* 13 გოლით ბომბარდირი პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, აქედან 3 გოლი მან საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა.
* 10-დან 10 თამაში მხოლოდ ინგლისის ნაკრებმა მოიგო, 10-დან 10 თამაში წააგეს გიბრალტარმა და ანდორამ.
* ყველაზე მეტი გოლი ინგლისურ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა გაიტანეს - 123, შემდეგ მოდის ბუნდესლიგა - 90 და იტალიის ჩემპიონატი - 53.
* კლუბებს შორის ყველაზე მეტად "ბაიერნის" ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი - 33 გოლი, შემდეგ მოდის
* ლიტველი გიედრიუს არლაუსკისი ერთადერთია, რომელმაც ორი ავტოგოლი მიითვალა.
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, ფინალური ეტაპის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია. თითქოს, ახლა იყო ნიცას კონგრეს აკროპოლისში გამართული კენჭისყრა, რომელმაც 53 ნაკრები 9 ქვეჯგუფად დაყო და 23 საგზურისთვის ბრძოლა დაიწყო. დროა, სტატისტიკას მივმართოთ.
ფინალისტები
საფრანგეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი გუნდი, ყოველგვარი საკვალიფიკაციო ტურნირიდან გათავისუფლებული იყო. ეს გუნდი მეცხრედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ეს არ არის საუკეთესო შედეგი - მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ევროპის ჩემპიონატზე მე-12-ედ ითამაშებს. აი, ეს კი რეკორდია. თუ საბჭოთა პერიოდს მივუთვლით, რუსეთის ნაკრები მე-11-ედ მიიღებს მონაწილეობას ამ ტურნირზე. მეათე ევროფორუმი იქნება მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის.
9-9 - საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი (ჩეხოსლოვაკიის სამართალმემკვიდრე) და იტალია; 7 - პორტუგალია; 5 - ბელგია, რუმინეთი და ხორვატია; 4 - შვეიცარია და თურქეთი; 3 - პოლონეთი; 2 - ავსტრია. ხუთი ნაკრები დებიუტანტია: ისლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, უელსი, ალბანეთი და სლოვაკეთი.
კენჭისყრისას გუნდები 6 კალათში გაანაწილეს (ჩვენი გუნდი მე-5 კალათში იყო). პირველი კალათიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ ჰოლანდია და საბერძნეთი, ხოლო ბოსნიას ჯერ პლეი ოფი წინ აქვს. მეხუთე კალათიდან ევროსაგზური ერთბაშად სამმა ნაკრებმა მოიპოვა: ჩრდილოეთ ირლანდიამ, ალბანეთმა და ისლანდიამ.
პლეი ოფში განთესილი გუნდები: უკრაინა, ბოსნია, შვედეთი, უნგრეთი. განუთესავები: დანია, ირლანდია, ნორვეგია, სლოვენია.
გუნდური სტატისტიკა
10-დან 10 მატჩის მოგება მხოლოდ როი ჰოჯსონის გუნდმა შეძლო. 9-9 მოგება დაუგროვდათ ესპანეთისა და ავსტრიის ნაკრებებს. 7-მა ნაკრებმა საერთოდ ვერ მოიგო თამაში შესარჩევ ციკლში და მათ შორის ორმა (გიბრალტარი და ანდორა) ყველა ორთაბრძოლა წააგო. მოუგებელ ნაკრებთა შორისაა სომხეთის ნაკრებიც, რაც ცოტა მოულოდნელია, წინა, წარმატებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი კამპანიის შემდეგ.9 ნაკრები უკომპრომისო იყო, მათ არც ერთი მატჩი არ დაუსრულებიათ ფრედ. მათ შორისაა ჩვენი ეროვნული გუნდი, რომელმაც 3 მატჩი მოიგო, 7 კი დათმო.
რუმინეთისა და ლატვიის ნაკრებებს ყველაზე მეტი ფრე დაუგროვდათ - 5-5. სხვათა შორის, თუ ლატვიას თამაში არ მოუგია, რუმინეთს არ წაუგია. ამიტომაც რუმინეთი ევრო 2016-ზე ითამაშებს, ხოლო ლატვია ბოლო ადგილზე გავიდა.
პოლონეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 33, შემდეგ მოდის ინგლისი - 31; ბელგია, გერმანია და შვეიცარია - 24-24. სან მარინოს ნაკრებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ლიხტენშტეინმა და გიბრალტარმა - 2-2.
ყველაზე მაგარი დაცვა რუმინეთს ჰყავდა - 2 გაშვებული ბურთი. 3-3 გოლი გაუშვეს ინგლისმა და ესპანეთმა. 56 გოლი (!) გაუშვა გიბრალტარის ნაკრებმა. გოლთა სხვაობა მერყეობს +28-დან (ინგლისი) მინუს 54-მდე (გიბრალტარი).
კარისკენ ყველაზე მეტჯერ გერმანიამ დაარტყა - 232, აქედან 95 ზუსტი იყო (ეს მაჩვენებელიც საუკეთესოა). ვინ გააკეთებდა ყველაზე მეტ პასს? რა თქმა უნდა, "ფურია როხა". ესპანელთა ანგარიშზე 6 952 პასია, აქედან 6 395 ზუსტი (ეს მაჩვენებელიც საუკეთესოა), პასების სიზუსტითაც ისინი ყოჩაღობენ, ოღონდ უკვე გერმანიასთან ერთად (92%).
ყველაზე მეტი კუთხური - გერმანია (92), თამაშგარე - შვეიცარია (37), ნაკლები ჯარიმა - 91; ნაკლები გაფრთხილება - გიბრალტარი (9).
ინდივიდუალური სტატისტიკა
შესარჩევი ციკლის ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია (პოლონეთი) 13 გოლით. მას უახლოესი მდევარი, გერმანელი თომას მიულერი 4 გოლით ჩამორჩა. 8-8 გოლი გაიტანეს არტიომ ძიუბამ (რუსეთი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (შვედეთი). 6-6 საგოლე პასით პირველები იყვნენ არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), ვლადიმირ ვეისი (სლოვაკეთი) და სენად ლულიჩი (ბოსნია).
ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა ლევანდოვსკის ანგარიშზეა - 25. მას მხოლოდ ერთით ჩამორჩა გარეთ ბეილი (უელსი), ორით - უეინ რუნი (ინგლისი). ამასთან, ბეილმა ყველაზე მეტი დარტყმა ააცილა კარს - 21.
პასებში ახლოსაც ვერავინ მივა ტონი კროოსთან - 1 058. გერმანელის 1007 პასი ზუსტი იყო (95%). მეორე ადგილზეა სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) - 745 პასიდან 721 ზუსტი (97%!). ვესლი სნეიდერის მესამე შედეგი - 730 პასი - ჰოლანდიის ნაკრებს დიდად ვერაფერში წაადგა.
ყველაზე ხშირად ჯარიმდებოდა ფინელი პერპარიმ ჰეტემაი - 28, ყველაზე ხშირად კი თამაშის წესებს აზერბაიჯანელი დმიტრი ნაზაროვის წინააღმდეგ არღვევდნენ - 36.
სხვათა შორის, სუპერაქტიური ჰეტემაი ამ ნომინაციაში მეორეა, მის წინააღმდეგ 35-ჯერ იუხეშეს. 6 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო ჰალურ ჰანსონმა (ფარერები). ერთზე მეტი წითელი ბარათი შესარჩევ ეტაპზე არავის მიუღია.
მატჩები
ყველაზე მეტი გოლი გავიდა პოლონეთი-გიბრალტარის (8:1) მატჩში - 9. უგოლოდ დასრულდა შესარჩევი ეტაპის 19 შეხვედრა. ლიხტენშტეინი-მოლდოვის თამაში "სუპერმატჩი" იყო - გუნდებმა ჯამში 46-ჯერ დაარტყეს ბურთი (საუკეთესო შედეგი ციკლში), მაგრამ აქედან კარში მხოლოდ 10 წავიდა, რაც ამ გუნდების ფეხბურთელთა დაბალი კლასის უტყუარი ნიშანია. ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა განხორციელდა ორ მატჩში (24-24), ერთ-ერთი გიბრალტარი-გერმანია (0:7) იყო, მეორე გერმანია-საქართველო (2:1). ესპანეთი-სლოვაკეთის (2:0) მატჩში გაკეთდა ყველაზე მეტი პასი - 1 136, რომელთა 91% ზუსტი იყო. გერმანია-საქართველო ამ მაჩვენებლით მესამეა - 1 028.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"