ევრო 2016. E ჯგუფი. ბელგია-ირლანდია: ბელგია აზრზე მოვიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
* ბელგიის ნაკრების ბოლო 10 თამაშში კევინ დე ბრუინმა 5 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.
* აქსელ ვიტსელმა ნაკრების მაისურით 2014 წლის მერე პირველად გაიტანა.
* ბოლო 9 მატჩში პირველად ბელგიის ნაკრებს გოლი არ გაუშვია.
* 1994 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად მოხდა დიდ ტურნირებზე, რომ ირლანდიის ნაკრებმა ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად კარში.

პირველ ტურში, იტალიასთან წაგებით, ბელგიის ნაკრებმა ბევრს გაუცრუა იმედები და აი, მარკ ვილმოტსის შეგირდებმა მეორე ტურში სრული რეაბილიტაცია მოახერხეს.

ბელგიამ ირლანდიასთან არა მხოლოდ კარგად ითამაშა, არამედ დამაჯერებელი
ანგარიშითაც (3:0) მოიგო და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ სამბურთიანი სხვაობით ბელგიამ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოიგო.

ბორდოში გამართულ ამ შეხვედრაში ვილმოტსის გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა, აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო და ბოლო ტურში შვედეთს შეხვდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ირლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში ვერ შეინახა საკუთარი კარი მშრალად.

ბოლო ტურში ირლანდიელები იტალიელებს ხვდებიან და საინტერესო ისაა, რომ "სკუადრა აძურას" ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
იტალიასთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ ვილმოტსმა ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სიმანის ნაცვლად, მონიე ვიხილეთ; ნახევარდაცვის ცენტრში ნაინგოლანი დემბელემ შეცვალა, ხოლო ფელაინის ნაცვლად კი, თამაში კარასკომ დაიწყო. შესაბამისად, ვილმოტსმა კევინ დე ბრუინი ცენტრში შეწია, კარასკო კი ფლანგზე გაამწესა.

ირლანდიელთა თავკაც მარტინ ო’ნილს ძირეულ ცვლილებებზე არ უფიქრია. ერთი ეგ იყო, რომ ტრავმირებული უოლტერსის ნაცვლად უორდი ვიხილეთ და ეს უკანასნელი მარცხენა მცველის პოზიციაზე იყო გამწსებული. წინ კი ბრეიდიმ წაიწია.

გოლები
1:0 - ლუკაკუ (48): დე ბრუინმა მარჯვენა ფრთაზე ორი მოწინააღმდეგე გააცურა და ლუკაკუ მოძებნა, რომელმაც ჯერ ირლანდიელთა მეკარეს გახედა და დაახლოებით 16 მეტრიდან მარცხენა კუთხეში გაუტანა.

2:0 - ვიტსელი (61): კარასკოს მარჯვენა ფლანგზე ხელი არავინ შეუშალა და მანაც მონიე მოძებნა, რომელმაც კარგ პოზიციაზე მყოფ ვიტსელს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი დაახლოებით 8 მეტრიდან თავით დაურტყა რანდოლფს, რომელმაც ვეღარაფერი გააწყო.

3:0 - ლუკაკუ (70): მონიემ საკუთარ ნახევარზე ბურთი მოიპოვა და ედენ აზარს გაატანა. ბელგიელთა კაპიტანმა ო’ში გააცურა და სისწრაფე აკრიფა, კარგ დროს უპასა ლუკაკუს, რომელიც მარტო იყო დარჩენილი რანდოლფთან და მშვიდად გაუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მარკ ვილმოტსი (ბელგია): "პირველი ტურის შემდეგ, ჩვენი თამაშიც კარგად გავაანალიზეთ და ირლანდიისაც. შესაბამისად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა. მოკლე პასებით თამაში გადავწყვიტეთ, ფსიქოლოგიური სიმტკიცე იყო საჭირო და მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ყველა დავალება უშეცდომოდ შეასრულეს."

მარტინ ო’ნილი
(ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ბელგიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიშის გახსნა იყო, რაც ვერ მოვახერხეთ. პირიქით, პირველი გოლი ბელგიელებმა გაიტანეს, რის შემდეგაც თამაშს აკონტროლებდნენ. ბოლო მატჩში ძალებს მოვიკრებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მერვედფინალში გავიდეთ."

მატჩის გმირი
ბელგიის ნაკრებმა მთლიანობაში ძალიან კარგად ითამაშა, გამორჩეულად კარგები იყვნენ ვიტსელი, მონიე და დე ბრუინი. გმირის წოდებას კი ლუკაკუ იმსახურებს, რომელსაც იტალიასთან მარცხის შემდეგ, მშობლიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ არც ირლანდიასთან პირველ ტაიმში თამაშობდა კარგად, მაგრამ მერე ორჯერ აღმოჩნდა იქ, სადაც ცენტრალური თავდამსხმელი უნდა იყოს და დუბლი შეასრულა. ორი დარტყმა, ორი გოლი - ცენტრფორვარდს მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ?

მსაჯი
თურქმა ჯუნეით ჩაქირმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ დაკარგა თამაშზე კონტროლი, 24-ე წუთზე კარასკოზე ისეთი თამაშგარე შენიშნა, ბევრი რომ ვერ დაინახავდა და მერეც აბსოლუტურად უშეცდომო იყო.

ანალიზი
პირველი, რაც დაკვირვებულ მაყურებელს თვალში მოხვდებოდა, ის იყო, რომ მარკ ვილმოტსმა იტალიასთან წაგების შემდეგ, მთელი მარჯვენა ფლანგი შეცვალა. ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო კევინ დე ბრუინის ცენტრში შეწევა, სადაც ის ფელაინის ადგილზე დადგა და ამ უკანასკნელზე გაცილებით ეფექტიანი იყო. თუმცაღა დე ბრუინს მარჯვენა ფლანგის მიხმარებაც ჰქონდა დავალებული, სადაც ბელგიელები ამით რიცხვობრივ უპირატესობას ქმნიდნენ. ძალიან კარგად იყვნენ შეთამაშებულები კარასკო და მონიეც. ამიტომაც იყო, რომ პირველ 20 წუთში ბელგიელები მარჯვენა ფლანგიდან ძალიან კარგად თამაშობდნენ.

თუმცა კარგი დასაწყისის შემდეგ, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ბელგიელთა თამაში და შეტევები მაინც ისევ მოსაწყენი გახდა. ზუსტად ისე, როგორც იტალიასთან, ბელგიის ნაკრებს ირლანდიელთა ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდა და თუ ხიფათი იქმნებოდა, ისევ და ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბელგიამ პირველი გოლი კონტრიერიშით გაიტანა - როცა ირლანდიის უკანა ხაზი არეული იყო.

ირლანდიის ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე შეეგუა აუტსაიდერის როლს და ირლანდიელები არ აქტიურობდნენ შეტევაში ისე, როგორც შევედეთთან.

ო’ნილის გუნდი ღრმად და ორგანიზებულად იდგა და მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გვიან ხვდებოდა. როგორც კი ირლანდიელები ბურთს მოიპოვებდნენ, უმეტესად მაღალი გრძელი პასებით ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას - პასების ადრესატი კი, რა თქმა უნდა, ლონგი გახლდათ. თუმცა ეს უკანასკნელი ბურთთან ერთად უმეტესად მარტო რჩებოდა.

ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაში რადიკალურად შეიცვალა. ირლანდიამ ზონები გახსნა, მეტი გარისკა და მეტიც მიიღო - ოღონდ, საკუთარ კარში.

დასკვნა
ბელგიელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ პირველ ტაიმში მაინც ვერ აჩვენეს ის ფეხბურთი, რასაც ამ გუნდისგან ველოდით. სამაგიეროდ, ვილმოტსის გუნდმა მეორე ტაიმი ჩაატარა შესანიშნავად და შედეგიც მიიღო.

18 ივნისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"
ბელგია-ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (48. დე ბრუინი), 2:0 ვიტსელი (61. მონიე), 3:0 ლუკაკუ (70. აზარი)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - დემბელე (57. ნაინგოლანი), ვიტსელი - ფერეირა-კარასკო (64. მერტენსი), დე ბრუინი, აზარი - ლუკაკუ (83. ბენტეკე).
ირლანდია (4-2-3-1): რანდოლფი - კოულმენი, ო’ში, კლარკი, უორდი - მაკარტი (62. მაკლინი), უელანი - ჰენდრიკი, ჰულაჰანი (71. მაკგიდი), ბრეიდი - ლონგი (79. კინი).
გაფრთხილება: ვერმაელენი - ჰენდრიკი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(7)-11(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 39 493

whoscored.com-ის ტოპ-5
რომელუ ლუკაკუ ბელ. 8,5
კევინ დე ბრუინი ბელ. 8,4
აქსელ ვიტსელი ბელ. 8,2
ედენ აზარი ბელ. 8,1
ტომას მონიე ბელ. 8,0

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 2 2 0 0 3-0 6
2. ბელგია 2 1 0 1 3-2 3
3. შვედეთი 2 0 1 1 1-2 1
4. ირლანდია 2 0 1 1 1-4 1

III ტური
22 ივნისი
იტალია-ირლანდია 23:00
შვედეთი-ბელგია 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული