ევრო 2016. D ჯგუფი. ხორვატია-ესპანეთი: ხორვატიამ ესპანეთი იტალიას დააჯახა [VIDEO]

AutoSharing Option
უცნაური მატჩი გაიმართა ქალაქ ბორდოში, სადაც ხორვატია ესპანეთს ეპაექრა და სამი ქულა მოიპოვა. უცნაური ის გახლავთ, რომ დიდი ალბათობით, ხორვატები წასაგებად გავიდნენ მოედანზე, რადგან მესამე ადგილით სურდათ ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ როდესაც ჩეხეთი-თურქეთის თამაშმა ამის შესაძლებლობა გამორიცხა, შემდეგ მოგება განიზრახეს და მიაღწიეს კიდეც მიზანს. ეს არის ვარაუდი და არა ფაქტი, მაგრამ ეს ვარაუდი აშკარად ახლოა სიმართლესთან...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ხორვატიის ნაკრები ტრადიციული, 4-2-3-1 ტაქტიკით დაუპირისპირდა მეტოქეს, რაც არავის გაჰკვირვებია; აი, შემადგენლობა კი მწვრთნელმა გვარიანად გადაახალისა. წინა მატჩთან შედარებით, ანტე ჩაჩიჩმა ერთბაშად
6 ფეხბურთელი შეცვალა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მრისხანე მეტოქეს სარეზერვო გუნდით დაუპირისპირდა.

რით შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოწვეული? - იქნებ ხორვატებს მესამე ადგილზე სურდათ გასვლა და ამით იტალიის ნაკრების თავიდან აცილება? - თუ ჩეხები თურქებს მოუგებდნენ და ხორვატია ესპანეთთან წააგებდა, ბალკანელები "სკუადრა აძურასთან" სწორედ ჩეხებს გაუშვებდნენ, თვითონ კი რომელიმე სხვა ნაკრებს გადაეყრებოდნენ და შესაძლოა, უფრო ნაკლებად სახიფათოს. ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით...

ვისენტე დელ ბოსკემ ნაცადი ტაქტიკა აირჩია და ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნო. შეტევის წინა ხაზზე ნოლიტო, სილვა და მორატა ვიხილეთ, შუა ხაზი კი ბუსკეტსმა, ინიესტამ და ფაბრეგასმა გაამაგრეს. დაცვის ცენტრში პიკე და რამოსი ვიხილეთ, ფლანგებზე კი - ხუანფრანი და ალბა. მოკლედ, დელ ბოსკემ არაფერი შეცვალა, ესპანეთმა კი აქცენტი ისევ ბურთის კონტროლზე და ტიკი-ტაკაზე გააკეთა.

გოლები
0:1 - მატჩი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც ესპანელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც სესკ ფაბრეგასის პასით და ალვარო მორატას გოლით დაგვირგვინდა.

1:1 - პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ხორვატებმა ფლანგიდან შეუტიეს, ივან პერიშიჩის ჩაწოდებას კი ნიკოლა კალინიჩის ეფექტური დარტყმა და გოლი მოჰყვა.

2:1 - მატჩის დასრულებამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც კალინიჩმა და პერიშიჩმა როლები გაცვალეს - ამჯერად, ნიკოლამ გაუკეთა მშვენიერი პასი ივანს, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია, 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ივან პერიშიჩი უნდა დავასახელოთ, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და არანაკლებ კარგი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ივანთან ერთად, კარგი იყო ნიკოლა კალინიჩიც, რომელსაც ასევე უნდა დავუფასოთ ნაყოფიერი გარჯა. ბრწყინვალე იყო ლუკა მოდრიჩი, ოღონდ სათადარიგოთა სკამზე და ამაზე ოდნავ ქვემოთ...

ანალიზი
იმას ვამბობდით, რომ ხარვატებს თითქოს მესამე ადგილზე სურდათ გასვლა და ამად იყო, რომ ესპანეთს განახევრებული შემადგებლობით დაუდგნენ და თანაც, თამაში ძალიან ინერტულად დაიწყეს. თუმცა, როდესაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ჩეხეთი თურქეთის მომგები არ იყო და ხორვატია ვერ დაქვეითდებოდა მესამეზე, მაშინ ბალკანელებმა უკვე მოგება დაისახეს მიზნად და მოუმატეს კიდეც.

შედეგად, ანტე ჩაჩიჩის შეგირდებმა ორი გოლი მიართვეს ესპანეთს, სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს.

თვითონ თამაში მეტწილად ნელ ტემპში წარიმართა, გუნდები კი ეპიზოდებში ფეთქდებოდნენ და მონაცვლეობით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. ბურთს რომ უფრო ხშირად დელ ბოსკეს გუნდი ფლობდა, არაა გასაკვირი, თუმცა ესპანელებმა სათამაშო უპირატესობა ვერ მოიპოვეს - მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა და ხორვატთა გამარჯვებას არალოგიკურს ვერავინ უწოდებს.

ცალკე სალაპარაკო თემაა ის, რაც 72-ე წუთზე მოხდა - მსაჯმა ხორვატთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც სერხიო რამოსმა შეასრულა და მას მეკარემ აჯობა. შედეგად, ანგარიში უცვლელი დარჩა, ხირვატებმა კი მოგების შანსი შეინარჩუნეს და მიაღწიეს კიდეც მიზანს.

პენალტის თემას ქვემოთ დავუბრუნდებით, იქამდე კი ესპანეთის ნაკრები უნდა გავაკრიტიკოთ, რომელმაც ძალიან ნელ ტემპში, უფერულად და უნიათოდ წარმართა შეხვედრა, რისი ლოგიკური დასასრულიც მწარე მარცხი იყო. მწარე იმიტომ, რომ პირენეელები მერვედფინალურ ეტაპზე იტალიას გადაეყარნენ - არადა, შეეძლოთ, რომ მაგალითად, უნგრეთთან ეთამაშათ ან რომელიმე მსგავსი კალიბრის გუნდთან.

მსაჯი
მატჩს ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი სჯიდა, რომელმაც 72-ე წუთზე შეცდომების მთელი კასკადი დააყენა: ჯერ ხორვატთა კარში არარსებული პენალტი დანიშნა, შემდეგ კი დანიელ სუბაჩიჩზე წესების აშკარა დარღვევა არ დააფიქსირა - როდესაც სერხიო რამოსმა ბურთს ფეხი მოუქნია და თერთმეტმეტრიანი დაარტყა, ხორვატთა მეკარე კარის ხაზიდან 2-3 მეტრით წინ იყო გასული, რაც საფეხბურთო წესებით აკრძალულია. მსაჯს ეს გამოეპარა და რამოსს პენალტის ხელმეორედ დარტყმის უფლება არ მისცა - არადა, უნდა მიეცა.

დასკვნა
ესპანეთს ფრეც ჰყოფნიდა იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინა, მერვედფინალში შედარებით სუსტ მეტოქეს შეხვედროდა და ზოგადად, იოლ ბადეში მოხვედრილიყო - ესპანეთმა წააგო თამაში, იტალიას გადაეყარა და პერსპექტივაში, გერმანიას და საფრანგეთს გახედა; ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ძალიან გაირთულა ცხოვრება, თუმცა ამ გუნდს რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ესეც ცხადია. რაც შეეხება ხორვატიას, ქებათა ქება, მთავარი გამოცდა კი ბალკანელებს წინ ელოდებათ.

და ერთიც - როდესაც სერხიო რამოსი პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა, ხორვატთა სათადარიგოთა სკამიდან ლუკა მოდრიჩი წამოხტა, დარიო სრნას უკარნახა, თუ სად დაარტყამდა პენალტს მისი თანაგუნდელი მადრიდის "რეალში" - სრნამ სუბაშიჩთან მიირბინა და მოდრიჩის დანაბარები გადასცა, მეკარემ კი პენალტი მოიგერია - ასე დაიდო მოდრიჩმა ხორვატთა გამარჯვებაში ლომის წილი სათადარიგოთა სკამიდან...

whoscored.com-ის ტოპ-5
ივან პერიშიჩი ხორ. 8,8
ნიკოლა კალინიჩი ხორ. 7,9
დავიდ სილვა ესპ. 7,5
მილან ბადელი ხორ. 7,4
დანიელ სუბაშიჩი ხორ. 7,4

ხორვატია-ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (7. ფაბრეგასი), 1:1 კალინიჩი (45. პერიშიჩი), 2:1 პერიშიჩი (87. კალინიჩი)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, იედვაი, ვრსალიკო - როგი (82. კოვაჩიჩი), ბადელი - პერიშიჩი, რაკიტიჩი, პიაცა (90. კოპი) - კალინიჩი
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა - ფაბრეგასი (84. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - სილვა, ნოლიტო (60. ბრუნო), მორატა (67. ადურისი)
შენიშვნა: რამოსმა ვერ გაიტანა პენალტი (72)
გაფრთხილება: სრნა, ვრსალიკო, როგი, პერიშიჩი (ხორვატია)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-9 (4-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 37 245

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 2 1 0 5:3 7
2. ესპანეთი 3 2 0 1 5:2 6
3. თურქეთი 3 1 0 2 2:4 3
4. ჩეხეთი 3 0 1 2 2:5 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიგრები არიან კროატები - კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართველებს შემთხვევით სულაც არ დაგვიმარცხებია ესპანელები - უმოტივაციო ესპანეთთან რომ მიუშვა, ალბანეთიც მოუგებს.... მოტივაცია ნამდვილად ექნებათ იტალიელებთან, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, ბუფონმა რომ დე ხეაზე მეტი გოლი გაუშვას....

P.S. რეალის ფეხბურთელებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ჩვეულება (ტოტალიზატორზე თამაში) რჯულზე უმტკიცესია - ამ ჩემპიონატზე ორი პენალტი გაფუჭდა, ორივე გადამწყვეტი და ორივე რეალის ვარსკვლავების "შესრულებ"-ით....
მსქროლავი ტროლი
14:08 22-06-2016
0
პენალტი რანაირად იყო არარსებული? საჯარომოში სისწრაფეზე რომ შეიჭრები, ჩაწოდებულ ბურთზე მცველს ასწრებ და ის ფეხს გამოგდებს (გინდა ნებით გინდა უნებურად) ეს პენალტი არ არის?
fraternity
12:47 22-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული