PREVIEW: U21. საქართველო - აზერბაიჯანი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 13 ოქტომბერს, გორში, 19:00 საათზე დაიწყება.

განვლილი 8 ტურის შემდეგ მასპინძელთა აქტივში 9 ქულაა, ხოლო სტუმართა მონაგარი 6-ს უტოლდება. 

სატურნირო თვალსაზრისით, აღნიშნული დაპირისპირება გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის შეგირდებს შვეიცარიასთან წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციის კარგი შანსი აქვთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გუნდი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს და ცდილობს, ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშოს. ნახევარდაცვის ცენტრში ბრწყინვალედ მოქმედებს თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ბექა დარცმელია,
რომელიც ქართველ შემტევებს კარგი გადაცემებით ამარაგებს, დაცვით ფაზაში კი შესანიშნავად გამოიყურება. იგივე შეიძლება ითქვას დავით სამურკასოვზეც, რომელიც ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა შვეიცარიელებთან სამბურთიანი სხვაობით წააგეს, ვერ ვიტყვით, რომ გუნდის თამაშში კარგი დეტალების შემჩნევა შეუძლებელი იყო. მეტიც, მეორე ნახევარში, მაშინ, როდესაც სტუმრები ერთი გოლით იგებდნენ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აშკარად მოუმატა და რამდენიმე ძალიან კარგი კომბინაცია განახორციელა, აღნიშნული კი ბურთს ფლობაშიც აისახა (58%-42%).

სამაგიეროდ, ძალიან გაგვიჭირდა დამამთავრებელ ფაზაში. კარისკენ  საქართველომ 6-ჯერ დაარტყა, მეტოქის კიპერი კი თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო. 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, აზერბაიჯანმა უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიმარჯვა. ობრადოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლიხტენშტეინელი ახალგაზრდები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მონაგარი მხოლოდ 6 ქულაა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის სათამაშო ხარისხი იმაზე კარგია, ვიდრე ეს გასულ შეხვედრებში იყო. გუნდმა, როგორც სლოვაკეთთან, ისე საფრანგეთის ნაკრებთან წააგო, მაგრამ მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლომდე იბრძოლა.

აზერბაიჯანელები სტანდარტულ 4-4-2 სათამაშო ფორმაციით ასპარეზობენ და როგორც წესი, კონტრშეტევებით ცდილობენ მომენტების შექმნასა და მათ რეალიზებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ერთხელ ითამაშეს. 2019 წელს "ჯვაროსნებმა" მეტოქე უშანსოდ, 3:0 დაამარცხეს.

საინტერესო ფაქტები

  • საქართველოს U21 ნაკრები ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1.7 გოლს უშვებს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის მაჩვენებელი ამ კომპონენტში 2-ს უტოლდება.
  • ვასილ მაისურაძის გუნდმა უკანასკნელი 6 ოფიციალური შეხვედრიდან 5 წააგო. დროის ამ პერიოდში საქართველომ 7 გოლი გაიტანა, 13 კი გაუშვა.
  • საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა ჯგუფური ეტაპის პირველივე შეხვედრა აუტსაიდერ ლიხტენშტეინთან წააგო (1:0). ამის შემდეგ ობრადოვიჩის გუნდმა ქულების მოპოვება მხოლოდ ორჯერ მოახერხა. ერთ შემთხვევაში - სლოვაკების, შემდეგ კი ლიხტენშტეინის დამარცხებით.
  • საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა შინ ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა ისე წააგო, რომ გოლი ვერ გაიტანა, საკუთარ კარში კი 5 გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რანაირასაა კარგად დაკომპლექტებული მამარდაშვილი ლამის რეალმა იყიდოს და ესენი ახალგაზრდულში არ ათამაშებენ )))) ერთი 10 კაცს ჩამოვთვლი ვინც უნდა იყოს გამოძახებული ეს სტატია აშკარად შეკვეთილია იმიტომ რომ დაუწუნეთ ყველამ მაისურას არჩევანი და ეხლა თავს ამართლებინებთ თუ რას შვებით ვერ ვხვდები ასეთი უსუსრი ბოლოს როდის იყო ნაკრები ??? იქნებოდა წარსულში მაგრამ არ მახსოვს მე პირადად...
bejo
18:03 13-10-2020
3
კლაკსვიკაო))))
ბათუმის ფანი
17:13 13-10-2020
0

სიახლეები პოპულარული