პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა, განსაკუთრებით - ჩეხები, ინგლისელები კი შეტევაში აქტიურობდნენ. ეგ იყო მხოლოდ, რომ რეალური საგოლე მომენტის შექმნა უჭირდათ. შეიძლება მხოლოდ თეო ედუნისა და ჯეი და სილვას შეტევების გახსენება. იან სუხოპარეკის გუნდს ასეთი მომენტი არ შეუქმნია.
მეორე ტაიმში აბსოლუტურად განსხვავებული და სანახაობრივი თამაში წავიდა. ჩეხები შეტევაში გააქტიურდნენ. ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა
71-ე წუთზე შაშინკა უბრალოდ ვალდებული იყო გაეტანა, როცა კუთხურიდან ფილიპ ჰაველკას ჩაწოდებული ბურთი კარისკენ გაუშვა, მაგრამ რამსდეილმა ახლოდან დარტყმულზე მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბრიტანელები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
თავის გამოჩენა ინგლისელ რაიან სესენიონსაც შეეძლო, რასაც ჩეხების კიპერმა მარტინ იედლიჩეკმა მშვენიერი რეაქცია დაუპირისპირა.
ჩეხები მწვავე "ჩხვლეტებს" აგრძელებდნენ. კარგი მომენტით ვერ ისარგებლა შეტევაში ჩართულმა მცველმა ალექს კრალმაც. შემდეგ ორჯერ ზედიზედ კარში ონდრეი ხვეიამ დაარტყა და ჯერ მეკარე და მერე მცველი გადაეფარა - ინგლისი აშკარა გოლს გადაურჩა...
მოკლედ, მეორე ტაიმში ჩეხეთის ნაკრებმა მეტოქეზე მეტი მომენტი შექმნა და დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა, მაგრამ... ბოლო წუთებში, კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, ინგლისელებმა თამაში დაალაგეს, დაცვაში საიმედოდ დადგნენ და მწვავე კონტრშეტევებიც განახორციელეს.
90-ე წუთზე აიზელ ბარკლი-რიკეტსმა შეცვლაზე შესულ ლუკას ნმეჩას კარის წინ ბურთი თავზე დაასვა, მაგრამ ურეალურესი მომენტით ვერ ისარგებლა. თუმცა "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მაინც გაიტანა.
...და, თითქოს, თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როცა ასევე შეცვლაზე შესულმა "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მარკუს ედვარდსმა კარის წინ ნმეჩას უპასა, ვინც კომპენსირებული დროის ამოწურვამდე 3 წამით(!) ადრე ქუსლით ეფექტურად შეაგდო და ინგლისი ფინალში გაიყვანა, სადაც 15 ივლისს პორტუგალიას შეხვდება.
ცნობისთვის, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრები მესამედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში. წინა ორი ფინალი (2005, 2009) ბრიტანელებისთვის წარუმატებელი იყო. ვნახოთ, როგორი იქნება მესამე.
ბოლოს ისევ ნახევარფინალზე - ამ თამაშში ყველაფერი კარგი იყო. ფეხბურთი თუ გიყვარს, მეტოქეთა კლასით ისიამოვნებდი. მხოლოდ ერთი რამ ხდებოდა ცუდად თვალს - ძალიან ცოტა მაყურებელი. როცა ქართული ტოტალიზატორების დარბაზები სავსეა, უცნაურია, რომ ასეთ თამაშებზე ბევრი ხალხი არ დადის. არადა, ევროპის ჩემპიონატს ყოველ წელს არ ვმასპინძლობთ...
მატჩის შემდეგ
იან სუხოპარეკი, ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩემს საათზე მატჩის დასრულებამდე ხუთი წამი იყო დარჩენილი და ამ დროს გავუშვით... ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. მაგრამ მადლიერი ვარ მოთამაშეების, რომლებმაც მოედანზე მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს და უფრო მეტიც აჩვენეს, ვიდრე მათგან ველოდი.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ფეხბურთელები მომავალში ჩეხეთის ნაკრებში ითამაშებენ - მთავარია, საამისოდ ბევრი იშრომონ.
ჩვენთვის დასრულდა ტურნირი, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. საქართველოში გატარებული დღეები მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩება. ინგლისს კი წარმატებას ვულოცავ და ფინალში მოგებას ვუსურვებ, რადგან ნახევარფინალში ჩემპიონთან დამარცხება უფრო საპატიოა".
კიტ დაუნინგი, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სასტარტო შემადგენლობაში ნმეჩა და ბარკლი-რიკეტსი არ გვყავდა, რადგან ასეთ ტურნირებზე მოთამაშეთა ძალების გადანაწილება აუცილებელია და ვცდილობთ, ყველა ვათამაშოთ. 19 წლის ბიჭებისთვის დროის მცირე მონაკვეთში ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის მაღალ ტემპსა და დონეზე თამაში ძნელია. სათადარიგოებში მათი გამწესებაც ამით იყო გამოწვეული. ევროპის ჩემპიონატზე 18 ფეხბურთელიდან მხოლოდ მეკარეს არ უთამაშია. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩალობა გამოგვაკლდა და მოთამაშეთა დროულ შეცვლას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჩეხებზე აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია და ველოდით კიდეც, რომ ასე კარგად ითამაშებდა. ვეცდებით, ფინალში უკეთ ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ...
ფინალის გორში გადატანაზე კი გული დაგვწყდა, რადგან "მიხეილ მესხი" ძალიან ლამაზი და კარგი სტადიონია და აქ თამაში სასიამოვნოა. გორი კი შედარებით შორსაა, თბილისზე ნაკლებად მოსახერხებელია და ასეთი იდეალური პირობები არ არის... მაგრამ ასეთია უეფას გადაწყვეტილება და ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ".
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
12.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ინგლისი-ჩეხეთი 1:0
გოლი: 1:0 ნმეჩა (90+3. ედვარსის პასით)
ინგლისი (4-2-3-1): რამსდეილი - ჯეიმსი (83. ბარკლი-რიკეტსი), ჯონსონი, სულიმანი, ჯეი და სილვა - ედუნი, მედოქსი (69. ედვარდსი) - სტერლინგი, მაუნტი, სესენიონი - ბრერეტონი (60. ნმეჩა).
სათადარიგოები: ტროტი, დოზელი, პელენდა, ჯოშ და სილვა
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ჩეხეთი (4-2-3-1): იედლიჩკა - მარეჩეკი, კრალი, ჩალუსი, ჰოლიკი - ტიშლერი (83. ჰლავატი), ჰაველკა - ლინგრი (72. ხვეია), შაშინკა, სადილეკი - ტურინა.
სათადარიგოები: პლაჩი, ნოვოტნი, გრანეჩნი, გრაიციარი, ფრანტიშეკი
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
გაფრთხილება: სადილეკი (88)
არბიტრი: დ. მასა (იტალია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"