ევრო 2016. უკრაინის ნაკრები: გერმანიისთვის მზად ვართ!

AutoSharing Option
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო მიიჩნევს, უკრაინის ნაკრები გერმანიასთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ძალიან კარგადაა მომზადებული.

"გერმანელები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ამ გამოწვევისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულები", - განაცხადა ალბანეთთან მატჩის (3:1) შემდეგ შევჩენკომ, ვინც უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ ფომენკოს ასისტენტია.

"ფეხბურთელები ძალიან კარგ ხასიათზე არიან და არც მოტივაცია და კონცენტრაცია აკლიათ. ევროპის ჩემპიონატს უდიდესი ენთუზიაზმით ვხვდებით და მჯერა, რომ ამ ტურნირზე წარმატებებს მივაღწევთ", - დასძინა შევამ. მისი თქმით, რუმინეთთან (4:3) და ალბანეთთან
ტესტ-მატჩებში უკრაინამ კარგად ითამაშა და ნაწილობრივ შესანიშნავი ფეხბურთიც აჩვენა.

“ახლა კი 12 ივნისს და გერმანიასთან ჯახს ველოდებით!" - ამბობს ანდრეი.

39 წლის შევჩენკო ფიქრობს, რომ უკრაინა ნამდვილად არ მოხვდა იოლ ჯგუფში: "უმძიმესი და ურთულესი ბრძოლები გველის. გერმანიას რომ თავი დავანებოთ, პოლონეთსაც ძალიან ძლიერი და სოლიდური გუნდი ჰყავს. ძლიერია ჩრდილოეთ ირლანდიაც!"

უკრაინელებს ახლა ცოტათი მეკარე ანდრეი პიატოვი ანერვიულებს, რომელიც ბოლო დროს არასტაბილურად გამოიყურება და რუმინეთთანაც შეცდომები დაუშვა. "არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ამის შემდეგ მეკარით კმაყოფილი იქნებოდა.

ბიჭებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შეცდომების დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - ეს ფომენკოს სიტყვებია. აქვე ვთქვათ, რომ უკრაინის ნაკრების კარს ევრო 2012-ზეც პიატოვი იცავდა და სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუშვა, მაგრამ მიუხედავად ბოლოდროინდელი არასტაბილურობისა, უდიდესი გამოცდილების გამო (64 მატჩი ნაკრებში) მას ძირითადში ადგილი მაინც გარანტირებული აქვს.

სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაში არიან ანდრიი იარმოლენკო და იევჰენ კონოპლიანკა, რაც რუმინეთთან და ალბანეთთან შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა, თუმცა აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამაში დიდი წვლილი ალბანელ მცველებსაც მიუძღვით - განსაკუთრებით კი, მერგიმ მავრაის.

თუკი ოთხი წლის წინათ უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლობის გამო მოხვდა (მაშინ შევჩენკო ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო), ახლა პირველი შემთხვევაა, როცა საგზური ბრძოლით მოიპოვა.

ოთხი წლის წინ უკრაინელები ჯგუფში ჩარჩნენ და საერთოდაც, დიდ ტურნირზე მათი საუკეთესო მიღწევა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლაა, სადაც მომავალ ჩემპიონებთან, იტალიელებთან 0:3 დამარცხდნენ.

აქვე ვთქვათ, რომ უკრაინას გერმანიის ნაკრები არასდროს დაუმარცხებია. ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ - ორი მატჩი გერმანიამ მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული