ევრო 2016. პლეი ოფის წინ: ნორვეგია VS უნგრეთი: "ვიკინგები" "ჰუნების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი ჯერ არ დასრულებულა - საფრანგეთში მონაწილე 24 ნაკრებიდან 20-ის ვინაობა ცნობილია. ოთხ დარჩენილს კი პლეი ოფი გადაწყვეტს, რომელიც დღეს იწყება - ოთხი წყვილი ორრაუნდიან ბრძოლებში გაარკვევს ურთიერთობას.

უკრაინა-სლოვენიის, ბოსნია-ირლანდიისა და შვედეთი-დანიის ბატალიები ჯერ წინაა, დღეს კი ნორვეგიისა და უნგრეთის ჯერია. მათი პირველი შეხვედრა ოსლოში, "ულევაალზე" გაიმართება.

უნგრელთა ვეტერან გოლკიპერ გაბორ კირაის ძალზე მნიშვნელოვან დროს უწევს იუბილე, თუკი სტუმართა კარში ის ჩადგება და ამის თქმა 99%-ით შეიძლება, კირაი უნგრული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც 100
სანაკრებო კეპს მოაგროვებს.

ისტორია და სტატისტიკა კი კირაის მეტოქის, ნორვეგიის მხარესაა, იმის მიუხედავად, რომ აბა, სად ვიკინგების საფეხბურთო ისტორია და სად უნგრელთა, რომელთაც ერთ დროს, მართლაც დიდი გუნდი ჰყავდათ.

უკვე 30 წელიწადია, რაც უნგრელები ვერ უგებენ ნორვეგიელებს. არადა, ამ ნაკრებებს ერთმანეთში სულ 18-ჯერ აქვთ ნათამაშები და თავიდან უნგრელები სჯობდნენ მეტოქე (ჯამში 18 შეხვედრიდან 5 ნორვეგიელებმა მოიგეს, 8 უნგრელებმა, დანარჩენი ფრედ დასრულდა).

ბოლოს ერ ორი ნაკრები ერთმანეთს 2012 წელს შეხვდა, ბუდაპეშტში ამხანაგურ თამაშში ნორვეგიამ 2:0 მოიგო, გოლები ჰავარდ ნილსენმა და მოჰამედ აბდელაუემ გაიტანეს.

ვინ როგორ ფორმაშია
* ნორვეგიას ბოლო 4 საშინაო მატჩში არ წაუგია - 3 მოგება და 1 ფრე. ამასთან, ბოლო სამ შეხვედრაში სკანდინავიელებს გოლიც არ გაუშვიათ.

* უნგრელებმა ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში ერთადერთხელ წააგეს სტუმრად და ეს ბოლო ტურში მოხდა საბერძნეთის ნაკრებთან - 3:4.

* ნორვეგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში ერთადერთხელ ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 1:5 წააგო ესპანეთთან და ევრო 2004 გამოტოვა.

* უნგრეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფი არ უთამაშია. მათ ერთხელ ითამაშეს მუნდიალის შესარჩევი პლეი ოფი და ის დრო ახლაც კოშმარულად ახსოვთ - 1998 წლის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა იუგოსლავიასთან ორი მატჩის ჯამში 1:12 (!) წააგეს.

სტუმრებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ როლანდ იუჰასი. მან შესარჩევ ციკლში სამი ყვითელი ბარათი მოაგროვა და ავტომატურად ოსლოს შეხვედრას გამოტოვებს. მაგრამ იუჰასი ბუდაპეშტში საპასუხო შეხვედრაში იქნება, ის მატჩი კი კვირას გაიმართება.

სხვათა შორის, ნორვეგიელებს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე. ეს 2000 წელს მოხდა, ნორვეგია ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ყველას ახსოვს მოგება ესპანეთის ნაკრებთან სტეფან ივერსენის თავურის წყალობით (1:0).

უნგრელებს 1986 წლის მუნდიალის შემდეგ არსად, არც ერთ დიდ ტურნირში არ უთამაშიათ, მაგრამ ისინი ევროპის 1964 და 1972 წლების ჩემპიონატების ნახევარფინალისტები არიან.

პერ-მატია ჰიოგმო (ნორვეგია): "ამბობენ, რომ ბოლო 20 წელიწადია, ნორვეგიის ნაკრები ნოემბრის თამაშებს შინ აგებს. მე არ მეშინია ამ სტატისტიკის. ჩვენ ახლა სულ სხვა ნაკრები გვყავს. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ბიჭებმა ძალიან თავდაჯერებული ჯგუფი შექმნეს და მე მათი იმედი მაქვს. ისინი წარმატებას და წარუმატებლობას ერთად უმკლავდებიან".

ბერნდ შტორკი (უნგრეთი): "კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანია. ამიტომ საუკეთესო იქნებოდა მოგება ოსლოში. ნორვეგიას კარგი გუნდი ჰყავს, მათი ფეხბურთელები რეგულარულად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეს არის შანსი და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ".

ნორვეგია-უნგრეთი 23:45
ოსლო. ულევაალი
დისკვალიფიკაცია: იუჰასი (უნგ)
ტრავმა: ჰიოგლი (?) -
სავარაუდო შემადგენლობები
ნორვეგია (4-4-1-1): ნილანდი - ელაბდელაუი, ფორენი, ჰოვლანდი, ჰიოგლი - სკიელბრედი, იოჰანსენი, ტეტეი, ბერგეტი - ჰენრიკსენი - სიოდერლუნდი
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - ლეანდრო, კადარი, გუზმიჩსი, ფიოლა - ელეკი, ნადი - ჯუჯაკი, გერა, ნემეტი - ნიკოლიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული