ევრო 2016. E ჯგუფი. იტალია-ირლანდია: ბრეიდის გმირობა [VIDEO]

AutoSharing Option
* ანტონიო კონტემ, წინა მატჩთან შედარებით, 11-დან 8 ფეხბურთელი შეცვალა.
* ბოლოს ევრო 2000-ზე ვერ შეძლო ჯანლუიჯი ბუფონმა ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების სასტარტოში თამაში.
* ირლანდიის ნაკრების გასვლით, ევრო 2016-ის მერვედფინალში ბრიტანეთის კუნძულების 4 წარმომადგენელი გავიდა: ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთი ირლანდია და ირლანდია.
* ჯგუფის ბოლო თამაშების შემდეგ გაირკვა, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

იტალია-ირლანდიის შეხვედრაში მოიგო იმ გუნდმა, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდებოდა. მარტინ ონილის შეგირდებმა ბოლო წუთებზე გაუტანეს გოლი "სკუადრა აძურას", 4 ქულას მოუყარეს თავი და გააღწიეს მერვედფინალურ
ეტაპზე.

ქებათა ქება ირლანდიას, რომელმაც სიკვდილის ჯგუფი დაძლია, იტალიამ კი, მარცხის მიუხედავად, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ანტონიო კონტემ 8 ახალი ფეხბურთელი ნახა საქმეში და შესაბამისად, ირლანდიას სარეზერვო შემადგენლობა დაუპირისპირა. დაცვაში ანდრეა ბარძალისთან და ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, ანჯელო ოგბონა ვიხილეთ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე. ფლანგებზე ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო გამოჩნდნენ, საყრდენი ხაზი კი ტიაგო მოტამ, დავიდე სტურარომ და ალესანდრო ფლორენციმ გაამაგრეს. შეტევაში ჩირო იმობილესა და სიმონე ძაძას ტანდემი მოქმედებდა. კარში სალვატორე სირიგუ იდგა და არა ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

მოკლედ, ბარძალის და ბონუჩის გარდა, კონტემ მთლიანად შეცვალა შემადგენლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბონუჩის ყვითელი ბარათი ჰქონდა და გაფრთხილება რომ მიეღო, ესპანეთთან მერვედფინალის გამოტოვება მოუწევდა. იტალიელთათვის საბედნიეროდ, ბონუჩიმ ყვითელი ბარათი არ მიიღო და პირენეელებთან ითამაშებს.

მარტინ ონილმა 4-4-1-1 ტაქტიკა შეარჩია და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ფრთხილი ფეხბურთი ითამაშა და როგორც ბოლოს გამოჩნდა, მისმა სტრატეგიამ გაამართლა. შეტევის წინა ხაზზე ლონგი იყო, რომელიც ძირითადად მეორე სართულზე იბრძოდა, მის უკან კი ერთბაშად 9 ფეხბურთელი მოქმედებდა. თუმცა, მიუხედავად ფრთხილი ტაქტიკისა, პერიოდულად ირლანდიელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და თამაშსაც აკონტროლებდნენ.

გოლი
0:1 - მატჩის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ჰულაჰანმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ბრეიდიმ კი თავური დარტყმით დალაშქრა იტალიელთა კარი. აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლში სალვატორე სირიგუს მიუძღვის ბრალი, რომელიც გამოსვლაზე შეცდა და ირლანდიელთა შემტევს, პრაქტიკულად, დაუცველ კარში გაატანინა გოლი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ანტონიო კონტე (იტალია): "რთული თამაში იყო, ბევრი ენერგია დავხარჯეთ და კარგი იქნებოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. მეტოქემ მაქსიმალურად მოინდომა, თავი არ დაზოგა და ეს დაუფასდა კიდეც. ვნახე ის, რისი ნახვაც მინდოდა და ამიტომ საწუწუნო არაფერი მაქვს. ვართ თუ არა მზად ესპანეთთან თამაშისთვის? - წარმოდგენა არ მაქვს. წესით, თქვენ უნდა იცოდეთ, ჟურნალისტებმა და იქნებ მითხრათ? - მე მართლა არაფერი ვიცი".

მატჩის გმირი
შეუძლებელია, რომ მატჩის გმირად რობი ბრეიდი არ დავასახელოთ, რომლის გოლმაც არა მარტო ერთი კონკრეტული მატჩის ბედი გადაწყვიტა, არამედ ირლანდიის ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. რომ არა ბრეიდის ზუსტი თავური, ირლანდიის ნაკრები და მისი მრავალი ათასი გულშემატკივარი სახლში დაბრუნდებოდა, ამ რეალობით კი ისინი საფრანგეთში რჩებიან და განაგრძობენ ასპარეზობას კონტინენტის პირველობაზე.

ანალიზი
პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და მთლიანობაში, მძიმე საყურებელი გამოდგა. იტალიელებს თითქოს არ სურდათ თამაში, ირლანდიელებს კი არ შეეძლოთ. მომენტები, პრაქტიკულად, არ შექმნილა და მცველები აშკარად ჩაგრავდნენ შემტევებს.

მეორე ნახევარში შედარებით გამოცოცხლდა თამაში - ანტონიო კონტემ ლორენცო ინსინიე და სტეფან ელ შაარავი ჩართო თამაშში, რითიც შეტევა აშკარად გააძლიერა. "სკუადრა აძურამ" უფრო სახიფათოდ შეუტია და სახიფათო მომენტებიც შექმნა, ყველაზე ახლოს კი მიზანთან ინსინიე იყო, რომელმაც რეიდი შესანიშნავი დარტყმით დაასრულა, თუმცა ბურთი ძელმა აისხლიტა. მოკლედ, იტალიმ შეუტია, რამაც საბოლოო ჯამში, ირლანდიელთა წისქვილზე დაასხა წყალი - იტალიელთა დაცვაში მეტი თავისუფალი სივრცე გაჩნდა, რასაც მოჰყვა კიდეც გოლი სირიგუს კარში. ირლანდიელებს იქამდეც შეეძლოთ გატანა, როდესაც ჰოლაჰანი დარჩა მეკარესთან პირისპირ, თუმცა საშინლად დაარტყა და შანსი ქარს გაატანა.

მთლიანობაში, ირლანდიამ წმინდა ბრიტანული ფეხბურთი ითამაშა - ბევრი ბრძოლით, ჩაწოდებებით და შედარებით სწორხაზოვანი, ფანტაზიას მოკლებული იერიშებით, თუმცა ფაქტია, რომ ბოლოს ამან შედეგი გამოიღო და მთავარიც სწორედ ესაა.

იტალიელთათვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - კარგია, რომ ლეონარდო ბინუჩიმ და ტიაგო მოტამ ყვითელი ბარათი არ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთთან ორივე ითამაშებს. კარგი იყო ლორენცო ინსინიე, რომელსაც ბოლო 20 წუთი მიეცა და ამ მცირე დროში დაამტკიცა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ცუდია ის, რომ სხვა რეზერვისტებმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვეს და რთული სათქმელია, რამდენად უნდა ჰქონდეს კონტეს მათი იმედი პლეი ოფში. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს...

მსაჯი
მატჩს რუმინელი არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი სჯიდა და უხეში შეცდომა არ დაუშვია. იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, როდესაც შეეძლო, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშის სცენარში უხეშად არ ჩარეულა და მის გადაწყვეტილებებს შედეგზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრებს აკლია ტექნიკა, კრეატივი და უჭირს სანახაობრივი თამაშის ჩვენება, ეს გუნდი იმსახურებდა მერვედფინალში გასვლას - იმსახურებდა თუნდაც იმ ბრძოლისუნარიანობის გამო, რომელიც იტალიასთან შეხვედრაში გამოავლინა და თუნდაც იმ გულშემატკივრების გამო, რომლებმაც საყვარელ გუნდს მხურვალედ და მეტიც, საოცრად უქომაგეს...

whoscored.com-ის ტოპ-5
რობი ბრეიდი ირლ. 8,0
სალვატორე სირიგუ იტა. 7,8
ვეს ჰულაჰანი ირლ. 7,3
შეინ დაფი ირლ. 7,3
ჯეიმს მაკლინი ირლ. 7,1

22 ივნისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
იტალია-ირლანდია 0:1
გოლი: 0:1 ბრეიდი (85. ჰულაჰანი)
იტალია (3-5-2): სირიგუ - ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა - ბერნარდესკი (60. დარმიანი), სტურარო, მოტა, ფლორენცი, დე შილიო (82. ელ შაარავი) - იმობილე (74. ინსინიე), ძაძა
ირლანდია (4-4-1-1): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, კეო, უორდი - ჰენდრიკი, მაკარტი (77. ჰულაჰანი), ბრეიდი, მაკლინი - მარფი (70. მაკგიდი) - ლონგი (90. ქუინი)
გაფრთხილება: სირიგუ, ბარძალი, ძაძა, ინსინიე - უორდი, ლონგი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-10 (1-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 44 268

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 0 1 3-1 6
2. ბელგია 3 2 0 1 4-2 6
3. ირლანდია 3 1 1 1 2-4 4
4. შვედეთი 3 0 1 2 1-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული