ევრო 2016. A ჯგუფი. საფრანგეთი-ალბანეთი: საფრანგეთმა პლეი ოფის კარი შეაღო [VIDEO]

AutoSharing Option
* დიმიტრი პაიემ 17-ჯერ ჩააწოდა ბურთი.
* საფრანგეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
* გოლი+პასი სისტემით დიმიტრი პაიეს 3 ქულა აქვს.
* ალბანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე ჯერ ქულა არ აუღია.

ეს შეხვედრა იმთავითვე მოინათლა დავითისა და გოლიათის შერკინებად. მართლაც, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ალბანელები ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებდნენ. "არწივებმა" ეს შეძლეს და გუშინ მასპინძლებს, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ "მამლებს" დაუპირისპირდნენ.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ყველა გააკვირვა. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით: მან
თადარიგში დატოვა გუნდის ორი ლიდერი, პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი.

სხვა დროს შეგვეძლო მტკიცედ გვევარაუდა, რომ მწვრთნელმა ეს ფეხბურთელები დაასვენა, მაგრამ არსებობის უფლება აქვს სხვა ვარაუდსაც: იქნებ დეშამი უკმაყოფილო დარჩა ამ დუეტის მიერ რუმინეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ნაჩვენები თამაშით?

ყოველ შემთხვევაში, არ გვგონია, რომ დეშამი იმთავითვე დარწმუნებული ყოფილიყო ალბანეთის დამარცხებაში და ორი ლიდერი, უბრალოდ, დაესვენებინა. ალბანეთთან მატჩამდე ხომ "სამფეროვნებს" ჯგუფური ბარიერის დაძლევა ჯერაც არ ჰქონდათ განაღდებული.

ფრანგთა 4-2-3-1 სქემაში რუმინეთთან ნაცადი მებრძოლების გარდა, თავის წარმოჩენის შანსი მიიღეს "ბაიერნის" ახალგაზრდა სუპერტალანტმა კინგსლი კომანმა და"მანჩესტერის" იმედმა ანტონი მარსიალმა.

რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, შვეიცარიასთან განცდილი მარცხის შემდეგ "არწივთა" იტალიელმა დამრიგებელმა ჯანი დე ბიაზიმ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა. რა თქმა უნდა, იტალიელმა სპეციალისტმა მთავარი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა.

ალბანელები ფრანგთა კარს ერთადერთი ფორვარდით, სადიკუთი უტევდნენ. შეძლებისდაგვარად დაიტვირთა ალბანელთა შუა ხაზი. მოკლედ, თამაშის სცენარი თავიდანვე იოლად გამოსაცნობი იყო.

გოლები
1:0 - თამაშის ბოლო წუთზე შეტევაში ჩართულმა ადილ რამიმ საჯარიმოში ანტუან გრიზმანი მონახა და "ატლეტიკოს" ფორვარდმაც უზუსტესი თავური დარტყმით აიღო ალბანეთის ნაკრების კარი. ამ სიტუაციაში თვალსაჩინო იყო ალბანელი ლენიანის შეცდომა.

2:0 - მეექვსე დამატებული წუთი მიდიოდა, როცა პოლ პოგბამ დიდებული პასით მონახა ჟინიაკი. მერე ბურთი მიიღო დიმიტრი პაიემ და ამ ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
ულაპარაკოდ: მატჩის გმირის მანტია "ატლეტიკოს" შემტევს, ანტუან გრიზმანს უნდა მოვასხათ. სწორედ მისმა ზუსტმა თავურმა გატეხა ალბანეთის ნაკრები. რუმინეთთან ჩატარებული არცთუ დამაჯერებელი მატჩის შემდეგ გრიზმანმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა და ვფიქრობთ, მისთვის ადგილი ძირითად შემადგენლობაში ამიერიდან გარანტირებული უნდა იყოს.

უეფას ოფიციალური საიტი არ დაგვეთანხმა და თამაშის გმირად ფრანგთა მიჯრით მეორე მატჩში დიმიტრი პაიე დაასახელა. დიმიტრიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ რომ არა გრიზმანის თავური, ამ მატჩის ბედისწერის ჩარხი ფრანგთა სასარგებლოდ ვერ დატრიალდებოდა. ამიტომ ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით.

მსაჯი
37 წლის შოტლანდიელმა უილიამ კოლუმმა აშკარა შეცდომების გარეშე ჩაატარა ეს მატჩი. გუნდები მისი გადაწყვეტილებით რამდენჯერმე უკმაყოფილონი კი დარჩნენ, მაგრამ ეს უფრო წვრილ-წვრილ სათამაშო სიტუაციებზე ითქმის. სქოთი რეფერი დამაჯერებელი იყო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და წამითაც არ მოექცა მასპინძელთა წნეხის ქვეშ.

მატჩის შემდეგ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "ალბანეთმა დიდი გულით ითამაშა. ისინი კარგად იცავდნენ თავს. უგოლო ფრე მათთვის შესანიშნავი შედეგი იქნებოდა. გრიზმანისა და პოგბას გამწესება სათადარიგოთა სკამზე ჩვენი ტაქტიკური გეგმის ნაწილი იყო. არცერთი არ არის ბედნიერი სათადარიგოთა შორის ყოფნით. პაიე საფრანგეთის ნაკრებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება. როცა ის მეტოქესთან ერთი-ერთზე რჩება, მისი შეჩერება ძალიან ჭირს".

დიმიტრი პაიე (საფრანგეთი): "ჩვენ უკვე მერამდენედ ვაჩვენეთ, რომ თამაშის ბოლოს შეგვიძლია მობილიზება და სასურველი შედეგის მიღწევა. დიდებული, ფანტასტიკური საღამო იყო. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ".

ანალიზი
ექსპერიმენტი აშკარად ჩავარდა. კომანმა და მეტადრე მარსიალმა ვერ გაამართლეს იმედები. განსაკუთრებით სუსტი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ანტონი მარსიალი. პირველი ტაიმის განმავლობაში, როცა ის მინდორზე იყო, ღირებული არაფერი გაუკეთებია და პარტნიორების არაერთი ჩანაფიქრი ჩაფუშა.

პირველ ნახევარში მთლიანად საფრანგეთის ნაკრები გამოიყურებოდა უსუსურად. გამოჩნდა, რომ პოგბასა და გრიზმანის გარეშე ეს გუნდი დიდი ვერაფრის მაქნისია. ამასთან ერთად, ალბანეთის კარგად ორგანიზებული თამაშიც არ უნდა გამოგვრჩეს.

ფრანგებმა მოწინააღმდეგე დიდიე დეშამის მიერ განხორციელებული შეცვლების შემდეგ გატეხეს, თუმცა მწვრთნელს ამ მატჩის გმირად ვერ შევრაცხავთ. მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა. საფრანგეთი ძირითადი შემადგენლობით რომ ყოფილიყო, საქმეს აქამდე ნამდვილად არ მიიყვანდა. ასე კი "სამფეროვნები" ძალიან დიდ სირცხვილს გადარჩნენ, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში მათ ქომაგთა სტვენის მოსმენაც მოუხდათ.

ფავორიტმა ერთხელაც გამოავლინა ხასიათი და მოწინააღმდეგე თამაშის ბოლოს გატეხა, მაგრამ ერთი ფრანგ გულშემატკივრებსაც ვკითხოთ, სჭირდებათ კი მათ ნერვების წყვეტა?

ალბანეთი, ალბათ, ბევრს შეეცოდა. რა თქმა უნდა, ჯანი დე ბიაზი ძალიან კარგი მწვრთნელია და იტალიელის წვლილი "არწივთა" წარმატებაში ძალიან დიდია, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ შეცვალა ლორიკ ცანას არყოფნაში მან დაცვის ბურჯი აიეტი. შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ დაცვა მაინც აირია. "არწივებს" ერთი მაინც რომ გაეტანათ, ფრანგები ამას მხოლოდ უბედობას ვერ დააბრალებდნენ.

დასკვნა
საფრანგეთის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთაგან პირველმა, გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ალბანეთი კი ბოლომდე იბრძოლებს ბოლო ტურის მატჩში რუმინეთთან, რათა მეტოქეს სანუკვარი მესამე ადგილი წაართვას და მერე სხვა გუნდების შედეგებს დაელოდოს.

whoscored.com-ის ტოპ-5
პატრის ევრა საფ. 9,0
დიმიტრი პაიე საფ. 8,7
ადილ რამი საფ. 8,0
კინგსლი კომანი საფ. 7,8
ლორან კოსიელნი საფ. 7,8

15 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"
საფრანგეთი-ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (90. რამი), 2:0 პაიე (96. ჟინიაკი)
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - კანტე, მატუიდი - კომანი (68. გრიზმანი), პაიე, მარსიალი (46. პოგბა)- ჟირუ (77. ჟინიაკი)
ალბანეთი (4-1-4-1): ბერიშა - ჰიუსაი, აიეტი (85. ვესელი), მავრაი, აგოლი - კუკელი (74. ტ. ჯაკა)- ლილა (71. როში), აბრაში, მემუშაი, ლენიანი - სადიკუ
გაფრთხილება: კანტე - კუკელი, აბრაში
კარში დარტყმა:10 (2) - 4 (0); კუთხური: 6-4; თამაშგარე:1-1; ჯარიმა: 16-13; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 63 670

თ მ ფ წ ბ ქ
საფრანგეთი 2 2 0 0 4:1 6
შვეიცარია 2 1 1 0 2-1 4
რუმინეთი 2 0 1 1 2-3 1
ალბანეთი 2 0 0 2 0-3 0

19 ივნისი
რუმინეთი - ალბანეთი 23:00
შვეიცარია - საფრანგეთი 23.00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული