ლუკა მოდრიჩი: ევროპის გაკვირვება შეგვიძლია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სერიზული ძალა რომ იქნება, ამას ბევრი განსჯა არ სჭირდება. ბალკანელებს ერთობ გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რომელშიც არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს.

მათ შორის გამორჩეულია "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, რომელიც გუშინ ხორვატიის სერზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საინტერესოა, რას ფიქრობს ის კონტინენტის პირველობაზე თავისი გუნდის შანსებზე.

- შესანიშნავი სეზონი გქონდათ. მოასწარით დასვენება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე?
- რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემში დასრულებული სეზონის ემოციები. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ეს მართლაც დიდებული იყო. მართალია, თითქმის არ მქონია
შესვენება, მაგრამ თავს ძალიან ენერგიულად ვგრძნობ. მზად ვარ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ევროპის ჩემპიონატისათვის.

- რას იტყვით ხორვატიის ნაკრების ჯგუფზე?
- დიდებული იქნება შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან. იქ ხომ ჩემი მეგობრები თამაშობენ "რეალიდან". ძლიერი გუნდები არიან თურქეთი და ჩეხეთი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიდეთ ჯგუფიდან. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს.

- რა არის ხორვატიის ნაკრების მთავარი კოზირი?
- ფეხბურთელების კლასი და გამოცდილება. მეორე მომენტიც არის - ჩვენი თაობა უკვე დიდი ხანია, ერთად მოდის და უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ქვეყანას დიდი სიხარული მოვუტანოთ. ჩვენეს შეგვიძლია. გპირდებით, ხორვატიის ნაკრები ბევრს გააკვირვებს.

- ცნობილია, რომ თქვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ ივან რაკიტიჩთან. ხშირად საუბრობთ საკლუბო თემებზე?
- ის "ბარსელონას" პატრიოტად რჩება, მე - "რეალის". ეს არამც და არამც არ უშლის ხელს ჩვენს მეგობრობას.

- რაში უნდა მოუმატოს ხორვატიამ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი მიზნები დაისახოს?
- ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ დიდ ტურნირებზე წარმატებითთამაში შეგვიძლია. ფსიქოლოგიურ მომენტს თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ხორვატიის ნაკრების ძალიან ბევრ ფეხბურთელს მომქანცველი სეზონი ჰქონდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დაღს დაასვამს გუნდის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე?
- ჩვენი ფეხბურთელები ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობენ და ამაში გასაკვირი არაფერია. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე იქნებიან სხვა გუნდების ფეხბურთელებიც. ნებისმიერ დიდ ტურნირზე საკუთარ თავს უნდა აჯობო, თუ წარმატების მიღწევა გსურს.

- როგორ გგონიათ, ხორვატიის ნაკრებისათვის ჯგუფში მეორე ადგილი დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება?
- რა თქმა უნდა რთულია, როცა ჯგუფში გყავს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები, მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩვენ პირველი ადგილისათვის უნდა ვიბრძოლოთ. მე მხოლოდ ამ მიზნით გავალ მინდორზე და მჯერა, ასევე იქნებიან ჩემი პარტნიორებიც.

- რას იტყვით ხორვატიის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებზე?
- მე მათ ძალიან დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. მაგალითად, პიაცა ავიღოთ. მიმაჩნია, რომ ეს ბიჭი უდიდესი ტალანტის პატრონია. იმავე კოვაჩიჩს უკვე ყველა კარგად იცნობს. ის ჩემს გვერდით თამაშობს "რეალში" და ძალიან კარგად ვხედავ, თუ როგორ პრპგრესირებს.

- დარიო სრნამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრებიდან მიდის...
- მან ძალიან ბევრი გააკეთა ეროვნული გუნდისათვის. ადრე თუ გვიან ყველა ფეხბურთელის კარერაში დგება ეს არასასიამოვნო მომენტი. ჩვენ ყველა ბოლომდე ვეცდებით ჩვენი მეგობრისათვის. წლების განმავლობაში ის ნაკრებისათვის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა დარიო სრნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული