ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

AutoSharing Option
დღეისთვის, უკვე ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი ქულებში უნდა შეგვეფასებინა და შოტლანდიაში წაგებულ შეხევდრაში (0:2) მონაწილე თითოეულ ფეხბურთელზე ინდივიდუალურად გვესაუბრა. სამწუხაროდ, კარგს ბევრს ვერაფერს ვიტყოდით და არც სასიამოვნო შეფასებები იქნებოდა. ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გლაზგოში ფეხბურთი არასათანადო პირობებში ჩატარდა. იმ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნულ გუნდზე არ ვწერთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც საშინაო ევროპირველობა წინა გათამაშების ფინალისტის, პორტუგალიელი თანატოლების (2:0) ძლევით დაიწყო.

Sportall.Ge

მასპინძლის სტატუსის (უკვე გამარჯვებისაც) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ფავორიტად არ მიიჩნევა და
მსგავსი სტატუსი არც პორტუგალიელებთან ჰქონია. აქედან გამომდინარე, რამაზ სვანაძის მიზანი ის იყო, მოწინააღმდეგისთვის ოპტიმალური ტაქტიკა შეერჩია, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელები დაერწმუნებინა, რომ მათ წარმატების მიღწევა შეეძლოთ, რაც "უმცროსი ჯვაროსნების" თავკაცს გამოუვიდა.

როცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს აქვს და 3 ქულა შენ გრჩება, ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იღბალიც ჩვენ მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება შეძლეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მუდამ პრობლემური იყო. პორტუგალიელების მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოვიყენეთ, თავად კი ლაფსუსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილის თამაში უნდა გამოვარჩიოთ. ჯგუფის სხვა შეხვედრებში მხოლოდ ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიჭირდება და კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, ჩაშლის გარდა, შეტევების განვითარებაზე ფიქრი მეტად დასჭირდება. სვანაძემაც თქვა, რომ მომდევნო მეტოქეზე ფიქრი გუნდმა მალე უნდა დაიწყოს - ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ პირველი მატჩი მოვიგეთ!

Sportall.Ge

მეორე გატანილ გოლზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ზედიზედ მეორე მატჩია (კვიპროსთან ამხანაგურის შემდეგ), გიორგი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ ტანმაღალ მცველს გოლი გააქვს. ამჯერად ეს საბა საზონოვი იყო. ჩაწოდების მომენტში კარგად ჩანდა, რომ მოსკოვის "დინამოს" მცველს ახლოდან არ ეთამაშებოდნენ, თუმცა ეს მაინც არ აკნინებს იმას, რომ კუთხურებს გოლად ვაქცევთ. ცუდად არც მოწინააღმდეგის სტანდარტულებისას გამოვიყურებით. ესაა პრობლემა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებში ძალიან საგრძნობი იყო. ასე რომ, არის რაღაც, რაც შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულისგან გაითვალისწინოს. 

გიორგი გაგუაზე ადრეც დავწერეთ. ის თანამედროვე ფორვარდია, კარგად მოძრაობს, ზონებს ათავისუფლებს, ორთაბრძოლებს იგებს. ესპანეთში მოთამაშე ქართცელს აქამდე ნაკრებში გატანილი არ ჰქონდა და კარგია, ეს მოახერხა - "ასისტების" დუბლის ავტორ წიტაიშვილის პასი, ცოტა მეტოქის დახმარებით, გოლად აქცია.

Sportall.Ge

მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთ საკითხში უნდა შევაქოთ. დაინახა თუ არა კონკრეტული პრობლემები, ცვლილება მაშინვე განახორციელა და მარცხენა ფლანგი ეროვნულიდან დაბრუნებული ირაკლი აზაროვით გააძლიერა. ის ბიჭები, რომლებმაც წინა დღით შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს 21-წლამდელებს შეუერთდნენ, ქების ღირსნი არიან. მატჩის ბოლოს მწვრთნელის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური ცვლილება ვნახეთ, როცა იერიშებზე აქტიურად მოფიქრალ გუნდთან კონტრშეტევების გამოყენება გიორგი გოჩოლეიშვილის სისწრაფის ხარჯზე ვცადეთ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეტოქე კაცნაკლული დარჩა.

Sportall.Ge

საინტერესო იყო, რომ ვიგებდით, მაინც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა და მოედანზე შემოსულები ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. ეს კარგად დაბალანსებულ შემადგენლობას ნიშნავს. ახლა დილემა ისაა, გამარჯვებული სასტარტოდან, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის, რამდენი ცვლილება უნდა გაკეთდეს. გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გაგნიძეს ჯერ არ უთამაშიათ, ზურიკო დავითაშვილი კი მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა.

1-ელი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ბელგიელებს 24 ივნისს (20:00 სთ) დავუპირისპირდებით. მათი შემადგენლობიდან ყველაზე ცნობილი "მილანელი" შარლ დე კეტელაარია.

altU21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

მკითხველის კომენტარები / 29 /
როცა ასპროცენტიანი მოსაგები საჭიროება გვაქვს ყოველთვის ვაგებთ.
დღეს ან ფრეა ან მოგვიგებს ბელგია.
გენა
09:06 24-06-2023
1
პორტუგალიასთან რეალურად ფრეს ველოდით და სენსაციაა, თუმცა თუ ჩვენი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან გაცილებით შორს გავლენ!
ლაშა
14:55 23-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული