ევრო 2016. C ჯგუფი. ჩრდ. ირლანდია-გერმანია: როდის ვნახავთ რეალურ გერმანიას? [VIDEO]

AutoSharing Option
* თომას მიულერმა მატჩში ხარიხასაც გაარტყა ბურთი და ძელსაც.
* გერმანიის ნაკრებმა დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო.
* მესუთ იოზილმა 6 საგოლე შანსი შექმნა თამაშში, საჯარიმოში 7-ჯერ ჩააწოდა და 3-ჯერ დრიბლინგით გასცდა ვიზავის.
* ბოლო ხუთი დაპირისპირებაა, გერმანია ამარცხებს ჩრდილოეთ ირლანდიას.
* გერმანიის ნაკრებმა თამაშში მეტი პასი გააკეთა, ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიამ სამივე მატჩში.
* ბასტიან შვაინშტაიგერმა ევროპის ჩემპიონატებზე მე-15 მატჩი ითამაშა და გერმანიის რეკორდსმენი გახდა.

გერმანიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ძალების მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ შედეგს მიაღწია:
იოახიმ ლიოვის გუნდმა 1:0 მოიგო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გერმანელებს ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ. ისევე, როგორც პოლონეთთან შეხვედრაში (0:0), ბუნდესგუნდს არც ამჯერად ეტყობოდა მაქსიმალური მონდომება, თუმცა ეს არც იყო საჭირო, რადგან ჩრდილოეთ ირლანდია არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გერმანიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. გარდა მარიო გომესის გოლისა, ლიოვის ბიჭებმა კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს - ბურთის ფლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ (იხილეთ სტატისტიკა).

სტატისტიკა ვახსენეთ და ბარემ აქვე ვთქვათ: ბასტიან შვაინშტაიგერმა ვეროპის ჩემპიონატზე თავისი მე-15 შეხვედრა ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილიპ ლამს (14 მატჩი) აჯობა და ახლა ერთპიროვნული რეკორდსმენია.

მაშ ასე: გერმანიის ნაკრები მერვედფინალშია და მომდევნო შეხვედრას კვირას, ჩვენი დროით 20:00-ზე ლილში გამართავს. ბუნდესგუნდის მეტოქე A, B ან F ჯგუფის მესამეადგილოსანი იქნება - უფრო კონკრეტულად, მათგან საუკეთესო. ჩრდილოეთ ირლანდიას კი მერვედფინალში მოხვედრის თეორიული შანსი აქვს.

სასტარტო შემადგენლობები
ჩრდილოირლანდიელთა თავკაცმა მაიკლ ო’ნილმა უკრაინასთან 2:0-ზე მოგებული მატჩის იდენტური ძირითადი შემადგენლობა დააყენა და ტაქტიკურ სქემად 4-1-4-1 აირჩია. მისმა გერმანელმა კოლეგამ, იოახიმ ლიოვმა კი, დაპირებისამებრ, სასტარტოში ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხი და გამოცდილი ფორვარდი მარიო გომესი გაამწესა.

ჰიოვედესმა და დრაქსლერმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს. ბუნდესგუნდის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში დრაქსლერის ადგილზე გიოტცემ დაიხია, ცენტრფორვარდის ადგილი კი, რა თქმა უნდა, გომესმა დაიკავა. ხოლო კიმიხი სწორედ მარჯვენა მცველად გახლდათ გამწესებული.

გოლი
0:1 - 30-ე წუთზე იოზილის პასი გომესს, გომესმა კი ბურთი მიულერისკენ გაგზავნა, რომელმაც საჯარიმოში დიდხანს იწვალა და მერე ბურთი ისევ გომესს დაუბრუნა, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრიდან გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
მაიკლ ო’ნილი (ჩრდ. ირლანდია): "ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. გერმანიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ჰყავს. თამაში მართლაც კარგად დავიწყეთ, მერე კი, გზადაგზა, თავდაჯერება შემოგვაკლდა. თუ ტურნირიდან გავვარდებით, ვიტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ისე კი, ჯერ კიდევ გვაქვს მერვედფინალში მოხვედრის იმედი".

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ძალიან ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ეს არ მომეწონა. კარგი იყო ის, რომ მეტოქემ ჩვენს კართან მომენტები ვერ შექმნა. ჩვენ კი, უბრალოდ, უფრო ცივსისხლიანები და კონცენტრირებულები უნდა ვყოფილიყავით.

მატჩის გმირი
საქმენი საგმირონი ამ შეხვედრაში არავის ჩაუდენია, მაგრამ თუკი ეს რომელიმე ფეხბურთელზე მაინც უნდა ვთქვათ, მაშინ მატჩის გმირის წოდებას, უდავოდ, გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯოშუა კიმიხი იმსახურებს, რომელიც ნამდვილად არ არის ნომინალური მარჯვენა მცველი და ამ პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა. ადრეც დავწერეთ, რომ კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციაზე, შეტევაში ჰიოვედესზე გაცილებით ეფექტიანია, თუმცა ამ შეხვედრაში არც დაცვითი ფუნქციების შესრულება გაუჭირდა. საბოლოო ჯამში, მან ორთაბრძოლების დაახლოებით ორი მესამედი მოიგო. ფაქტია, რომ კიმიხის სახით გერმანიას ძალიან საინტერესო, უნივერსალური ფეხბურთელი ეზრდება.

მსაჯი
რა უნდა ვთქვათ შეხვედრის არბიტრ კლემან ტურპენზე? ფრანგ არბიტრს საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, რადგან მატჩი კორექტულად წარიმართა და არც საკამათო ეპიზოდები ყოფილა. პირველ ტაიმში გერმანიას ერთი კუთხური უსამართლოდ არ დაუნიშნა. სხვა მხრივ, შეცდომები არ დაუშვია.

ანალიზი
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე თამაშის ანალიზში ვწერდით, რომ ბუნდესგუნდს მეტი რესურსი აქვს და რომ გერმანელები ბოლომდე არ იხარჯებიან. ცხადია, ლიოვის გუნდს ამაზე გაცილებით მეტი შეუძლია, მაგრამ რაკი უკვე სამი მატჩი ჩაატარეს ასე, გვიჩნდება ეჭვი, რომ გერმანელებს ხალისი აკლიათ. უკრაინასთანაც, პოლონეთთანაც და ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც ლიოვის ბიჭები მინიმალურად დაიხარჯნენ - თუმცა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ და მათზე აუგის თქმის უფლება არავის აქვს.

ჩრდილოეთ ირლანდიამაც ისე ითამაშა, როგორც გერმანიის ნაკრების წინა ორმა მეტოქემ - დაცვიდან. ო’ნილის შეგირდები თავს ზოგჯერ ერთ ხაზზე განლაგებული 6 მცველითაც (!) კი იცავდნენ. ამ დროს გარემარბები - უორდი და დალასი ღრმად იხევდნენ უკან და ფლანგის მცველებად გვევლინებოდნენ. ამის გამო გერმანიას მეტოქის საჯარიმოში შეღწევა კი უჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი სივრცე ჰქონდათ ნახევარმცველებს, იოზილს, ხედირას და კროოსს, რომლებმაც სამკუთხედი შეკრეს და კარგად კომბინირებდნენ.

მეტოქე გუნდის დაცვის ხაზის წინ დიდი სივრცეები განსაკუთრებით იოზილს წაადგა. გერმანიის ნაკრების გამთამაშებელს ბურთის მშვიდად დამუშავების დრო ჰქონდა და უმეტესად, ძალიან კარგ პასებს ურიგებდა გომესს, მიულერს ან გიოტცეს.

ზემოთაც ვთქვით, რომ კიმიხი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და გაცილებით ხშირად უტევდა, ვიდრე ჰიოვედესი წინა მატჩებში. როცა გერმანიის ნაკრები უტევდა (და ფაქტობრივად, სულ უტევდა!), კიმიხი ყოველთვის ძალიან წინ იყო აწეული, რითაც ნომინალურ მარჯვენა გარემარბ თომას მიულერს ეძლეოდა იმის საშუალება, რომ შუაში შეწეულიყო და გომესის მეწყვილის, ანუ მეორე ფორვარდის როლი შეესრულებინა.

დასკვნა
გერმანიის ნაკრების გამარჯვება, რა თქმა უნდა, 100 პროცენტით დამსახურებულია. მეტიც: წესით, ბუნდესგუნდს გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. თუმცა ჩრდილოირლანდიელებმა ის მაინც დაამტკიცეს, რომ კონტრშეტევებზე კარგად მოთამაშე გუნდი გერმანიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

whoscored.com-ის ტოპ-5
მესუთ იოზილი გერ. 8,2
თომას მიულერი გერ. 8,1
მიაკლ მაკგოვერნი ჩ. ირ. 8,1
ჯოშუა კიმიხი გერ. 8,0
მარიო გომესი გერ. 7,9

21 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
ჩრდ. ირლანდია-გერმანია 0:1
გოლი: 0:1 გომესი (30. მიულერი)
ჩრდ. ირლანდია (4-1-4-1): მაკგოვერნი - ა. ჰიუზი, მაკოლი, კათკარტი, ჯ. ევანსი - ნორდვუდი - უორდი (70. მაგენისი), კ. ევანსი (84. მაკგინი), დევისი, დალასი - ვაშინგტონი (59. ლაფერტი).
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (76. ჰიოვედესი), ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა (69. შვაინშტაიგერი), კროოსი - მიულერი, იოზილი, გიოტცე (55. შიურლე) - გომესი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 2(1)-26(9); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 44 125

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 2 1 0 3-0 7
2. პოლონეთი 3 2 1 0 2-0 7
3. ჩრდ. ირლანდია 3 1 0 2 2-2 3
4. უკრაინა 3 0 0 3 0-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული