ევრო 2016. 1/8-ფინალი. გერმანია-სლოვაკეთი: მარშით მეოთხედფინალში! [VIDEO]

AutoSharing Option
* გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
* ევრო 2016-ზე მორიგი პენალტი გაფუჭდა - მესუთ იოზილს მეკარე კოზაჩიკმა აჯობა.
* მანუელ ნოიერი ერთადერთია, რომელმაც ევრო 2016-ზე 4-ვე მატჩში არ გაუშვა ბურთი.

გერმანიის ნაკრებმა სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს, რბილად რომ ვთქვათ, არაფერი გააბედვინა, დამაჯერებლად, 3:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავიდა. მეტიც: ანგარიშში სხვაობა უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო - იმ სამი გოლის გარდა, იოახიმ ლიოვის ბიჭებმა სლოვაკებს რომ გაუტანეს, მესუთ იოზილმა შეხვედრის დებიუტში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და,
ზოგადადაც, გერმანელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გერმანიის ნაკრებს 1976 წელს ული ჰიონესის თერთმეტმეტრიანის შემდეგ ყველა პენალტი გატანილი ჰქონდა. მეორე გოლი მარიო გომესის ანგარიშზეა, მესამე კი იულიან დრაქსლერმა გაიტანა და ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის შემდეგ (ორივე 2008-ში), გახდა მესამე გერმანელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

საინტერესოა ისიც, რომ გერმანიის ნაკრებმა მარტო სლოვაკეთთან შეხვედრაში გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ერთად. თანაც, გერმანელებმა თავიანთი კარი კვლავ მშრალად შეინახეს. ამრიგად, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში შესეირნების შემდეგ გერმანელები მეოთხედფინალში უკვე მარშით შევიდნენ და იქ, უფრო კონკრეტულად კი, ბორდოში, შაბათს, იტალიისა და ესპანეთის (თამაში დღესაა) გამარჯვებულს შეხვდებიან.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანელთა დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ნაღდი ცენტრფორვარდი მარიო გომესი და ჯოშუა კიმიხი (დაცვაში, მარჯვნივ) სასტარტოში დატოვა. სამაგიეროდ, სკამზე გადაინაცვლა მარიო გიოტცემ, რომელიც ლიოვმა ძირითადში დრაქსლერით ჩაანაცვლა. მერე დადასტურდა, რომ ეს იყო უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რადგან დრაქსლერმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გერმანელთა ტაქტიკური სქემა კი არ შეცვლილა - კვლავ 4-2-3-1 იყო.

აი, სლოვაკთა თავკაცმა იან კოზაკმა კი, ინგლისთან 0:0-ის შემდეგ სასტარტოში ოთხი ფეხბურთელი შეცვალა: ჰუბოკანის, პეჩოვსკის, მაკისა და დუდას ნაცვლად, ძირითადში გიომბერი, სკრინიარი, ჰროსოვსკი და დურისი გამოჩნდნენ. კოზაკმა 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით დაიწყო.

მატჩის შემდეგ
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "მატჩის ყოველ წამს ვაკონტროლებდით, ბურთითაც და უბურთოდაც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამიტომაც გავიმარჯვეთ ასეთი დამაჯერებელი ანგარიშით. ზოგადად, ჯერომ ბოატენგი იქ ასეთ დროს იმიტომ დგას ხოლმე, თანაგუნდელები დააზღვიოს, მაგრამ ხომ ნახეთ, როგორი გოლი გაიტანა? ჩემი აზრით, ერთ-ერთი ულამაზესი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე".

იან კოზაკი (სლოვაკეთი): "გერმანია უძლიერესია და, თანაც, სწორედ ასეთი ტურნირების გუნდია. გერმანელებმა ყველაზე კარგად იციან, რა დროს რა დოზით უნდა მოუმატონ ასეთ ტურნირებზე. გარდა იმისა, რომ გერმანიის ნაკრებმა დღეს სწრაფი გოლი გაიტანა, შესანიშნავადაც ითამაშა და ეს გამარჯვება აბსოლუტურად დაიმსახურა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მათთვის პრობლემების შექმნა. ანგარიში რამენაირად რომ გაგვეთანაბრებინა, მერე სულ სხვა თამაში წავიდოდა, მაგრამ გერმანელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. ვფიქრობ, სლოვაკეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა, გამოცდილება მიიღო და მაქსიმუმს მიაღწია - რაც უნდა იყოს, ჩვენ 4 მატჩი ჩავატარეთ".

გოლები
1:0 ბოატენგი (8): გერმანელებმა ანგარიში კუთხურიდან გახსნეს. საქმე ის იყო, რომ სლოვაკებმა ბურთის საჯარიმოდან ხეირიანად გამოტანა ვერაფრით მოახერხეს, იქვე ახლოს კი თავის შანსს ჯერომ ბოატენგი ელოდა, რომელმაც ლამაზი დარტყმით, დაახლოებით 19 მეტრიდან დალაშქრა კოზაჩიკის კარი. მართალია, ბურთი ოდნავ შეეხო სკრინიარს, მაგრამ არა იმდენად, რომ ბურთს მიმართულება სერიოზულად შეეცვალა.

2:0 გომესი (43): დრაქსლერმა კუჩკა გააცურა, მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და დროული, ზუსტი პასით მოძებნა გომესი, რომელსაც მცველისთვის დასწრება და გოლის გატანა არ გაუჭირდა.

3:0 დრაქსლერი (63): ისევ კუთხური. კროოსმა მოაწოდა, ჰაერში ჰუმელსმა გრეგუსს აჯობა, ბურთი კი ახლოს მდგარ დრაქსლერს მიუვიდა, რომელმაც აუღებელი დაურტყა კოზაჩიკს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი
კიდევ კარგი, რომ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში დრაქსლერი ათამაშა, თორემ ამ უდავოდ ნიჭიერი ბიჭის ასეთ კარგ და, რაც მთავარია, ეფექტიან და შედეგის მომტან თამაშს ხომ ვერ ვნახავდით? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვოლფსბურგელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გოლი და საგოლე პასი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებში - ამაზე უკეთესი მაჩვენებელი იშვიათად აქვთ ხოლმე.

მსაჯი
პოლონელმა სიმონ მარჩინიაკმა მთლიანობაში ნორმალურად იმსაჯა - ყოველ შემთხვევაში, მძიმე შეცდომები არ ჰქონია და არც თამაშის სადავეები გაჰქცევია ხელიდან. მატჩის დასაწყისში დანიშნული პენალტი მაინც საკამათოა და სადისკუსიო - ასეთ თერთმეტმეტრიანს ბევრი არ დანიშნავდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 67-ე წუთზე ჰუმელსისთვის ყვითელი ბარათის აფრიალება აშკარად გადაჭარბებული იყო.

ანალიზი
ზემოთაც ვთქვით, რომ გერმანიამ თავის ტაქტიკურ სქემას არ უღალატა - სამაგიეროდ, მარცხენა ფლანგზე გიოტცეს ნაცვლად დრაქსლერის გამწესებამ ნამდვილად გაამართლა. საქმე ისაა, რომ დრაქსლერი გიოტცეზე გაცილებით მოქნილად და ეფექტურად უტევდა. კოზაკის სქემა კი, როგორც აღვნიშნეთ, 4-1-4-1 იყო - სკრინიარის სახით ერთადერთი კლასიკური საყრდენი ნახევარმცველით.

ზუსტად ისე, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიასთან, გერმანიის ნაკრების ფლანგის მცველები, კიმიხი და ჰექტორი ბუნდესგუნდის შეტევებისას ძალიან წინ მოქმედებდნენ და მოედნის ცენტრში თითქმის ყოველთვის რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგები უკვე თამამად და ხმაურიანად მოუწოდებენ ლიოვს, რომ კიმიხი და ჰექტორი ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდოს. ფაქტია, რომ ფლანგებზე ორივე ნავარდობდა, აწოდებდნენ და აწოდებდნენ სლოვაკთა საჯარიმოში მაღალ ბურთებს. ამაში გასაკვირი არაფერია - გერმანელებს ხომ ტანმაღალი გომესი ჰყავდათ სასტარტოში.

სამი შემტევი ნახევარმცველიდან, იოზილი თავიდან მარჯვნივ იყო, ცენტრში კი მიულერი მოქმედებდა. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანელები, ძირითადად, ჩაწოდებებით ცდილობდნენ გოლის გატანას. მიულერიც მედგრად იბრძოდა, თუმცა, ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა.

სლოვაკეთის ნაკრებმა, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ ამ გუნდს ტაქტიკური სისუსტე სწორედ გერმანიასთან დაეტყო. სლოვაკები პრესინგს იშვიათად მიმართავდნენ და გერმანელებს სივრცეებს ვერ უზღუდავდნენ.

დასკვნა
ზედმეტად მშვიდად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში აშკარად მოუმატა, რაც იოახიმ ლიოვის გუნდის თამაშის ხარისხზეც აისახა და ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშშიც. ახლა კი გერმანელები ან იტალიას შეხვდებიან, ანაც ესპანეთს და უკვე ფაქტია, რომ სწორედ ეს იქნება მეოთხედფინალური რაუნდის ცენტრალური მატჩი.

whoscored.com-ის ტოპ-5
იულიან დრაქსლერი გერ. 9,4
ტონი კროოსი გერ. 8,2
ჟერომ ბოატენგი გერ. 8,1
მარიო გომესი გერ. 8,0
იურაი კუცკა სლო. 7,7

26 ივნისი. ლილი. "მეტროპოლი"
გერმანია-სლოვაკეთი 3:0
გოლები: 1:0 ბოატენგი (8), 2:0 გომესი (43. დრაქსლერი), 3:0 დრაქსლერი (63. ჰუმელსი)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (72. ჰიოვედესი), ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა (76. შვაინშტაიგერი), კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (72. პოდოლსკი) - გომესი.
სლოვაკეთი (4-1-4-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, გიომბერი (84. სალატა) - სკრინიარი - კუჩკა, ჰროსოვსკი, ჰამშიკი, ვაისი (46. გრეგუსი) - დურისი (64. შესტაკი).
შენიშვნა: იოზილმა ვერ გაიტანა პენალტი (13)
გაფრთხილება: კიმიხი, ჰუმელსი - შკრტელი, კუჩკა
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19(7)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 44 312

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული