ევრო 2016. ჰოლანდიის ნაკრები: რობენზე დამოკიდებულნი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ადვილი შესაძლებელია, ისე მოხდეს, რომ ჰოლანდიის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდეს კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე, რაც ამ გუნდის უამრავი გულშემატკივრისათვის ნამდვილი ტრაგედია იქნება.

ფიასკო ისლანდიასთან, ფიასკო თურქეთთან - ეს უკვე შემთხვევითი აღარ არის. როგორც ჩანს, საქმეს არც მწვრთნელების ხშირი ცვლა შველის. დანი ბლინდის ფაქტორს ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი სხვა რამეს მივაქციოთ ყურადღება.

დღევანდელი ფორმაციის ჰოლანდიის ნაკრებში რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობს და რამდენიმე ვარსკვლავი. მაგალითად, იქ არიან რობინ ვან პერსი, მემფის
დეპაი, კლას იან ჰუნტელაარი.

ეს გასაგებია, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი და როგორც გინდა გაზომე, ჰოლანდიის ნაკრები დღეს მაინც ერთი ფეხბურთელის გუნდია და ამ ფეხბურთელს არიენ რობენი ჰქვია. არავინ იცის, რატომაა ასე ძლიერ დამოკიდებული ჰოლანდია რობენზე.

თუ ამ გუნდის შემადგენლობას გადავხედავთ, ეს ასე არ უნდა იყოს. ამ ჰოლანდიას არ აკლია ინდივიდუალისტები, თუმცა თამაშის "გაკეთება" ნაკრებში მხოლოდ რობენს შეუძლია. ჰოლანდიის ნაკრებისთვის განგაშის ზარი მას შემდეგ გაისმა, რაც ისლანდიასთან საშინაო მატჩში რობენი დაიმტვრა. რობენი დაიმტვრა და ჰოლანდიაც მორჩა.

დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევს გუნდი, რომელიც ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის, თუნდაც, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყოს.

მიღწევა ერთია და გულშემატკივრები ნამდვილად ვერ შეეგუებიან იმას, რომ ევროპის ჩემპიონატმა ჰოლანდიის ნაკრების გარეშე ჩაიაროს. ეს ტრაგედია იქნება მათთვის და ვფიქრობთ, არც ევროპირველობას წაადგება.

ჰოლანდიის ნაკრების მეორე მთავარი სატკივარი მწვრთნელია. დანი ბლინდის კვალიფიკაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბლინდი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ჯერჯერობით, მისგან კარგი მწვრთნელი ვერ გამოდის.

ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან გარისკა, როცა ბლინდს ეროვნული გუნდი ჩააბარა. დანის იქამდე გაეწვრთნა "აიაქსი", იყო ამსტერდამული კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდა ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

ჰოლანდია დიდი ვერაფერი იყო გუს ჰიდინკის დროს. გუსმა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წააგო, მაგრამ ის მოსაგებს ხანდახან მაინც იგებდა. ბლინდის შემთხვევაში არც ეს გამოდის.

ბლინდის ჰოლანდია უფრო მოსაწყენია, ვიდრე ჰიდინკისა. ჰიდინკის გუნდს კი ყველა გაუთავებლად აკრიტიკებდა. აკრიტიკებდა დამსახურებულადაც - სადაც ჰოლანდიაა, იქ გოლები, ლამაზი თამაში და შედეგი უნდა იყოს.

საერთოდ, ჰოლანდიის ნაკრები მას შემდეგ ვერ დაეწყო, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აღარ არის. ვან გაალის ჰოლანდია დაფრინავდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის დიდებული იყო, თუმცა ეს მაინც ერთჯერად "გაფრენას" ჰგავდა.

რატომ? ჰოლანდიის ნაკრებში იწყება თაობათა ცვლის პროცესი, ვეტერანები მიდიან. მალე რობენი, ვან პერსი, სნეიდერი და სხვები წავლენ. ზოგიერთი უკვე წავიდა. საერთოდ, ცუდია, როცა ავანსცენიდან ის ხალხი გადის, ვის თამაშსაც ჩვენ მივეჩვიეთ, მაგრამ აბა, მუდმივად ფეხბურთს ვინ შერჩენია?!

ახალგაზრდობა - სწორედ ამ თაობამ უნდა იტვირთოს ჰოლანდიის ნაკრების მხსნელის მისია. იმედია, არიენ რობენიც ფეხზე დადგება. მალე ჰოლანდიას ევროშესარჩევი ციკლის გადამწყვეტი ჯახები ელის და ამ ჯახებში მას რობენი სჭირდება.

სჭირდება რობენი ახალგაზრდებთან ერთად. დეპაისთან, ნარსინგთან, ბრუმასთან და სხვებთან ერთად. საერთოდ, ჰოლანდიას ახლა ქუდზე კაცი სჭირდება, რადგან ასე მძიმე დღეში ბოლო დროს არასოდეს ყოფილა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ჰოლანდიის საშველი ახალგაზრდობაშია. ახლა სხვა გამოსავალი არ არის. ნაკრების ახალგაზრდა ბირთვმა, მემფის დეპაის მეთაურობით, ხელში უნდა აიღოს ეროვნული გუნდის თამაშის სადავეები.

ჰოლანდიამ სულ ცოტა ხნის წინ გაუშვა მწვრთნელი. ახლა მწვრთნელის გაშვება კიდევ ერთხელ არ შეიძლება, თორემ სიტუაცია კიდევ უფრო აირევა. ბლინდს უნდა აცადონ და ბიჭებმაც ფხა გამოიჩინონ.

ჰოლანდიას ერთი კაცი მაგრად აკლია - კევინ სტროოტმანი. მის გარეშე თითქოს გუნდი ხერხემალშია გადატეხილი. კი, დე იონგს შეუძლია 90 წუთის განმავლობაში ირბინოს და ჩაშალოს, მაგრამ ის ვერაფერს ქმნის.

სტროოტმანი თითქოს, მინდორზე დგას, მაგრამ ეს ძალიან მატყუარა შთაბეჭდილებაა, რომელსაც შეცდომაში შევყავართ. ის ქმნის და შლის - დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ასეთი მოთამაშე ბევრი არ არის.

ჰოლანდიას მაინცდამაინც ახლა არ ჰყავს სტროოტმანი. არადა, ძალიან გამოადგებოდა, მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ არის. ახლა მოქმედების დროა, თორემ თუ ურემი გადაბრუნდა, მერე გვიან იქნება.

ეროვნულ გუნდს ბევრი აკრიტიკებს, ბევრი გვერდით უდგას. რა თქმა უნდა, ჩვენს წერილში ყველა ცნობილი ფეხბურთელის, ყველა ვარსკვლავის პოზიციის დაფიქსირება შეუძლებელია. მხოლოდ იმას დავწერთ, რაც მარკო ვან ბასტენმა თქვა:

"მჯერა, ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიის გარეშე არ ჩაივლის!"
ლეგენდას უნდა დავეთანხმოთ. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჰოლანდია, არამედ მთელი საფეხბურთო მსოფლიო და თავად ფეხბურთი დამარცხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოლანდია უკვე გავარდნილია და სიტყვების ბრახაბრუხი მაგას ვერ უშველის, არასოდეს არ ყოლია ჰოლანდიას ასეთი უვარგისი ახალგაზრდა თაობა, ნარსინგის და ბრუმას იმედზე რო იქნებიან იქ ყველაფერი ნათქვამია
kote
09:38 12-09-2015
0
ძალიან კარგი სტატიაა
შაკო
12:29 10-09-2015
0

სიახლეები პოპულარული