ევრო 2016: ისინი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე უკვე ცნობილია. რა თქმა უნდა, კონტინენტის პირველობაზე არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ჩვენ მათგან სიმბოლური ნაკრების შედგენა ვცადეთ. რა გამოგვივიდა, ეს მკითხველმა განსაჯოს.

მეკარე
სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია)
იტალიური "ინტერის" კარის დარაჯი კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან დიდი სახელი თავისი ფენომენური რეაქციის წყალობით გაითქვა. მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლში სამირი სლოვენიის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო.

გვახსენდება ურთულესი ბურთი, რომელიც მან ლვოვში აუღო გარმაშს. რომ არა ჰანდანოვიჩი, სლოვენია ვერც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გააღწევდა.

ჰანდანოვიჩი ნაკრებიდან წასვლას აპირებს. მან ჩათვალა, რომ ეროვნულ
გუნდში შესაძლებლობები ამოწურა. ადრეა, მაგრამ სლოვენია კარგი მეკარის გარეშე მაინც არ დარჩება. ჰანდანოვიჩს მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკი შეცვლის.

მარჯვენა მცველი
ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრანისლავ ივანოვიჩმა საშინელი რეგრესი განიცადა. ის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველიდან ლამის სეზონის მთავარ იმედგაცრუებად იქცა. არავინ იცის, რას უკავშირდება ეს უკუსვლა. იქნებ ყველაფერში დამნაშავე "ჩელსის" ცუდი ფორმაა, მაგრამ ფაქტია, რომ სერბი აღარც სწრაფია და პოზიციის შერჩევაც ეშლება.

დასრულებულ შესარჩევ ციკლში ივანოვიჩს სერბეთის ნაკრებში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ სერბები მზად არ იყვნენ კვალიფიკაციის დასაძლევად. ეს მოხდა ძალიან კარგი შემადგენლობის პირობებში.

ცენტრალური მცველი
სოკრატის პაპასტატოპულოსი (საბერძნეთი)
საბერძნეთის ნაკრების უდიდესი ფიასკო - ეს იყო ევროშესარჩევი ციკლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა და მოულოდნელობა. საკმარისია, ფარერების ნაკრებთან მატჩები გავიხსენოთ. ბერძნებს ვარსკვლავები არ ჰყავთ. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, სოკრატის პაპასტატოპულოსია.

"დორტმუნდის" ძირითადი შემადგენლობის უკანახაზელი მართლაც მოუხდებოდა ევროფორუმს მისი ჭკუითა და შეტევების წამოწყების უნარით.

ცენტრალური მცველი
სტეფან დე ვრეი (ჰოლანდია)
მსოფლიოს ჩემპიონატზე დე ვრეიმ ფურორი მოახდინა. მას ბევრი ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად და დაცვაში პირველ კაცად მიიჩნევდა. ნერწყვი ბევრ ევროპულ კლუბს მოადგა, მაგრამ ფეხბურთელი ხელში რომის "ლაციომ" ჩაიგდო. ვფიქრობთ, რომაელებს ეს შენაძენი არ უნანიათ.

ტრავმები და ცუდი მატჩები ისლანდიასთან და თურქეთთან - დე ვრეის ნამდვილად არ გაუმართლა დასრულებულ ციკლში. იყო რამდენიმე მატჩი, რომელიც მან ტრავმის გამო გამოტოვა.

მარცხენა მცველი
ალეკსანდრ კოლაროვი (სერბეთი)
კოლაროვს ხშირად უმართლებს. რომის "ლაციოში" გამორჩეული სეზონის შემდეგ ის "მანჩესტერ სიტიმ" აიყვანა, არადა, მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის მიყვანა იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სერბზე შეჩერდა.

შესარჩევ ციკლში კოლაროვი ხშირად ცდებოდა. ის 30 წლისაა და როგორც ჩანს, ამიერიდან მხოლოდ კლუბზე გადაერთვება. ბოლო ინფორმაციით, კოლაროვი აღარ აპირებს სერბეთის ნაკრებში თამაშს.

ცენტრალური ნახევარმცელი
მირალემ პიანიჩი (ბოსნია)
ბოსნიის ნაკრების მარცხმა პლეი ოფში ირლანდიასთან ბევრს გული მხოლოდ იმიტომ დაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ვერ ვნახავთ მირალემ პიანიჩს - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ნახევარმცველს.

ჯარიმების უბადლო შესრულებით მირალემი ლეგენდარულ ჟუნინიო პერნამბუკანოს ჩამოჰგავს. საპლეიოფო მატჩებში მირალემმა ვერ გამოავლინა სრულად თავისი შესაძლებლობები და ბოსნიელთა მარცხი ამანაც განაპირობა.

შემტევი ნახევარმცველი
კრისტიან ერიქსენი (დანია)
ერიკსენი პრემიერლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. სწორედ მას მიიჩნევენ სპეციალისტები მიმდინარე სეზონში შესანიშნავად მოთამაშე "ტოტენჰემის" ლიდერად. დანიის ნაკრების იმედს ევროშესარჩევი ციკლი მთლიანობაში ცუდად არ უთამაშია.

სხვა საქმეა, რომ ერიქსენიცა და ყველა მისი პარტნიორიც აშკარად დაიჩრდილა პლეი ოფში შვედეთთან. უფრო ზუსტად, დაჩრდილა მის ბრწყინვალება ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. დანია ჩრდილოურ დერბიში აშკარად უფრო სუსტი იყო, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.

შემტევი ნახევარმცველი
ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია)
ერთ დროს სნეიდერი ჰოლანდიის ნაკრებში ისე ძლიერად თამაშობდა, რომ ნახევარი მსოფლიო მისთვის "ოქროს ბურთის" გადაცემას მოითხოვდა. ვესლის დრო თანდათან მიდის. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ის ძალიან ფერმკრთალი იყო ისევე, როგორც ჰოლანდიის მთელი ნაკრები.

დიდი ალბათობით, "გალათასარაის" ნახევარმცველისათვის ეს შესარჩევი ციკლი ბოლო შანსი იყო. ელიან, რომ მის ადგილს ჟორჟინიო ვეინალდუმი დაიკავებს. "ნიუკასლში" გადასვლის შემდეგ მან თამაშს კიდევ უფრო მოუმატა.

მარჯვენა ნახევარმცველი
არიენ რობენი (ჰოლანდია)
ყველა ჰოლანდიელი შეიძლება გაამათრახო ჩაგდებული ციკლის გამო, გარდა არიენ რობენისა. როცა "ბაიერნის" ფლანგელი მინდორზე იყო, ის გუნდის წარმატებისათვის ყველაფერს აკეთებდა.

სხვა საქმეა, რომ ჰოლანდიის ნაკრებისათვის გადამწყვეტ მატჩებში რობენს გუნდის ხსნის საშუალება ტრავმებმა არ მისცა. უდიდესი ვარსკვლავი იმათგან, ვინც ევროფორუმს დააკლდება.

მარცხენა ნახევარმცველი
სტევან იოვეტიჩი (ჩერნოგორია)
არიან ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი ნაკრებების სისუსტის გამო არასოდეს უწერიათ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ასპარეზობა. მაგალითისათვის ჯორჯ ვეა და რაიან გიგზი გავიხსენოთ. გარეთ ბეილმა უელსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა.

სტევან იოვეტიჩი დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ალბათ, ვერასოდეს ითამაშებს, მაგრამ ეს მის საფეხბურთო კლასს და ინტელექტს ვერაფერს აკლებს. ის ახლა მუნდიალის შესარჩევ ციკლში დაეხმარება თავის ქვეყანას.

თავდამსხმელი
რობინ ვან პერსი (ჰოლანდია)
მეასე მატჩი ჰოლანდიის ნაკრებში და 50-ე გოლი - რობინ ვან პერსისათვის ეს შესარჩევი ციკლი საიუბილეო იყო, მაგრამ გასახარი ვერ გამოდგა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი თურქულ "ფენერბაჰჩეში" ჩაიკარგა.

როგორც ჩანს, ვან პერსის სანაკრები კარიერა დასრულდა. ასეთი დასასრული მას არ ეკადრებოდა, მაგრამ ახლა რობინი დარდს მხოლოდ ჰოლანდიური ფეხბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ფიქრით თუ გაიქარვებს.

სათადარიგოები: იესპერ სილესენი (ჰოლანდია), კასპერ შმეიხელი (დანია), დეილი ბლინდი (ჰოლანდია), დანიელ აგერი (დანია), სტევან სავიჩი (ჩერნოგორია), ნემანია მატიჩი (სერბეთი), მიკაელ კრონ-დელი (დანია), მარტინ ედეგორი (ნორვეგია), ჟორჟინო ვეინალდუმი (ჰოლანდია), იოსიპ ილიჩიჩი (სლოვენია), ედინ ჯეკო (ბოსნია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
... ავტორო ვერაფერი,შენი დასახელებულებიდან ნამდვლად ვერ იტყვის კაცი,რომ მაღალი დონის ფეხბურთელებია,მათი გვარიც კი უცნობია მკითხველისათვის
otariv
09:17 23-11-2015
0
ობლაკი როდის აქეთთაა სლოვაკი?
roin
17:23 22-11-2015
0

სიახლეები პოპულარული