ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
გველესიანს რატომ არ აძლევ არავითარ შანს. ისიც ჩემპიონია და თან თასის მფლობელიც
1408
18:48 02-06-2023
0
უნდა ითამაშოს ახალგაზრდულში ყველამ. ძირითადი ნაკრები ნორვეგიასთანაც გამონდა, რომ სუსტია. ახალგაზრდულს კარგი შანსი ექნება. რატო არ ასახელებენ ახალგაზრდულის შემადგენლობას?
akaki
15:53 01-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული