ევრო 2016. B ჯგუფი. რუსეთი-უელსი: უელსის ისტორიული [VIDEO]

AutoSharing Option
* ნილ ტეილორის გოლი რუსეთის ნაკრებში ევრო 2016-ზე 50-ე გოლია.
* იგორ აკინფეევმა ევროპის ჩემპიონატებზე 13 გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.
* რუსეთის ნაკრებმა სამი გოლი მატჩში ოფიციალურ შეხვედრაში ბოლო 8 მატჩში პირველად გაუშვა.
* გარეთ ბეილი 3 გოლით ევრო 2016-ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მართალია, ეს იყო ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, მაგრამ საპლეიოფო ხასიათს ატარებდა, რადგან გუნდები მერვედფინალში გასვლისთვის იბრძოდნენ და ამის შანსი ორივეს ჰქონდა. რუსეთს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, უელსისთვის კი, დიდი ალბათობით, ფრეც საკმარისი იქნებოდა.

ფავორიტად უელსი
იყო მიჩნეული და ბრიტანელებმა ეს სტატუსი სრულად გაამართლეს - კრის კოულმენის შეგირდებმა გაანადგურეს, გადაჯეგეს მეტოქე და არათუ მერვედფინალში გავიდნენ, სულაც პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში და ინგლისს გაასწრეს. რაც შეეხება რუსეთს, ეს გუნდი განადგურებული, გაბითურებული და შერცხვენილი ტოვებს ევროპის ჩემპიონატს...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
რუსეთის ნაკრები ისევ ფრთხილი ტაქტიკა-სტრატეგიით გავიდა მოედანზე: წინ ძიუბა და უკან დანარჩენები. თუმცა, რომელ ტაქტიკაზე და მით უმეტეს, სტრატეგიაზეა ლაპარაკი, როდესაც რუსეთს ფეხბურთი, უბრალოდ, არ უთამაშია და მთელი 90 წუთის განმავლობაში ფონს უქმნიდა უელსის ძალიან კარგ გუნდს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი, უბრალოდ, არ იყო მოედანზე.

კრის კოულმენმა თამამი ტაქტიკა აირჩია და მეტოქეს 3-4-3 სქემა დაუპირისპირა. ფლანგებიდან ბეილი და რემზი მოქმედებდნენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ვოუკსი ირჯებოდა. საყრდენ ხაზს ლედლი და ალენი ამაგრებდნენ, რომლებმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ უელსი არა მარტო შეტევაშია ძლიერი, არამედ ნახევარდაცვის ცენტრშიც ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

უელსი იყო კარგად ორგანიზებული, ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელმაც მეტოქე ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, ტაქტიკურ-სტრატეგიულ ჭიდილშიც პირწმინდად დაჯაბნა.

გოლები
0:1 - მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ალენმა რემზი დიდებული პასით მოძებნა, მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ამ უკანასკნელმაც რბილი, ტექნიკური დარტყმით გაახვია ბურთი კარის ბადეში.

0:2 - მეორე გოლი ტეილორის ანგარიშზეა, რომელიც გარეთ ბეილის კარგი თამაშის და ბრძოლაში გაკეთებული პასის შემდეგ გავიდა მეკარესთან პირისპირ - ჯერ აკინფეევს გაარტყა ბურთი, თუმცა დამატებაზე ივარგა და ბადეში გაახვია.

0:3 - მესამე გოლი ბეილის ანგარიშზეა, რომელიც ასევე პირისპირ დარჩა აკინფეევთან და მარტივად გადაგზავნა ბურთი კარის ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ამჯერად, ბრწყინვალე პასი რემზიმ მიითვალა აქტივში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ლეონიდ სლუცკი (რუსეთი): "მეტოქემ გვაჯობა, დამსახურებულად მოიგო და ჩვენგან განსხვავებით, განაგრძობს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ასეთი საშინელი ტურნირის შემდეგ, უბრალოდ, არ მაქვს უფლება, რომ დავრჩე თანამდებობაზე. რუსეთის ნაკრები უნდა მოამზადოს სხვა სპეციალისტმა, რადგან წინ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ტურნირი გველოდება".

ვასილი ბერეზუცკი (რუსეთი): "ჩვენ ყველანი ვთამაშობთ რუსეთის ჩემპიონატში, სადაც ლეგიონერებზე ლიმიტი გვაქვს დაწესებული და გვგონია, რომ ეს საქმისადმი სწორი მიდგომაა. აშკარაა, რომ რუსული ფეხბურთი კრიზისშია და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და ვწვალობთ მოედანზე, როდესაც სხვები თამაშობენ. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და გაწბილებულნი დარჩნენ".

მატჩის გმირი
მატჩის გმირად არაერთი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება - თუნდაც ალენის, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა და უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ ყველასგან მაინც აარონ რემზი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. რემზიმ დიდებული გოლი შეაგდო, საგოლე პასი მიითვალა აქტივში, სხვებზე არანაკლებ იშრომა და ბევრი ისეთი ეპიზოდი შემოგვთავაზა, რომელმაც გულშემატკივრებს ტაში დასტყუა. რემზი იყო დიდებული და ის იმსახურებს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.

ანალიზი
უელსის ნაკრებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და კიდევ მინიმუმ 5-6 უნდა გაეტანა. გარეთ ბეილს პოკერის შესრულება მაინც შეეძლო, მაგრამ ან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა, ან რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე. მეტის გატანა შეეძლო რემზისაც და მომენტები უელსის ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონდათ.

ბრიტანელებმა სამივე გოლი ისე შეაგდეს, რომ მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდნენ და ამით ყველაფერია ნათქვამი. უელსმა გადაუარა მეტოქეს, უშანსოდ დატოვა და სადაც სამართალია, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. რთული სათქმელია, უელსი იყო ასეთი კარგი თუ რუსეთი საშინლად ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს უელსი გახლდათ.

მოკლედ, უელსმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ისტორიულ მიზანს მიაღწია, კიდევ უფრო დიდი გამოცდა კი ამ გუნდს წინ ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ევროპის მიმდინარე ჩენპიონატზე და დამსახურებულად დაიკავა ჯგუფში ბოლო ადგილი. რუსებმა არათუ ფეხბურთი ვერ ითამაშეს, ვერც კი იბრძოლეს და უსახელოდ დატოვეს ტურნირი.

მსაჯი
რუსეთმა მხოლოდ 9-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, უელსმა კი 7-ჯერ, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მოედანზე ბრძოლა ნაკლები იყო და მსაჯსაც შედარებით იოლი ამოცანა ჰქონდა. იონას ერიკსონმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და უხეში შეცდომა არ დაუშვია.

დასკვნა
ფაქტი სახეზეა და ტაბლო ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: უელსმა პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია. ქებათა ქება კოულმენს და მის შეგირდებს, რომლებმაც მძიმე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და განაგრძობენ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე, რუსებს კი თურმე, საფრანგეთში არაფერი ესაქმებოდათ...

whoscored.com-ის ტოპ-5
გარეთ ბეილი უელ. 10,0
აარონ რემზი უელ. 9,7
ჯო ალენი უელ. 8,5
ჯეიმს ჩესტერი უელ. 8,2
ნილ ტეილორი უელ. 8,1

20 ივნისი. ტულუზი. "სტად დე ტულუზი"
რუსეთი-უელსი 0:3
გოლები: 0:1 რემზი (11. ალენი), 0:2 ტეილორი (20), 0:3 ბეილი (67. რემზი)
რუსეთი (4-4-1-1): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი (46. ა. ბერეზუცკი), იგნაშევიჩი, კომბაროვი - კოკორინი, მამაევი, გლუშაკოვი, სმოლოვი (70. სამედოვი) - შიროკოვი (52. გოლოვინი) - ძიუბა
უელსი (3-4-3): ჰენესი - ჩესტერი, ვილიამსი, დევისი - განტერი, ალენი (74. ედვარდსი), ლედლი (76. კინგი), ტეილორი - ბეილი (83. ჩერჩი), რემზი, ვოუკსი
გაფრთხილება: მამაევი - ვოუკსი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9-16 (2-11); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 28 840

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უელსის ასეთ მაღალ დონეს არ ველოდი. ბეილი ჯგუფური ტურნირის საუკეთესო მოტამაშეა. რემზი და ალენიც სუპერმენები აღმოჩნდნენ. ამ ფონზე უოქსი ტლანქად გამოიყურებოდა. რუსებზე რა ვთქვა. ინგლისთან ფრე არ დაუმსახურებიათ, ეს დარჩენილმა თამაშებმაც გვიჩვენა. 2018 წლის ჩემპიონატისთვის ვინ აირებს პასუხისმგებლობას, ამ გუნდს რაიმე შედეგი მიაღწევინოს. მართლა ძნელი იქნება მწვრთნელის მოძებნა.
თემო
21 ივნისი 2016 14:46
0
რაში მენაგვლება ან ერტის მოგება,ან მეორის წაგება!
ალეკსანდრე
21 ივნისი 2016 14:40
0
ვისაც ვალიელების მოგება და რუსების წაგება გეწყინათ-გილოცავთ 8 მარტს!
ვახტანგი
21 ივნისი 2016 14:17
0
რუსები დაღოღავდნენ, ისე 2018-ში ომს თუ დაიწყებენ, თორემ შანსი არანაირი არ აქვთ, პუტინი დასაბმელია, თან რიოშიც დისკვალიფიკაციას აძლევენ, მოკლედ კოშმარია, რუსები დარდის ჩახშობას სასმელში ცდილობენ
zviadi
21 ივნისი 2016 12:38
0
გასტრონომის ჩეკივითა კაცოო!
bavaria
21 ივნისი 2016 11:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული