ევრო 2016. 1/4-ფინალი. გერმანია-იტალია: ფორტუნამ გერმანიას გაუღიმა [VIDEO]

AutoSharing Option
* გერმანიის ნაკრებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აქამდე არასოდეს მოეგო იტალიისთვის. ძირითად დროში ეს გერმანიის ნაკრებმა ვერც ახლა შეძლო.
* 18 პენალტი ევროპის ჩემპიონატის პენალტების სერიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ დაარტყეს - 1980 წელს იტალიამ III ადგილისთვის მატჩში ჩეხოსლოვაკიას 9:8 აჯობა.
* ჯანლუიჯი ბუფონმა და მანუელ ნოიერმა ამ ტურნირზე გოლები პირველად გაუშვეს.
* ამ ორმა გუნდმა დამატებითი დრო ბოლოს 2006 წელს ითამაშა, როცა იტალიამ 2:0 იმარჯვა.
* 1982 წლის მერე პირველად მოხდა, რომ გერმანიის ნაკრებმა ვერ გაიტანა მატჩისშემდგომი პენალტი.

120-წუთიანი დრამა
თერთმეტმეტრიანების სერიით დასრულდა, საფეხბურთო ლატარიაში კი გერმანიის ნაკრებს გაუმართლა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალად შერაცხულმა მატჩმა, სანახაობრივი კუთხით, ვერ გაამართლა მოლოდინი, მაგრამ რა დროს სანახაობაა, როდესაც სასწორზე ნახევარფინალური ეტაპის საგზური დევს და ერთმანეთის პირისპირ უპრინციპულესი მეტოქეები: გერმანია და იტალია დგანან.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
იოახიმ ლიოვმა ტაქტიკური მონახაზი შეცვალა და თუ სხვა გუნდებს 4-2-3-1 სქემით ეთამაშებოდა, იტალიას 3-4-2-1 დაუპირისპირა. დაცვის ცენტრში სამი ფეხბურთელი დააყენა, ჰიოვედესის, ჰუმელსის და ბოატენგის შემადგენლობით, თუმცა მოედანზე კიდევ ორი ნომინალური მცველი იყო, კიმიხის და ჰეკტორის სახით. მოკლედ, ლიოვმა თავი დაიზღვია, დაცვა გაამაგრა და აქედანაც გამოჩნდა, რომ იტალიას ძალიან უფრთხოდა.

ბუნებრივია, დაცვის გაძლიერებას შეტევითი პოტენციალი შეეწირა და ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ დრაქსლერი, რომელიც სლოვაკეთთან პაექრობაში საუკეთესი იყო მოედანზე. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი გომესი იყო, მის უკან კი მიულერი და იოზილი მოქმედებდნენ.

მიუხედავად დიდი საკადრო პრობლემებისა, ანტონიო კონტემ ტაქტიკა არ შეცვალა და მეტოქეს 3-5-2 სქემით დაუხვდა. დაცვის ცენტრში - ბარძალის, ბონუჩის და კიელინის ტრადიციული სამეული, ნახევარდაცვის ფლანგებზე - ფლორენცი და დე შილიო, ცენტრში - სტურარო, პაროლო და ჯაკერინი, ხოლო შეტევაში - ედერი და პელე. მოკლედ, დე როსის, კანდრევას და მოტას არყოფნაში, ძირითად შემადგენლობაში სტურარო ვიხილეთ, რომელიც საფრანგეთში, ალბათ, ერთ-ერთ ბოლო რეზერვისტად გაემგზავრა.

გოლები
1:0 - მატჩის 65-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გერმანელებმა მარცხენა ფრთიდან წამოიწყეს იერიში. გომესის შესანიშნავი პასის შემდეგ ჰეკტორმა ფლანგი გაარღვია და იოზილს იდეალური პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით დალაშქრა ბუფონის კარი.

1:1 - მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც იტალიელებმა აუტი მოაწოდეს, გრაციანო პელემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ბოატენგს ხელზე მოარტყა, მსაჯმა კი თერთმეტეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად ლეონარდო ბონუჩიმ შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
იოახიმ ლიოვი (გერმანია): "როდესაც იტალია-ესპანეთის მატჩს ვუყურე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ კონტეს გუნდის წინააღმდეგ 3 ცენტრალური მცველით უნდა გვეთამაშა. ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ. ტაქტიკურად და ფიზიკურად ორივე გუნდი იდეალურად იყო მომზადებული, ფინალი კი მართლაც დრამატული გამოდგა. დასანანი გოლი გავუშვით და მეეჭვება, რომ იტალიას ჩვენთვის თამაშიდან გაეტანა. ეს იყო დიდი მატჩი, რომელშიც გამარჯვება დავიმსახურეთ".

ანტონიო კონტე (იტალია): "ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონებმა ტაქტიკური სქემა შეცვალეს, ნათლად მეტყველებს, რომ ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ჩვენთან თამაშს. გერმანია უძლიერესი გუნდია, რომელსაც არაფერი დავუთმეთ და მოგებამდე სულ მცირედი დაგვაკლდა. დასანანია, რომ ტურნირს თერთმეტმეტრიანების სერიით ვეთიშებით, რადგან აქ უკვე მთავარი იღბალი და გამართლებაა.

ჩვენ გვჯეროდა ოცნების და ვიბრძოდით ამ ოცნებისთვის ფეხებით, კბილებით და სხეულის ყველა ნაწილით. ვიბრძოდით და ამ ოცნების ასასრულებლად ყველაფერი გავაკეთეთ. იტალიის ნაკრებში ორი საოცარი წელი გავატარე და გუნდის დატოვება ძალიან მიჭირს. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური გუნდი, რომელიც უჩემოდ დიდ წარმატებას მიაღწევს. იტალიური ფეხბურთი ცოცხალია და ის კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას".

მატჩის გმირი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ლეონარდო ბონუჩი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა მთელი 120 წუთის განმავლობაში და უბრალოდ, შეუდარებელი იყო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჯანლუიჯი ბუფონზე, რომელიც დამაჯერებლობის განსახიერება გახლდათ, ერთხელ კი ისეთი ბურთი გამოაძრო, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია.

ბრწყინვალე იყო ჰუმელსი და თუ აკიდებულ თერთმეტმეტრიანს არ ჩავთვლით, ძალიან კარგად ითამაშა ბოატენგმაც, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ნოიერი უნდა დავასახელოთ. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, თერთმეტმეტრიანების სერიაში გერმანიის ნაკრების მეკარე შესანიშნავი იყო.

ანალიზი
ვიხილეთ თანაბარი თამაში, რომლის ლოგიკური ფინალი სწორედ თერთმეტმეტრიანების სერია იყო, იქ კი ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. ზოგადად, გერმანელები მეტწილად იგებენ პენალტების სერიას, იტალიელები კი პირიქით, აგებენ.

მათ ანტირეკორდი დაამყარეს და დიდ საფეხბურთო ტურნირებზე მეშვიდედ დამარცხდნენ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში. ამ თვალსაზრისით, გერმანელთა გამარჯვება ლოგიკურია და მხოლოდ იღბალზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თვითონ თამაშში "ბუნდესგუნდმა" ისევ ვერ აჯობა "სკუადრა აძურას"...

მთელი თამაში საჭადრაკო პარტიას, ტაქტიკურ ორთაბრძოლას ჰგავდა, გუნდები კი ფრთხილობდნენ და უპირატესობას საკუთარი კარის უსაფრთხოებას ანიჭებდნენ. ეს თავიდანვე ნათელი გახდა, როდესაც ლიოვმა 5 ნომინალური მცველი დააყენა, იტალია კი შეტევაში რომ არ გაიქცეოდა, ეს ცხადზე უცხადესი იყო.

თუ გოლებს არ ჩავთვლით, მთელ 120 წუთში გუნდებს თითო რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ - ერთხელ ბოატენგმა გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და მეორედ ფლორენციმ - ამ ეპიზოდებში მცველებმა შესანიშნავად დააზღვიეს მეკარეები.

ზოგადად, მცველები აშკარად სჯობდნენ შემტევებს და ამად იყო, რომ მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. გერმანელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს და შესაბამისად, დიდ დროს ატარებდნენ იტალიელთა საჯარიმოს მისადგომებთან, მაგრამ "სკუადრა აძურას" იერიშები, უფრო ხშირად კი კონტრიერიშები უფრო მწვავე და სახიფათო გახლდათ.

მთლიანობაში, მატჩი ლოგიკურად მივიდა თერთმეტმეტრიანების სერიამდე, იქ კი მართლაც დრამატულად განვითარდა მოვლენები - სასწორი რამდენჯერმე გადაიხარა ხან ერთი, ხან მეორე გუნდის მიმართულებით, თუმცა ბოლოს მაინც გერმანიას გაუმართლა და ჰეკტორის ზუსტი დარტყმის შემდეგ ლიოვის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა...

მსაჯი
მატჩს უნგრელი არბიტრი ვიკტორ კასაი ემსახურებოდა, რომელმაც თამაში არ გააფუჭა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში აშკარად შეცდა და ვერ ვიტყვით, რომ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა.

დასკვნა
ბრავო იტალიას, რომელმაც "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა, მერვედფინალში კი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. ბრავო იტალიას, რომელმაც უდიდესი დანაკლისით, პრაქტიკულად, განახევრებული შემადგენლობით ბოლომდე იომა მსოფლიოს ჩემპიონთან და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ბრავო იტალიას, რომელმაც ძალიან გაალამაზა ევრო 2016.

გერმანიის ნაკრები განაგრძობს არანორმალური, არარეალური სტაბილურობის დემონსტრირებას და ეს გუნდი ისევ დიდი ტურნირის ნახევარფინალშია. გერმანია წინ მიიწევს და მორიგ ტუტულს უმიზნებს...

whoscored.com-ის ტოპ-5
მარკო პაროლო იტა. 7,6
იონას ჰეკტორი გერ. 7,5
ჯოშუა კიმიხი გერ. 7,4
ანდრეა ბარძალი იტა. 7,4
მატია დე შილიო იტა. 7,3

2 ივლისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"
გერმანია-იტალია 1:1 (პენ. 6:5)
გოლები: 1:0 იოზილი (65. ჰეკტორი), 1:1 ბონუჩი (78)
გერმანია (3-4-2-1): ნოიერი - ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი - კიმიხი, ხედირა (16. შვაინშტაიგერი), კროოსი, ჰეკტორი - მიულერი, იოზილი - გომესი (72. დრაქსლერი)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (120. ძაძა) - ფლორენცი (86. დარმიანი), სტურარო, პაროლო, ჯაკერინი, დე შილიო - ედერი (106. ინსინიე), პელე
პენალტები: 0:1 ინსინიე; 1:1 კროოსი; 1:1 ძაძა; 1:1 მიულერი; 1:2 ბარძალი; 1:2 იოზილი; 1:2 პელე; 2:2 დრაქსლერი; 2:2 ბონუჩი; 2:2 შვაინშტაიგერი; 2:3 ჯაკერინი; 3:3 ჰუმელსი; 3:4 პაროლო; 4:4 კიმიხი; 4:5 დე შილიო; 5:5 ბოატენგი; 5:5 დარმიანი; 6:5 ჰეკტორი
გაფრთხილება: ჰუმელსი, შვაინშტაიგერი - დე შილიო, პაროლო, სტურარო, პელე, ჯაკერინი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-7 (3-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 764

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ წერილის ავტორმა, მგონი, სხვა თამაშს უყურა.
გიორგიპირველი
15:52 04-07-2016
0
4 წლის უკან 2012-ში დაგავიწყდა, როგორ გაგიფარჩაკა შენი ნაქები იტალია ესპანეთმა, თუ ასე ძლიერი იყო? იტალიას შემტევი ფეხბურთი, როგორც ნაკრებს არასდროს უთამაშია, სულ ყოველთვის კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს, კატენაჩო საიდან წამოვიდა, გერმანიიდან? ვიცი რომ გიყვარს იტალია, მაგრამ ისე ხარ დაბრმავებული, სხვას ვერაფერს არჩევ. ირბინე შენ 15 კმ და მერე რისი პენალტის დამრტყმელი ხარ გავიგებ ერთი.
fraternity-s
16:21 04-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული