ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვინ შეარცხვინა ჰოლანდია?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მთავარი მოულოდნელობა ჰოლანდიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენაა. ნიდერლანდელებს მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ და მათთვის ეს ფიასკო ტრაგედიის ტოლფასია.

ფაქტია - პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი ფეხბურთელი, ვინც დასრულებულ ციკლში ერთი წუთი მაინც ითამაშა ჰოლანდიელთა მაისურით, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ის მოთამაშეები არიან, რომლებიც "ნარინჯისფერთა" ლიდერებად ითვლებიან.

აი, ვინ შეარცხვინა ის ჰოლანდია, რომელმაც მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა:

ბრუნო მარტინს ინდი
წითელი ბარათი მიიღო ისლანდიასთან წაგებულ საშინაო შეხვედრაში. დიდწილად ამ მატჩმა გადაწყვიტა კიდეც ჰოლანდიის ნაკრების ბედი ევროშესარჩევ ციკლში. მარტინს
ინდის გაძევების შემდეგ დანი ბლინდი იძულებული გახდა, გუნდის საუკეთესო სნაიპერი, კლაას-იან ჰუნტელაარი მინდვრიდან გაეყვანა. თამაშში მცველი ბრუმა ჩაება, ჰოლანდიამ კი 0:1 წააგო.

გრეგორი ვან დერ ვილი
შესარჩევი ციკლი აშკარად ჩაუვარდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო. არსად იყო მისი ჩართვები შეტევაში.

რობინ ვან პერსი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის "ოქროს ხანა", როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. ჩეხეთთან საბედისწერო, ბოლო ევროშესარჩევ მატჩამდე წელი თითქმის ისე გავიდა, რომ ვან პერსის მოწინააღმდეგის კარში ერთი ბურთიც კი არ გაუტანია. საინტერესოა, რომ ამავე მატჩში რობინმა ავტოგოლი მიითვალა. ისე ჩანს, რომ ვან პერსის ეპოქა ჰოლანდიის ნაკრებში დასრულებულია.

ვესლი სნეიდერი
ვესლი ჰოლანდიის ნაკრებიდან წავა - ამას ბევრი მარჩიელობა არ სჭირდება. ჰოლანდიური ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანისათვის, ისევე, როგორც მთელი ნაკრებისათვის, ეს ციკლი კარგი ვერ გამოდგა. სნეიდერს ჰქონდა სამწვრთნელო შტაბის დიდი ნდობა. ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელთაგან მან ყველაზე მეტი დრო გაატარა მინდორზე, თუმცა ეროვნულ გუნდს მხოლოდ ერთი გოლი შეაშველა.

იესპერ სილესენი
"აიაქსის" მეკარე მთლიანობაში ცუდი არ იყო, მაგრამ წელს ის გაცილებით ნაკლებად ეფექტური გახლდათ, ვიდრე ადრე. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჰოლანდიის ნაკრების მცველები ძალიან ცუდად თამაშობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ სილესენს "რთული ცხოვრება" ჰქონოდა.

ჟორჟინიო ვეინალდუმი
ბევრი ელოდა, რომ "ნარინჯისფერთა" ნახევარდაცვის ლიდერი "ნიუკასლის" ნახევარმცველი უნდა ყოფილიყო. ვეინალდუმმა ვერ გაამართლა. მან განსაკუთრებით სუსტად ჩაატარა საკვანძო მატჩები თურქეთთან და ისლანდიასთან.

გუს ჰიდინკი
შესარჩევი ციკლი ჩეხეთთან და ისლანდიასთან წაგებით დაიწყო. ეს უკვე ძალიან ცუდი იყო. ამ ორმა წაგებამ ჰოლანდია მორალურად გატეხა. ჰიდინკი ადგა და ცუდად დაწყებულ საქმეს გაეცალა. ერთი დიდი მინუსი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას.

დანი ბლინდი
ვან გაალის "აიაქსის" ლეგენდარული მცველი ეროვნული გუნდის გადამრჩენად იხმეს. ბლინდმა მისიას თავი ვერ გაართვა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო გამანადგურებული მარცხი თურქეთთან - 0:3 და უსუსური თამაში ჩეხეთთან, ბოლო ტურში.

რობენი რომ ყოფილიყო...
იქნებ ჩვენი წერილი არც დაწერილიყო, მიუნხენის "ბაიერნის" სუპერვარსკვლავი არიენ რობენი ჯანმრთელი რომ ყოფილიყო გადამწყვეტ მატჩებში. რობენი ჰოლანდიას ვერ დაეხმარა. ეს უკვე საბედისწერო მომენტი იყო.

რაც უნდა ვწეროთ სამწვრთნელო ხრიკებსა და ტაქტიკურ ნიუანსებზე, ფაქტია - მინდორზე ძალიან ბევრ რამეს გამორჩეული ინდივიდუალისტები წყვეტენ. რობენი სწორედ ასეთია, რობენს მინდორზე ყველაფერი შეუძლია. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არიენი უდროო დროს დაშავდა. ეს ბოლო ლურსმანი იყო ჰოლანდიისათვის.

დიდი ცვლილებების ზღვარზე
ფაქტია - ჰოლანდიის ნაკრებში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. დიდი ალბათობით - სამწვრთნელო შტაბიც. ჰოლანდია ახალი გუნდი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და ეს უკვე საინტერესოა. ძალიან საინტერესო.

ჰოლანდიას არ უნდა გაუჭირდეს ახალი გუნდის გაკეთება. ჰოლანდიაში საკმარისზე მეტად არიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ისინი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ.

მომავალი
ჰოლანდიის ნაკრებში ახალი ერა იწყება. ვინ უნდა შექმნას ეს ეპოქა? ფეხბურთელები საკმაოდ არიან. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - დეილი ბლინდი, ჯეფრი ბრუმა, ხაირო რიდევალდი, ტერენს კონგოლო, კენი ტეტე, რიჩარდლი ბაზოერი, მემფის დეპაი, ანვარ ელ ღაზი თუ სხვები.

დღეს ჰოლანდია შერცხვენილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასეთი უნდა იყოს. ერედივიზიონი კვლავ გამოზრდის ბევრისშემძლე ბიჭებს. ბიჭები სურინამშიც დაიბადებიან. დაიბადებიან ჰოლანდიისათვის.

რა დაკარგა ევროპამ?
ევროპის ჩემპიონატმა დაკარგა გრანდი, ერთ-ერთი ფავორიტი. ჰოლანდია ასეთია. მისგან ლამაზი ფეხბურთი და ტიტულებისკენ ლტოლვა მოდის. ასეთი გუნდი მსოფლიოში ბევრი არ არის.

ჰოლანდიამ ევროპა გააღარიბა. ჰოლანდია სხვას ვერაფერს დააბრალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული