი, რომლებიც საშუალოზე მაღალი მიზნებისათვის იბრძვიან. აქ მხოლოდ ერთი-ორი გამონაკლისის მოძიებაა შესაძლებელი.

ჯგუფი
ჯგუფი ისეთია, რომ ინგლისის ნაკრები აუცილებლად უნდა გავიდეს. ჩემი აზრით, ჯგუფში ინგლისს ყველაზე რთული დაპირისპირება უელსთან ელოდება. სხვა თუ არაფერი, ეს იქნება ბრიტანული დერბი. გარეთ ბეილი თავისთავად და, უელსს სხვა ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელიც ჰყავს.

ვფიქრობ, ამ ჯგუფში სიძლიერით ბოლო ნაკრები რუსეთია. ძლივს გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან გაუჭირდათ და დიდი შანსი იყო, რომ საერთოდ ვერ გასულიყვნენ. რაც შეეხება სლოვაკეთს, ამ გუნდში არის მაღალი კლასის რამდენიმე ფეხბურთელი.

საერთოდ, საშუალო გუნდები ფავორიტების წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობენ და ინგლისმა არც ერთ მეტოქესთან არ უნდა ჩათვალოს, რომ მინდორზე გასვლამდე აქვს გამარჯვება განაღდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული