მანუელ ნოიერი: შვაინის გოლმა განსაკუთრებით გამახარა!

AutoSharing Option
უკრაინასთან მატჩში, რომელიც გერმანიამ 2:0 მოიგო, ბუნდესგუნდის მეკარე მანუელ ნოიერს დიდ ტურნირზე პირველად ეკეთა კაპიტნის სამკლავური. ნოიერმა ეს შეხვედრა იდეალურად ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის კიპერია.

მატჩის შემდეგ მანუს "კიკერის" ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ნოიერი ამბობს, რომ ყველაზე მეტად გერმანიის ნაკრების პირველი და ნაღდი კაპიტნის, ბასტიან შვაინშტაიგერის გოლმა გაახარა.

- ჰერ ნოიერ, გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. უკრაინასთან ყველაფერი ისე იყო, როგორც ელოდით და ისურვებდით?
-
შედეგი ნამდვილად ისეთი დაფიქსირდა, როგორსაც ველოდით და როგორიც გვინდოდა. დიდი ტურნირის 2:0-ით დაწყება ყოველთვის ძალიან კარგია.

ზოგადადაც, გერმანიის ნაკრებმა კარგად ითამაშა და პირველ რიგში, სწორედ პოზიტივი უნდა დავინახოთ. თუმცა უკეთ თამაში შეგვიძლია და ამასაც ვხედავთ. ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი რესურსი აქვს. მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

- პირველ ტაიმში დაცვაში აშკარად იყო ხარვეზები. რისი ბრალია ეს?
- ჩვენი კარისკენ ზედმეტად ბევრი სტანდარტული დაინიშნა. ასე არ შეიძლება. თუმცა, საერთო ჯამში, დაცვაშიც კარგად ვიდექით და უკრაინელებს ბევრი არაფერი გავაბედინეთ. ბოლო დროს ხშირად გვაკრიტიკებდნენ, სტანდარტულების დროს თავს კარგად არ იცავთო. მცველებს ვერ ვუსაყვედურებ.

- გასაგებია, რომ არ გსურთ, მცველებს უსაყვედუროთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის გადარჩენა არაერთხელ მოგიხდათ...
- ხომ გითხარით, ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ - გერმანიის ნაკრებს მეტი შეუძლია. დიახ, უკრაინელებმა ჩვენს კართან რამდენიმე მომენტი შექმნეს და გოლის გატანაც შეეძლოთ.

კარგია, რომ ეს ვერ მოახერხეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე. აი, მეორე ტაიმში კი გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით. უფრო მშვიდად და წყნარად ვაკონტროლეთ ბურთი.

- ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვლაზე შემოვიდა, კონტრშეტევაზე სწრაფად გაიქცა, გოლი გაიტანა და ზეიმის დროსაც საოცრად სწრაფად ირბინა...
- ახლა ხომ მაინც ნახა ყველამ, რომ შვაინშტაიგერი ფორმაშია. ალბათ, უნდოდა, მწვრთნელისთვის ეჩვენებინა, რომ არც ზანტია და სირბილიც ჯერ კიდევ შეუძლია. იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდება ძირითად შემადგენლობაში და დაამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაგარი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, შვაინშტაიგერის გოლმა განსაკუთრებით გამახარა.

- მომდევნო მატჩი ხუთშაბათს, პოლონეთთან გელით და თანაკლუბელ რობერტ ლევანდოვსკისთან გექნებათ საქმე. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრაში?
- პოლონეთის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ და ვიცით, რაც შეუძლიათ. ისიც ვიცით, რომ პოლონეთის ნაკრები ძალიან სახიფათოა, ლევანდოვსკის სახით კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავთ.

თუმცა პოლონეთის ნაკრები მხოლოდ ლევანდოვსკი არ არის - ხომ ნახეთ, გოლი მილიკმა გაიტანა. გარდა ამისა, პოლონელებს ძალიან კარგი გარემარბებიც ჰყავთ და ფლანგის მცველებიც უვარგათ. მაგალითად, ლუკაშ პიშჩეკი შესანიშნავი ჩამწოდებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ბლაშჩიკოვსკიც.

მილიკს ძალიან კარგი საგოლე ალღო აქვს, კრიხოვიაკი კი ბრწყინვალე ჩამშლელია. პოლონეთი უნდა ვაიძულოთ, რომ დაცვაში ჩადგეს და ვერ შემოგვიტიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული