კოლხეთი-საბურთალო 0:0 - ხელიდან გაშვებული შანსი

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" საშინაო ასპარეზად ქცეულ "ეროსი მანჯგალაძეზე" მიიღო "საბურთალო" და უგოლოდ დაშორდა.

ვერავინ იტყვის, რომელიმე გუნდი გამარჯვებას განსაკუთრებით იმსახურებდაო. ალბათ, ფრემ მაინც "საბურთალოს" უფრო დასწყვიტა გული, რადგან მატჩის ბოლო, დამატებულ წუთზე გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. უაღრესად სახიფათო "სტანდარტი" გუნდის ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა. გოლს თითქოს ბევრი აღარაფერი აკლდა, მაგრამ შესანიშნავად გაისარჯა კოლხთა ახალწვეული მეკარე კოკა სეფიაშვილი, რომელმაც გელა სანაიას გუნდის კარში მოლდოველი სტეფან სიკაჩის ადგილი დაიკავა.

ზოგადად, "საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძის არ იყოს, სეფიაშვილმაც ძალიან დამაჯერებლად
ითამაშა და თამამად შეგვიძლია, ის მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად შევრაცხოთ და თუ ასე გააგრძელა, ამით "კოლხეთი" მხოლოდ მოიგებს...

ამ შეხვედრაში იყო ეპიზოდი, რომელიც მატჩის მნახველს კარგა ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება. ვეტერანმა დავით ბოლქვაძემ შორეული "ხმელი ფოთოლი" შემოგვთავაზა, რომელიც თბილისელთა კარის ხარიხამ აისხლიტა. დარტყმა ისეთი გამოვიდა, ალბათ, ყველა ვარსკვლავი მოაწერდა ხელს...

"საბურთალოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ტრავმამოშუშებულ დავით ვოლკოვს. ურიგო ფორვარდი არ ჩანს ალბანელი ნდუენ მუიეციც...

ერთადერთი, რაც მას ამ შეხვედრაში დააკლდა, იყო გოლი. თუმცა გეთანხმებით - ფეხბურთში მთავარი გოლია. ისე კი, მუიეცი კარგად იხსნება, უბურთოდ თამაშიც იცის და გოლებსაც გაიტანს.

რაც შეეხება "კოლხეთს", შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ამ გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო გამოკვეთილი ლიდერის, უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის "დინამოში" გადასვლა. ფოთელები ძალიან უნდა ეცადონ, რომ ეს დანაკლისი შეავსონ. ახალი კენიელი ლეგიონერები - მაჩარია და მეტადრე ნონდი, ურიგო ფეხბურთელები არ ჩანან.

ისიც ცხადია, რომ ფოთური კლუბი საკუთარ მოედანზე ასპარეზობას რომ არ იყოს მოკლებული, სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდა.

მატჩის სტენოგრამა
7' - არფანგ დაფე პირისპირ გავიდა მეკარესთან, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა.
14' - გაგი მარგველაშვილის თავური "კოლხეთის" კარს ასცდა.
32' - შოთა კერძევაძის დარტყმულ ბურთს კუპატაძე ადგილზე დახვდა.
37' - ნდუენ მუიეცის დარტყმულს ვარლამ კილასონია გადაეღობა.
47' - იმავე მუიეცს ამჯერად კოკა სეფიაშვილმა არ გაატანინა.
60' - დავით ბოლქვაძის ულამაზესი "ხმელი ფოთოლი" და "საბურთალო" ხარიხამ გადაარჩინა.
65' - ლუკა ლაკვეხელიანის ძლიერად დარტყმული ბურთი კოკა სეფიაშვილმა მოიგერია.
87' - თედორე გრიგალაშვილის თავური - სეფიაშვილი ადგილზეა.
90' - დავით ჯანელიძის დარტყმა მცველებმა დაბლოკეს.
90' - "საბურთალომ" სახიფათო ჯარიმა მოიპოვა. გიორგი ხარაიშვილმა კარგად დაარტყა, მაგრამ სეფიაშვილმა "კოლხეთს" ქულა გადაურჩინა.

ეროვნული ლიგა. XX ტური
29.07. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-საბურთალო 0:0
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, გოგონაია, ლ. კაკულია - ნონდი, კერძევაძე (37. ჯანელიძე), ბოლქვაძე, ბროვკოვი (66. ბახია), დაფე - ბუხაიძე (74. მაჩარია).
სათადარიგოები: შერმადინი, ბერაია, შალიკაშვილი, კოკაია
მწვრთნელი: გელა სანაია
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი (54. ჩაბრაძე), მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი - თარხნიშვილი, ხარაიშვილი - კოხრეიძე, ვოლკოვი (77. მამუჩაშვილი), შინდაგორიძე (62. ქოჩორაშვილი) - მუიეცი.
სათადარიგოები: გოშაძე, იაშვილი, ნადარაია, ცნობილაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი (24)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო ტური
4 აგვისტო, პარასკევი
დინამო (თბ)-დილა 21:00

5 აგვისტო, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00
ტორპედო-კოლხეთი 21:00

6 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-შუქურა 18:00
საბურთალო-ლოკომოტივი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
kolxeti martla daihagra am ustadionobis gamo,xom heidzleba rogorc batumi tamahobs tavistan ragbi arenaze,ise kolxetmac itamahos fothi ragbis stadionzec.
0
სამტრედიის ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაშს კარგი იქნება თუ ფოთთან ბევრად ახლოს, ანაკლიაში რომ არის სტადიონი იქ ჩაატაროს კოლხეთმა თამაშები. განათებაც აქვს, ბოლო წლებში მოუვლელობისგან შელახულია მაგრამ, თუ მიხედავენ არაა ცუდი სტადიონი. უბრალოდ ისედააც თითზე ცამოსათვლელია საქართველოში ნორმალური სტადიონები და უნდა მიეხდეოს.
pablito
12:27 31-07-2017
0

სიახლეები პოპულარული