ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინეთი-შვეიცარია: ვის აწყობდა ლოგიკური ფრე? [VIDEO]

AutoSharing Option
* ბოგდან სტანკუ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევრო 2016-ზე ორი გოლი გაიტანა, ორივე პენალტის ნიშნულიდან.
* გრანიტ ჯაკას 99 პასიდან 88 ზუსტი იყო.
* პირველ ტაიმში ჯაკა 63-ჯერ შეეხო ბურთს.
* ბურთის ფლობის 62%, რომელიც შვეიცარიელებს ჰქონდათ, მესამე შედეგია ევრო 2016-ზე. მათზე წინ მხოლოდ ესპანელები და პორტუგალიელები არიან.


რუმინეთის ნაკრებმა პირველ ტურში, საფრანგეთთანაც საკმაოდ კარგად ითამაშა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ შვეიცარიას კინაღამ მოუგო.

თუმცა ფრე ის შედეგია, რომელიც ორივე გუნდს უნარჩუნებს მერვედფინალში გასვლის შანსს - ცხადია, შვეიცარიელები გაცილებით
უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცაღა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ტურში ფრანგებს ხვდებიან. "პარკ დე პრენსზე" გამართულ ამ საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრაში ანგარიში სტანკუმ პენალტით გახსნა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე ბურთი გაიტანა. მართალია, სტანკუს ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით აქვს გატანილი, მაგრამ მაინც...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
რუმინელთა თავკაცმა იორდანესკუმ, საფრანგეთთან 1:2-ზე წაგებული მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები განახორციელა: ჰობანის, სტანჩუს, პოპასა და ანდონეს ნაცვლად, სასტარტოში პრეპელიცა, ჩიპჩუ, ტორჟე და კეშერუ ვიხილეთ. ამასთან, იორდანესკუმ თავისი გუნდის ალბათ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი (კირიკეშთან ერთად) სტანკუ, ფაქტობრივად გამთამაშებლად გაამწესა.

შვეიცარიელთა თავკაც ვლადიმირ პეტკოვიჩს კი სასტარტო შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არ ჰქონია, რადგან პირველ ტურში მისმა გუნდმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა და არც არავინ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ჯაკას, როდრიგესის, ზომერის, შერის, ჯურუს, მეჰმედისა და სეფეროვიჩის სახით, შვეიცარიელთა ძირითადში ბუნდესლიგის 7 ფეხბურთელი ვიხილეთ.

გოლები
1:0 სტანკუ (19-პენ): შვეიცარიელთა საჯარიმოში ლიხტშტაინერი ჩიპჩუს მაისურზე ქაჩავდა და იმდენ ხანს არ მოეშვა, სანამ რუსმა მსაჯმა კარასევმა პენალტი არ დანიშნა. არბიტრის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო, თერთმეტმეტრიანი კი სტანკუმ უნაკლოდ შეასრულა.

1:1 მეჰმედი (57): როდრიგესის კუთხურის შემდეგ რუმინელებმა ბურთი მათთვის საშიში ზონიდან ვერ გამოიტანეს, მეჰმედიმ კი დაახლოებით 11 მეტრიდან, უძლიერესი დარტყმით, ტეტერუშანუს შანსი არ დაუტოვა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ანგელ იორდანესკუ (რუმინეთის მთავარი მწვრთნელი): "ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. პირველ ტაიმში ჩვენ გვქონდა ინიციატივა, კარგად ვთამაშობდით და დავწინაურდით კიდეც... მეორე ნახევარში შეცდომები დავუშვით და შვეიცარიამაც მოუმატა. ბიჭებს მაინც ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ძალიან მაგრად იბრძოლეს".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის მთავარი მწვრთნელი): "ამ შეხვედრაში ერთი ქულის აღება მინიმუმია, რაც უნდა გაგვეთებინა და კიდევ კარგი, რომ ეს მაინც მოვახერხეთ. ცხადია, საფრანგეთთან უკეთესად უნდა ვითამაშოთ. დღევანდელი ქულით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ და ვთქვათ, რომ მერვედფინალში თამაში თითქმის განაღდებული გვაქვს".

მატჩის გმირი
მატჩი ფრედ დასრულდა და შედეგი ლოგიკურია, მაგრამ შვეიცარიამ რუმინეთზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშა და ეს, პირველ რიგში, გრანიტ ჯაკას დამსახურებაა. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ყველგან იყო! ბურთი ყველაზე ხშირად სწორედ ჯაკას ჰქონდა, უამრავი პასი გააკეთა და, თანაც, მისი გადაცემების 80 პროცენტზე მეტი ადრესატამდე აღწევდა. აღსანიშნავია, რომ ძალიან აქტიური იყო ჯემაილიც, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ასევე საკმაოდ მაღალი გახლდათ.

აქვე ვთქვათ, რომ ძალიან სუსტი იყო შვეიცარიელთა თავდამსხმელი ჰარის სეფეროვიჩი. მართალია, პირველი საგოლე მომენტის დროს კარგად გაიხსნა, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დაუშვა და რუმინელთა მეკარე ტეტერუშანუსთან ერთი-ერთზეც დარჩა, მაგრამ ვერ აჯობა. პლუს ამას, სეფეროვიჩმა შვეიცარიის ნაკრებში ყველაზე ნაკლები პასი გააკეთა და ბურთს თვით მეკარე ზომერზე იშვიათად შეეხო! ამიტომაც შეცვალა ის მწვრთნელმა ემბოლოთი, რომელმაც შვეიცარიელთა თამაში ნამდვილად გამოაცოცხლა.

მსაჯი
37 წლის რუსმა სერგეი კარასევმა ერთობ ინტენსიურ და დაძაბულ მატჩში საკმაოდ კარგად იმსაჯა. შვეიცარიის ნაკრების კარში პენალტის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო (ბევრ მსაჯს შეიძლება ვერც შეემჩნია, როგორ ქაჩავდა მაისურზე ლიხტშტაინერი ჩიპჩუს) და რუმინელთა ზღვარგადასული უხეშობებიც დროულად შეამკო ყვითელი ბარათებით.

ანალიზი
პეტკოვიჩმა შვეიცარიას თამაში 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით დააწყებინა და ფლანგის მცველებს შეტევებში ექსტრემალურად ჩართვა დაავალა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან შვეიცარიას როდრიგესისა და ლიხტშტაინერის სახით ფლანგის რეაქტიული მცველები ჰყავს. გარემარბის პოზიციაზე განსაკუთრებით ხშირად ლიხტშტაინერი გვევლინებოდა, რომლისგანაც ასეთ თამაშს "იუვენტუსიდანაც" მიჩვეულები ვართ.

შვეიცარიელები შეტევაში მოქნილად გამოიყურებოდნენ. თვით სეფეროვიჩიც კი ხშირად გადადიოდა ფლანგებზე, შაჩირი კი, როგორც უკვე ვთქვით, ფაქტობრივად, ყველგან იყო.

რუმინეთის ნაკრების ტაქტიკა 4-4-1-1 კი იყო, მაგრამ როცა ბურთს შვეიცარიელები ფლობდნენ, იორდანესკუს გუნდი თავს ხშირად 5 მცველით იცავდა, ხოლო შეტევის დროს კი, ნომინალური "ათიანი" სტანკუ არაერთხელ აღმოჩნდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

უნდა ითქვას, რომ რუმინეთის ნაკრებმა საკმაოდ ვაჟკაცურად ითამაშა და შვეიცარიის ნაკრებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მეორე ტაიმში შვეიცარიელებმა კიდევ უფრო მოინდომეს, უფრო აქტიურადაც შეუტიეს და საწადელსაც მიაღწიეს. ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია - შვეიცარიის ნაკრები ამ შეხვედრაში ქულაზე მეტს ნამდვილად არ იმსახურებდა.

დასკვნა
რუმინელებმა კარგად დაიწყეს, დიდი მონდომებით, ჟინიან ფეხბურთს თამაშობდნენ და სტანკუს გოლი დაიმსახურეს, მაგრამ შვეიცარია უკეთესი, უფრო მაღალი კლასის გუნდია და ლოგიკურია, რომ მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს. თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალებისთვის კი შვეიცარიას მონდომება არა, მაგრამ ფანტაზია და კლასი კი ნამდვილად დააკლდა.

whoscored.com-ის ტოპ-5
ვალონ ბეჰრამი შვე. 7,7
ადმირ მეჰმედი შვე. 7,6
ვლად კირიკეში რუმ. 7,5
კრისტიან სეპუნარუ რუმ. 7,3
რიკარდო როდრიგესი შვე. 7,2

15 ივნისი. პარიზი. “პარკ დე პრენსი”
რუმინეთი-შვეიცარია 1:1
გოლი: 1:0 სტანკუ (19-პენ), 1:1 მეჰმედი (57)
რუმინეთი (4-4-1-1): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, გრიგორე, კირიკეში, რაცი (62. ფილიპი) - ტორჟე, პინტილი (46. ჰობანი), პრეპელიცე, ჩიპჩუ - სტანკუ (84. ანდონე) - კეშერუ.
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, რ. როდრიგესი - ბეჰრამი, გ. ჯაკა - შაჩირი (91. ტარაშაი), ჯემაილი (83. ლანგი), მეჰმედი - სეფეროვიჩი (64. ემბოლო).
გაფრთხილება: პრეპელიცა, ჩიპჩუ, კეშერუ, გრიგორე - გ. ჯაკა, ემბოლო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 24-11; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14(4)-19(6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 45 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული