"ფრანგები კითხულობენ: თუ ესპანეთს მოუგეთ, ევროზე როგორ ვერ მოხვდით?"

AutoSharing Option
თენგიზ პაჭკორია პარიზიდან, სპეციალურად "ლელოსთვის".

10 ივნისს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. გახსნის ცერემონიალი და
პირველი მატჩი საფრანგეთი-რუმინეთი ჩატარდება პარიზში, "სტად დე ფრანსზე".

პარიზში 7 ივნისს ჩამოვფრინდი და, სიმართლე გითხრათ, საფრანგეთის დედაქალაქში ჯერჯერობით, მაინცდამაინც არ იგრძნობა, რომ პარასკევს აქ იწყება ევრო-2016.

მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო შეწუხებულია უსაფრთხოების საკითხებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრითა და სატრანსპორტო და ადგილობრივი სამოქალაქო ავიატორების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვებით, რომლებმაც დიდი პრობლემები შეუქმნა პარიზელებს, ასევე, სხვა ქალაქების მოსახლეობას და საფრანგეთის მრავალრიცხოვან სტუმრებს.

8 ივნისს "სტად დე ფრანსზე"
გამართულ პრესკონფერენციაზე ევრო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ ლამბერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო გაფიცვებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ევრო 2016-ს.

მან განაცხადა, რომ ზოგიერთი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. "ეს შეიძლება მოხდეს არა მარტო უსაფრთხოების პრობლემების გამო, არამედ ცუდი ამინდის ან სხვა პრობლემის გამო" - თქვა ლამბერმა.

ამავე პრესკონფერენციაზე უეფა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კალლენმა გვაცნობა, რომ 8 ივნისის მდგომარეობით, გაყიდულია ევრო-2016-ის მატჩების ბილეთების 99 პროცენტი. მისი სიტყვებით, გასაყიდად დარჩენილია მხოლოდ 8 ათასი ბილეთი.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პარიზში და განსაკუთრებით, "სტად დე ფრანსთან" ახლოს, ყველგან გაძლიერებული დაცვაა.

ეს იგრძნობოდა ევრო-2016-ის მედიაცენტრთან. სანამ შევაღწიე მედიაცენტრში აკრედიტაციის ასაღებად, რამდენიმეჯერ გულდასმით გამსინჯეს. ასეთი მრავალეტაპიანი შემოწმება არ ყოფილა არც ევრო 2012-ზე უკრაინაში (კიევსა და დონეცკში), არც ევრობასკეტ 2015-ზე ზაგრებსა და საფრანგეთის ქალაქ ლილში, საიდანაც ქართული და უცხოური მედიისთვის ვაშუქებდი აღნიშნული ჩემპიონატების მატჩებს.

პარიზში ევრო 2016-ის პრესცენტრის თანამშრომლები, ფრანგი პოლიციელები და კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან, ხედავენ რა ჩემს ტანსაცმელზე საქართველოს ატრიბუტიკას, მოდიან და მილოცავენ - 7 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას მადრიდში ესპანეთთან.

მეკითხებიან - თუ ესპანეთს, ევროპის ჩემპიონს მოუგეთ მადრიდში, როგორ ვერ მოხვდით ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზეო?

მე ვუხსნი იმ პრობლემებს, რაც იყო და არის ქართულ ფეხბურთში. ვახსენებ, რომ თავის დროზე, დაგვიმარცხებია ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, ფრე გვითამაშია საფრანგეთთან, იტალიასთან...

და ნახევრად ხუმრობით ვეუბნები, რომ საქართველოს ნაკრები ემზადება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, რომელიც ჩატარდება რუსეთში. მეკითხებიან - თუ საქართველო გავა 2018 წლის ჩემპიონატზე, თქვენს ნაკრებს არ გაუჭირდება რუსეთში თამაშიო?

"ოღონდ გავიდეს საქართველო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დანარჩენ საკითხებს, მათ შორის, გულშემატკივრობის თემას, მოევლება რუსეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის მხარდაჭერით" - ვპასუხობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
სომხეთმა როდის მოუგო პორტუგალიას?
რაღაცა არ მახსენდება
domenti
17:54 09-06-2016
0
"ვახსენებ, რომ თავის დროზე, დაგვიმარცხებია ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია..." , რუსეთი დაგავიწყდათ ბატონო თენგიზ, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებებზე ნაკლებია რამით(თუმცა მთელი არსებით მძულს), და ამიტომ მიკვირს ოდენ მნიშვნევანი გამარჯვება რომ არ ახსოვს ჟურნალისტს,რომელსაც ევროპის ჩემპიონატი აქვს გასაშუქებელი საფრანგეთიდან:)))
murtalo
23:23 09-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული