ევრო 2016. თვითმხილველის ნაამბობი: როგორ ავცდით დიდ საერთაშორისო სკანდალს [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამაზ ბოკერია ახლახან დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს დაესწრო.

ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისათვის მასთან შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს.

მით უმეტეს, ის დაესწრო ხორვატია-ჩეხეთის სკანდალურ მატჩს. იმ შეხვედრის დელეგატი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გახლდათ.

- საფრანგეთიდან ახლახან დავბრუნდი. დავესწარი ისლანდია-პორტუგალიის, უკრაინა-ჩრდილოეთ ირლანდიისა და ჩეხეთი-ხორვატიის მატჩებს.

- რას იტყოდით ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობაზე, არის თუ არა საფეხბურთო ზეიმი საფრანგეთში?
- მესამე ევროფორუმს დავესწარი და ყველაზე მეტად საზეიმო განწყობა სწორედ საფრანგეთში შეიმჩნევა. ამგვარი რამ არ ჩანდა
არც ავსტრია-შვეიცარიაში და არც პოლონეთ-უკრაინაში. რაც უფრო საფეხბურთო ქვეყანაში იმართება დიდი ფორუმი, მით უფრო მეტია აჟიოტაჟი. მე ასე ვფიქრობ.

- თქვენ პირადად ნახეთ ტრიბუნიდან კრიშტიანო რონალდო, ვისაც ჯერ თამაში არ მისდის მიმდინარე ჩემპიონატზე...
- რა თქმა უნდა, რონალდო უდიდესი ფეხბურთელია.

- რა არის მისი შედარებით სუსტი თამაშის და იმის მიზეზი, რომ პორტუგალიის ნაკრები ჯერ ვერ აჩვენებს მისაღებ შედეგს?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. 2008 წელს მე ვიყავი პორტუგალიაში. კრიშტიანო მაშინ ვარსკვლავი იყო, მაგრამ ასეთი არა, როგორიც დღესაა. არადა, მაშინაც იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ რონალდო მარტოა და ის არ არის ეროვნული გუნდის ნაწილი.

ძალიან არ მინდოდა ამის დაჯერება, რონალდო ხომ უდიდესი ფეხბურთელია. რამდენიმე დღის წინათ ვნახე ფილმი, რომელსაც ჰქვია "რონალდო". იქ ძალიან ბევრი საყურადღებო ნიუანსია. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ცალკე უჭირავს თავი. თავად ამბობს, რომ არ ჰყავს მეგობარი. ის ცალკე გასახდელს და ორ მასაჟისტს ითხოვს პორტუგალიის ნაკრებში ვარჯიშისას.

თუ საკლუბო ასპარეზზე ეს ყველაფერი კომპენსირდება, იმავეს ვერ ვიტყვით სანაკრებოზე.

ცალკე მინდა ვთქვა ისლანდიაზე. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ნახევარი ქვეყანა საფრანგეთშია. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ტაქტიკით მოთამაშე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე.

- უნდა გკითხოთ ხორვატია-ჩეხეთის სკანდალურ მატჩზეც, რომლის დელეგატიც ნოდარ ახალკაცი გახლდათ...
- ეს არ იყო ამ კონკრეტულ შეხვედრაში განვითარებული მოვლენების შედეგი. სხვათა შორის, უეფას რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი რამე იგეგმებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქმე იყო შემდეგში: დღეს ზაგრების "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი ზორან მამიჩი არის ციხეში. ბევრი მიიჩნევს, რომ ის და მისი ძმა ზდრავკო "რუხი კარდინალები" არიან და ხორვატულ ფეხბურთში სიტუაციას აკონტროლებენ. სხვათა შორის, ზდრავკო მამიჩი სტადიონზე იყო.

რას ერჩიან "დინამოს" ულტრასები მამიჩს? ისინი თვლიან, რომ მისი პრეზიდენტობის დროს "დინამოდან" ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გუნდს კი ფინანსურად მაინც არ ულხინს.

გარდა ამისა, მათი ვერსიით, მამიჩის მიერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად "დასმულმა" დავორ შუკერმა მოიყვანა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანტე ჩაჩიჩი, ვისაც ხულიგანი ულტრასები არ ემადლიერებიან.

ეს აქცია მამიჩების წინააღმდეგ იყო ორგანიზებული და მასში რამდენიმე კლუბის ულტრასები მონაწილეობდნენ. მათ შორის ჭარბობდნენ "დინამოს" ულტრასები. სულ სამი დაჯგუფება იყო. ყველა მათგანს ჰქონდა თავისი ფუნქცია. ერთ-ერთი ჯგუფის ფუნქცია იყო მინდორზე შეჭრა და ჩეხი ფეხბურთელების დაზიანება. დამეთანხმებით, ეს იქნებოდა საერთაშორისო სკანდალის ტოლფასი.

უეფამ იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ოღონდ სტადიონის სარდაფში, რათა პანიკა არ გამოეწვია. როცა დაიწყო პეტარდების სროლა, რაზმი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

სხვათა შორის, შესვენებაზე უეფამ მიიღო ცნობა, რომ არეულობა 85-ე წუთიდან დაიწყებოდა. ეს ასეც მოხდა. მინდორზე 15 პეტარდა გადმოვარდა. არადა, ჩაფიქრებული იყო გაცილებით დიდი მასშტაბის არეულობა.

პეტარდების შეტანაში ხორვატ ულტრასებს "სენტ ეტიენის" ფანები დაეხმარნენ, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი გამოხდომებით. ამ დროს ძალიან დიდი სამუშაო გასწია მატჩის დელეგატმა ნოდარ ახალკაცმა. უსაფრთხოების ყველა ზომა მასთან თანხმდებოდა.

ამ შეხვედრას დაესწრო ჩვენი მეგობარი, ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტი. მატჩის შემდეგ ის შეხვდა თავის ახლო მეგობარს, ხორვატული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რობერტ პროსინეჩკის.

მატჩი რომ დასრულდა, ხორვატიის ნაკრების ქომაგები ულტრასებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ჩათვალეს, რომ ხულიგნების გამოხდომამ ხორვატიას მოგება წაართვა.

P. S. უეფამ ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ინციდენტის გამო 100 ათასი ევროთი დააჯარიმა, ულტრასების ნაწილს კი ევრო 2016-ის დარჩენილ მატჩებზე დასწრება აეკრძალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ მოაშორეს ეს დამპალი მამიჩები ამ ფეხბურთს. ეჰ რო იცოდეთ რას უშვრებოდა მამიჩი ხორვატ ულტრასებს, იარაღებით როგორ დასდევდნენ მაგისი სასტავები და ატერორებდნენ ფანებს. MAMICU CIGANE!
ZAGREB VOLIMO
14:27 21-06-2016
0

სიახლეები პოპულარული