ევრო 2016. C ჯგუფი. გერმანია-უკრაინა: კაპიტან შვაინის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
* გერმანიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ერთზე მეტბურთიანი სხვაობით მოიგო ევრო 2016-ზე.
* ოლივერ ბირჰოფის შემდეგ (1996) ევროპის ჩემპიონატებზე გერმანელ ფეხბურთელს გოლი არ ჰქონდა გატანილი შეცვლაზე შესვლის მერე. ახლა ეს შვაინშტაიგერმა მოახერხა.
* თამაშიდან შვაინშტაიგერს ნაკრების მაისურით 2009 წლის მერე არ ჰქონდა გატანილი (4 პენალტი), 2011 წლის მერე მას საერთოდ არ გაუტანია ნაკრებში.

მაშ ასე: გერმანიის ნაკრები პირველი გუნდია ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელმაც ერთბურთიანზე უკეთესი სხვაობით მოიგო - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა უკრაინის ნაკრები დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების
თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდს ევროპის ჩემპიონატის მე-12 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რაც ახალი რეკორდია - აქამდე იოგი ამ რეკორდს ბერტი ფოგთსთან ერთად იზიარებდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ლიოვის ხელში გერმანიას ევროპის პირველობაზე ფრე არასდროს უთამაშია (9 მოგება, 3 მარცხი).

სასტარტო შემადგენლობები და ტაქტიკა
ევრო 2016-მდე გამართული უკანასკნელი ტესტ-მატჩისგან (2:0 უნგრეთთან) განსხვავებით, ლიოვმა თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ ერთ პოზიციაზე შეცვალა: ტრავმირებული მატს ჰუმელსის ნაცვლად, სასტარტოში შკოდრან მუსტაფი ვიხილეთ. უკრაინელებს კი ბოლო ამხანაგური მატჩი ალბანელებთან ჰქონდათ (3:1) და მათმა მწვრთნელმა ფომენკომაც მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა: გრამაშის ნაცვლად თამაში ნიჭიერმა კოვალენკომ დაიწყო.

გოლები
1:0 - მუსტაფი (19): ტონი კროოსმა ჯარიმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ჩააწოდა, სადაც მუსტაფიმ სიდორჩუკს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და ბურთი თავით პიატოვის კარში გადაგზავნა.

2:0 - შვაინშტაიგერი (92): გერმანიის ნაკრების კაპიტანი მოედანზე ახალი შესული იყო, როცა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გახლდათ გერმანელთა ეფექტიანი კონტრიერიში, რომელიც იოზილმა სწორედ შვაინშტაიგერისთვის გაკეთებული დროული და უზუსტესი პასით გააგრძელა, შვაინიმ კი ბურთი კარში შეაგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ინტენსიური და საინტერესო მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა, უკრაინამ ბევრჯერ გვიკბინა, მეორე ნახევარში კი თამაში დავალაგეთ. ვდომინირებდით, მაგრამ უკრაინის ნაკრების დაცვის გარღვევა ადვილი არ არის. კარგია, რომ ეს ორჯერ მაინც შევძელით - მე ამითიც ძალიან კმაყოფილი ვარ".

მიხაილო ფომენკო (უკრაინა): "ვიბრძოლეთ, წავაგეთ და ახლა ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. მჯერა, რომ ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზად ვიქნებით. გერმანია მანქანაა, რომლის შესაჩერებლად მხოლოდ მაქსიმალური მომზადება არ არის საკმარისი. ჩვენ უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

მატჩის გმირი
რომ არა მანუელ ნოიერი, უკრაინელები აუცილებლად გაათანაბრებდნენ ანგარიშს და ვინ იცის, გერმანიას ეს თამაში იქნებ ვეღარც მოეგო. მანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა. ნოიერმა ძლიერი რეფლექსებით არაერთხელ იხსნა გერმანელთა კარი და სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაშინაც კი, როცა მის წინ მცველები აჭრილები ჩანდნენ.

მსაჯი
ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა საკმაოდ კარგად იმსაჯა. აბსოლუტურად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება, როცა კარგად დაინახა, რომ ბოატენგმა ბურთი დროულად გამოიტანა კარიდან და სწორი იყო ისიც, რომ კონოპლიანკაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ანალიზი
რაკი ჰუმელსი დაუშავდა და არც რიუდიგერი ჰყავდა, გერმანიაში ლიოვის მხრიდან ტაქტიკის შეცვლას და 3 მცველით თამაშს ელოდებოდნენ, მაგრამ იოგიმ მაინც ნაცადი 4-2-3-1 არჩია და დაცვის ცენტრში ბოატენგს მუსტაფი შეუწყვილა. შესაბამისად, მარჯვენა მცველად ჰიოვედესი ვიხილეთ. ზოგადად, თამაში ორივე გუნდმა 4-2-3-1-ით დაიწყო, თუმცა უკრაინელები გაცილებით უკნიდან თამაშობდნენ და ხსნას (პირველ წუთებში მაინც) მხოლოდ და მხოლოდ კონტრშეტევებში ეძებდნენ. როდესაც ბურთს გერმანელები ფლობდნენ, უკრაინელები, ფაქტობრივად, სრულად გადადიოდნენ თავიანთ ნახევარზე.

რაკი ლიოვმა გიოტცეს სახით ე.წ. მცდარი ცენტრფორვარდი აირჩია, გერმანიის ნაკრების წინა ხაზი უკრაინელი მცველებისთვის ერთობ არაპროგნოზირებადი გახლდათ, რადგან დრაქსლერი, იოზილი, მიულერი და გიოტცე ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს და ერთმანეთში ირეოდნენ. თუმცა ასეთი მიდგომა მხოლოდ 30 წუთს გაგრძელდა, მერე კი ოთხივე ფეხბურთელი თავთავიანთ ნომინალურ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

თავიდან უკრაინელები მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონს თანდათან გაუთამამდნენ. თუმცა, ცხადი იყო, რომ დროდადრო გერმანელებსაც სჭირდებოდათ დასვენება და ისინი განზრახ იხევდნენ უკან, მაგრამ ფაქტია, რომ საგოლე მომენტები უკრაინელებსაც შეექმნათ და თანაც, არაერთი. ეს იმის ბრალიცაა, რომ დრაქსლერი და მიულერი საყრდენ ნახევარმცველებს კარგად არ ეხმარებოდნენ, რის გამოც უკრაინელებმა მოედნის ცენტრში არაერთხელ შექმნეს რიცხობრივი უპირატესობა.

გერმანიის ნაკრებმა ვერც ფლანგებზე იბრწყინა. ბენედიქტ ჰიოვედესისგან არ გვიკვირს ის, რომ შეტევაში არ აქტიურობდა, რადგან ცენტრალური მცველი უფროა, ვიდრე ფლანგისა; აი, იონას ჰექტორისგან კი ნამდვილად მეტს ველოდით მარცხენა ფლანგზე. შესაძლოა, ჰიოვედესსა და ჰექტორს ლიოვმა განსაკუთრებით ფრთხილად ყოფნა დაავალა და წინ წასვლაც აუკრძალა, რადგან იოგიმ კარგად იცოდა, რომ უკრაინის ნაკრებს საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ფლანგებზე ჰყავს - რა თქმა უნდა, კონოპლიანკას და იარმოლენკოს ვგულისხმობთ.

დასკვნა
გერმანიის ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ გარკვეულწილად გაუმართლა კიდეც. შეტევაში ყველაფერი რიგზე იყო, უკან კი ბუნდესგუნდს აშკარად აკლდა ჰუმელსი.

whoscored.com-ის ტოპ-5
ტონი კროოსი გერ. 9,3
შკოდრან მუსტაფი გერ. 9,0
ანდრიი პიატოვი უკრ. 7,7
მანუელ ნოიერი გერ. 7,6
იულიან დრაქსლერი გერ. 7,5

12 ივნისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
გერმანია-უკრაინა 2:0
გოლები: 1:0 მუსტაფი (19. კროოსი), 2:0 შვაინშტაიგერი (92. იოზილი)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, მუსტაფი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (78. შიურლე) - გიოტცე (90. შვაინშტაიგერი).
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, ვ. შევჩუკი - სიდორჩუკი, სტეპანენკო - იარმოლენკო, კოვალენკო (74. ზინჩენკო), კონოპლიანკა - ზოზულია (66. სელეზნიოვი).
გაფრთხილება: კონოპლიანკა (უკრაინა)
კუთხური: 6-12; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18(8)-6(3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 50 186

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული