ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში

AutoSharing Option
ყოველი ტურის წინ, წინათქმაში, როგორც წესი, მოახლოებული ტურის მატჩებზეც ვსაუბრობთ და სატურნირო სიტუაციაზეც, ამა თუ იმ წყვილში ფავორიტსა თუ აუტსაიდერს "შევარჩევთ" ხოლმე და ხანდახან კლიმატურ პირობებზე ვამახვილებთ ყურადღებას!

ახლა კი, XXIII ტურის წინ, ფაქტობრივად, ლამის ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩებმა უექსცესოდ ჩაიაროს!

ანუ, იმედი დავიტოვოთ, ამ ტურის ხუთი მატჩიდან ოთხ დაპირისპირებაში, ტრიბუნებიდან არც პეტარდების სროლა იქნება და არც - ბოთლების. იმასაც ვისურვებდით, რომ ამ ოთხივე შეხვედრაში სტადიონზე მაქსიმალურად იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები და მეტოქე გუნდის გულშემატკივრებიც ერთმანეთისგან მაქსიმალურად
- იზოლირებულნი...

ამ ტურის ოთხი მატჩის "მშვიდობიანად" ჩამთავრება კი იმიტომ ვისურვეთ, რომ XXIII ტურის მეხუთე შეხვედრას არ ემუქრება არანაირი ექსცესი: "ტორპედო"-"დილას" დაპირისპირება ხომ უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება.

ახლა კი, ალბათ, დროა, მოახლოებული ტურის წმინდა სპორტულ მხარეზეც ვისაუბროთ; მით უფრო, ამ სამდღიან ტურში
რამდენიმე მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება.

დინამო (ბთ)-შუქურა
აჭარული დერბის მონაწილეებს თითქმის ერთნაირი სატურნირო მიზნები თუ ექნებოდათ, ამას, ალბათ, ბევრი ვერც წარმოიდგენდა! თუმცა, ორივე აჭარული გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც, დღესდღეობით, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა!

ბათუმის "დინამოში" კვლავაც სერიოზული საკადრო პრობლემებია და ამასაც უნდა დავაბრალოთ, III წრის სტარტზე მოპოვებული ზედიზედ 2 მოგების შემდეგ, გუნდმა ზედიზედ 2 მარცხი რომ განიცადა; სამაგიეროდ, "შუქურა" აშკარად ყოჩაღობს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ბოლო ორ მატჩში 4 ქულა მოაგროვა.

ისე, მიმდინარე სეზონში მესამედ იმართება "აჭარულ დერბი" და სამივეჯერ სხვადასხვა მწვრთნელების მონაწილეობით! პირველ წრეში, ლევან ხომერიკი ("დინამო") და გია გურული ("შუქურა") გახლდნენ ერთმანეთის ოპონენტები, მეორეში - ამირან მუჯირი ("დინამო") და ავთანდილ ნამგალაძე ("შუქურა"), ახლა კი კონსტანტინ ფროლოვი ("დინამო") უნდა დაუპირისპირდეს გიორგი შაშიაშვილს.

სხვათა შორის, უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი საქართველოს ჩემპიონატში პირველად 2014/15 წლების სეზონში მუშაობდა, როცა ოთხი თვის განმავლობაში გახლდათ "შუქურას" მთავარი მწვრთნელი!

საბურთალო-სამტრედია
ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო დაპირისპირება: ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, III წრეში ყველაზე წარმატებულად რომ ასპარეზობენ! შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" III წრეში ჩატარებულ ოთხ მატჩში 10 ქულა მოაგროვა, "საბურთალომ" კი - 9.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "სამტრედიას" ეროვნულ ლიგაში უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, "საბურთალომ" კი, პირველად მიმდიანარე სეზონში, ზედიზედ 3 მატჩი ჩაატარა წაუგებლად და თანაც, გოლი არ გაუშვია!

იმის გარდა, რომ "საბურთალოსაც" და "სამტრედიასაც" მიმდინარე სეზონში ამბიციური მიზნები აქვთ, არანაკლებ ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ ორივე გუნდის ურთიერთდაპირისპირებები მუდამ უხვგოლიანი გამოდის ხოლმე.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული, ფაქტობრივად, ყველა მატჩი "მძაფრსიუჟეტიანი სცენარით" მიმდინარეობს და სწორედ ასეთი იყო მიმდინარე სეზონში გამართული ორივე დაპირისპირება.

ის ორივე მატჩი "სამტრედიამ" მოიგო და საერთოდაც, "საბურთალოს" მხოლოდ 1 მოგება აქვს თავის უხერხულ მეტოქესთან. ის ერთადერთი გამარჯვებაც "საბურთალომ" სულ პირველ დაპირისპირებაში მოიპოვა, როცა თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე ჩატარებულ უხგოლიან და საინტერესო მატჩში 3:2 მოუგო მეტოქეს.

აღსანიშნავია, რომ "საბურთალოს" მაშინაც გიორგი ჭიაბრიშვილი მოძღვრავდა, ისე როგორც "სამტრედიას" - გია ცეცაძე...

ტორპედო-დილა
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი გუნდი საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს! არადა, "ტორპედომ" წარუმატებელი სერია თუ არ დაასრულა, შესაძლოა, მეორე ადგილიდანაც ჩამოქვეითდეს. შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო, თანაც მეტოქეთა კარში გოლი არ გაუტანია.

სატურნიროს გარდა, არანაკლები მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც: იმის გარდა, რომ საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერა მოაკლდებათ, "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციაც მართებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაივიწყონ წინა ტურის სკანდალური მატჩი (სტუმრად - "ლოკომოტივთან")...

"ტორპედოს" სატურნირო მდგომარეობა რა მოსატანია იმასთან, რა დღეშიც ამჟამად "დილა" იმყოფება - ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, III წრეში ჯერ ქულა რომ არ აუღია! აი, ასეთი უსიამოვნო სტატისტიკით უნდა ესტუმროს ქუთაისს "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია - ქალაქს, რომელთანაც გორელთა გუნდის თავკაცს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს როგორც მწვრთნელსაც და როგორც - ფეხბურთელსაც: 2014-15 წლებში ხომ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იყო, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში კი "ტორპედოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ...

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულად, ალბათ მიმდინარე სეზონში ჩატარებული II წრის მატჩი უნდა მივიჩნიოთ. ის შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ბევრს დაამახსოვრდებოდა "ტორპედოს" ცენტრფოვარდ თორნიკე კაპანაძის ეფექტური გოლიც და ქუთაისელთა გუნდის მარჯვენა გარემარბის, გრიგოლ დოლიძის პირდაპირ... კუთხურიდან გატანილი გოლითაც!..

კოლხეთი-ლოკომოტივი
"კოლხეთის" მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, "ლოკომოტივი" კი ევროტურნირების საგზურისათვის იბრძვის; თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ორივე გუნდი სატურნირო ცხრილში რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს იკავებს, მაინც გაგვიჭირდება ამ წყვილში ფავორიტისა თუ აუტსაიდერის "გამოცნობა".

მიზეზი კი, ჩვენი აზრით, ორივე გუნდის არასტაბილური ასპარეზობაა: მიმდინარე სეზონში "კოლხეთმაც" და "ლოკომოტივმაც" უკვე იმდენჯერ გა-გვაოცეს, წესით, არც არაფერი უნდა გვიკვირდეს! აი, თუნდაც, "ლოკომოტივის" ასპარეზობა ავიღოთ: გიორგი დევდარიანის გუნდი ეროვნული ლიგის ფავორიტებთან (თითქმის ყველასთან) წარმატებით გამოდის.

სამაგიეროდ, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან კარგავს "ნორმაზე მეტ" ქულებს. "კოლხეთზეც" იმავეს თქმა შეიძლება: გელა სანაიას გუნდმა რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ამავდროულად, არც ხანგრძლივი, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია უნდა დაგვავიწყდეს!..

ამ გუნდების არასტაბილურობაზე მიმდინარე სეზონში ჩატარებული წინა ორი მატჩის შედეგიც მეტყველებს: I წრეში, გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" მამია გავაშელიშვილის (ჰეთ-თრიკი) და ირაკლი სიხარულიძის (დუბლი) გოლებით სტუმრად (ოღონდ, ქობულეთში) დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა "კოლხეთი".

სამაგიეროდ, II წრის მატჩში, თბილისში რომ გაიმართა, ბევრისთვის მოულოდნელად, "კოლხეთმა" შეძლო და ძლიერ მეტოქეს სტუმრად 2:1 მოუგო, თანაც, პირველი ტაიმის მერე "ლოკომოტივი" 1:0-ს იგებდა...

დინამო (თბ)-ჩიხურა
ამ ტურის დასკვნითი მატჩიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: ეროვნული ლიგის უმთავრესმა ფავორიტმა თბილისის "დინამომ" ბოლო წლებში თავის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს.

"უხერხული მეტოქის" ფაქტორი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: 2014 წლამდე, "დინამო" შინ თუ გარეთ უპრობლემოდ (ხანდახან, გამანადგურებელი ანგარიშითაც) ამარცხებდა საჩხერელთა გუნდს; აი, ამის მერე კი, "ჩიხურამ" უკვე მოახერხა და ნავსიც გატეხა.

აი, თუნდაც, ამ გუნდებს შორის გამართული II წრის მატჩი გავიხსენოთ, როცა სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ჩიხურამ" ურთულესი დაპირისპირება მოუგო "დინამოს" და სწორედ მაშინ შეწყდა კიდეც ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია. ის შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ "ჩიხურა" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

არანაკლებ საინტერესო იყო ამ გუნდების I წრის დაპირისპირებაც, გარდამავალი უპირატესობით რომ მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კახა კაჭარავას მიერ განხორციელებულმა ეფექტიანმა ცვლილებამ გადაწყვიტა ყველაფერი: შეცვლაზე შემოსულმა დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ ეფექტური დარტყმით "დინამოს" გამარჯვება მოუტანა!

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
18 აგვისტო
ბათუმი. რაგბი არენა. 20:00 (LIVE აჭარის ტელევიზიით)
დინამო (ბთ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
8: +5 =2 -1, 16-7
I-II წრე 2:0, 4:2

19 აგვისტო
თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 19:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =1-4, 10-20
დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) - გურამ სამუშია (სამტრედია)
I-II წრე 1:2, 2:3

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 21:00 (უმაყურებლოდ)
ტორპედო-დილა
ურთიერთშეხვედრები
55: +31 =7 -17, 101-64
I-II წრე 1:1, 2:0

20 აგვისტო
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:30
კოლხეთი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
28: +10 =4 -15, 41-49
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი)
I-II წრე 0:5, 2:1

თბილისი. დინამო არენა. 20:00 (LIVE I არხზე)
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
16: +10 =3 -3, 40-13
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუცია (დინამო) - გიორგი კორიფაძე (ჩიხურა)
I-II წრე 2:1, 1:2

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 17
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
gaamaxvilet yuradgeba msajebi rogor udgeba dinamos da rogor undat dzalit gaxadonn chempionii... yvela tamashze dinamos sasargeblod gebulobs msaji gadawyvetilebass.. xalxi giji araa tyuil ubralod isrolos stadionze saganii... ar dadebuli penlebii samtrediastann... rato arapers ar wwert msajebzee jurnalisteboo...
botlebi imito cviva stadionzee mizezi aqvt
14:58 18-08-2017
2
წარმატებები :
ჩიხურას
შუქურას
დილას
სამტრედიას
კოლხეთს.

დანარჩენ ხუთეულს კი სულ 5-0 წაგებას ვუსურვებ :)
Jango
14:56 18-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული