ევრო 2016-ის ამბები: სტურარო მძიმედ დაშავებულა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე, გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში, იტალიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა დავიდე სტურარომ ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაცხადდა, დაახლოებით ორი თვის გამოტოვება მოუწევს. შესაბამისად, 23 წლის ნახევარმცველი "იუვენტუსის" მთელ მოსამზადებელ ციკლს გამოტოვებს და შესაძლოა, სეზონის სასტარტო შეხვედრებსაც დააკლდეს. ამ თემაზე ჟურნალისტებს თავად სტურარო ესაუბრა:

"გერმანიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლში ტკივილი ვიგრძენი და როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, საკმაოდ მძიმედ ვარ დაშავებული. მეორე და დამატებითი ტაიმები ტკივილით ვითამაშე, მაგრამ ჩემი შემცვლელი სათადარიგოთა სკამზე არავინ იყო და ამიტომ მოედანზე ბოლომდე დავრჩი. სარეაბილიტაციო
კურსს ორი თვე დასჭირდება და ვეცდები, რომ სეზონის დაწყებამდე სრულად გამოვჯანმრთელდე".

შვაინშტაიგერმა და ჰიოვედესმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა და ბენედიქტ ჰიოვედესმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს. ორივეს გარკვეული პრობლემები აწუხებს. შვაინშტაიგერის თამაში საფრანგეთთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში კითხვის დიდი ნიშანი უზის. რაც შეეხება ჰიოვედესს, წესით, მან გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან მატჩში იოახიმ ლიოვის გუნდს ტრავმების გამო მარიო გომესი და სამი ხედირა დააკლდებიან.

ჩავი: ესპანეთმა სტილი არ უნდა დაკარგოს!
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ "ფურია როხამ" არამც და არამც არ უნდა დაკარგოს თავისი თამაშის სტილი.

"ზედიზედ სამჯერ ევროპის ჩემპიონატი არც ერთ ნაკრებს არ მოუგია. ჩვენი გუნდი მაგრად ეცადა ესპანელი ხალხის გახარებას, მაგრამ არ გამოვიდა. ჩემი აზრით, ესპანეთმა არამც და არამც არ უნდა დაკარგოს ის სათამაშო სტილი, რომელსაც ის მისდევდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში", - თქვა ჩავიმ.

ბრაიტნერი ჩემპიონატს აკრიტიკებს
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ ბრაიტნერმა საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გააკრიტიკა. "აქამდე ევროპის ჩემპიონატი ისეთივე ცუდია, როგორც ეს იყო 2004 წელს. ეს უეფას ბრალია, რომელიც კვალში უდგას ფიფას და მხოლოდ ფულის შოვნაზე მუშაობს. ბევრი თამაშია, შეჯიბრება დიდხანს გრძელდება. პორტუგალიას ჯერ ძირითად დროში თამაში არ მოუგია და ის ნახევარფინალშია", - თქვა ბრაიტნერმა.

რას ნანობს დელ ბოსკე?
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ნანობს, თუ რატომ არ ითამაშა სამი ცენტრალური მცველით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიასთან. "როცა თურქეთს მოვუგეთ, ჩვენ ცაში აგვიყვანეს. მიმაჩნია, რომ იტალიის ნაკრებთან წაგების შემდეგ ზედმეტი კრიტიკა გვერგო. ჩვენ იტალიასთან თამაშის წინ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. ვნანობ, სამი ცენტრალური მცველით რომ არ ვითამაშეთ", - თქვა დელ ბოსკემ.

სტოიჩკოვი: რონალდოს "ოქროს ბურთს" სილამაზე მოაგებინებს
ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე ცაკლეული ფეხბურთელები შეაფასა. "გრიზმანი ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. და მაინც, "ოქროს ბურთს", ალბათ, რონალდო მოიგებს თავისი სილამაზის გამო. წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის ბრძოლა გარეთ ბეილსაც შეუძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავა", - თქვა სტოიჩკოვმა.

ფინალს კლატენბურგი განსჯის, თუ...
ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი იმსაჯებს იმ შემთხვევაში, თუ ნახევარფინალში უელსის ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდება. მართალია, არ არსებობს ოფიციალური აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, ერთი ბრიტანული ქვეყნის წარმომადგენელ მსაჯს მეორე ბრიტანული ქვეყნის ნაკრების თამაშის განსჯა არ შეუძლია, მაგრამ უეფა მაინც ერიდება ინტერესთა კონფლიქტს.

იმ შემთხვევაში, თუ უელსი ფინალში გავა, გადამწყვეტი შეხვედრისათვის სხვა მსაჯი შეირჩევა.

ჟირუ: ნოიერისთვის გატანა შეიძლება
საფრანგეთის ნაკრების შემტევმა ოლივიე ჟირუმ გერმანიის ნაკრების მეკარეზე, მანუელ ნოიერზე ისაუბრა. "ის გერმანიის ნაკრების ლიდერია, მაგრამ მე მისთვის ადრე რამდენჯერმე გამიტანია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისთვის გატანა შეიძლება", - თქვა ჟირუმ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს სწორედ საფრანგეთი და გერმანია შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული