ქართული სატრანსფერო ზაფხული: მონაგარი, ჯამი, პლუსი და მინუსი

AutoSharing Option
ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ, ეროვნული ლიგა რამდენიმე გამორჩეულმა მოთამაშემ დატოვა - ან უცხოეთში წავიდა, ან აქვე, საქართველოში შეიცვალა კლუბი. ცხადია, ეს ლიგის საერთო ღირებულებაზე აისახება.

ქვემოთ ჩვენ მხოლოდ სერთაშორისო ტრანსფერებს შევეხეთ - ლეგიონერების საქართველოში ჩამოსვლას, უცხოეთში წასვლას და გარიგებებს, რომელიც ეროვნული ლიგის კლუბებს შორის უცხოელებთან დაკავშირებით განხორციელდა...

დინამოდან ლიდერები წავიდნენ
ყველაზე დიდი დანაკლისი თბილისის "დინამომ" განიცადა: გუნდიდან წავიდნენ საბა ლობჟანიძე (550 000, რანდერსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (300 000, სარაგოსა, ესპანეთი), ბაჩანა არაბული (300 000, ბალმაზივაროში, უნგრეთი), გიორგი გველესიანი (200 000, ზობ
აჰანი, ირანი) და საბა თავაძე (50 000, ნაფტი, ირანი). ბოლო ინფორმაციით, გუნდი ლუკა ლოჩოშვილმაც (450 000) დატოვა და კარიერას კიევის "დინამოში" გააგრძელებს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე (750 000) - ბელგიურ "გენტში".

ამგვარად, თბილისური კლუბიდან წასულთა ჯამური მაჩვენებელი 2.6 მილიონ ევროს მიაღწევს. მოვიდნენ მოჰამად ალიუ (100 000, საქსანი, მოლდოვა) და მიკოლა კოვტალიუკი (300 000, კოლხეთი 1913). ანუ ბალანსი 2,2 მილიონი ევროა.

ბათუმელები ლეგიონერებს აბრუნებენ
მიმდინარე საზაფხულო "ფანჯარაში" ბათუმის "დინამომ" უცხოეთიდან დააბრუნა ოთარ მარცვალაძე (300 000, ორდაბასი, ყაზახეთი) და ელგუჯა გრიგალაშვილი (200 000, ახნას ეთნიკოსი, კვიპროსი), ხოლო წავიდა ნიგერიელი უგოალა კენედი (250 000, უგუნდო).

მარცვალაძე ჯერ ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. გრიგალაშვილის ტრანსფერმა კი გაამართლა - კვიპროსიდან დაბრუნებულმა ნახევარმცველმა გუნდი აშკარად გააძლიერა. ასე რომ, ბათუმელთა პლუსი 250 000 ათასი ევროა.

დილა ისრაელს ამარაგებს
შეიძლება ითქვას, საერთაშორისო ტრანსფერებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გორის "დილა" იყო. გუნდის ლიდერები ისრაელის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებში წაიყვანეს: შემტევი ნახევარმცველები თენგიზ წიქარიძე (200 000, ჰაპოელი ფეთაჰ-თიკვა) და ბრაზილიელი ლეანდრო რიბეირო (300 000, მაკაბი ნეთანია), ასევე კონგოელი მცველი რომარიკ ეტუ (175 000, ბეითარ რამლა), რაც ჯამში 675 000 ევროა. მათი წასვლა "დილასთვის" დიდი დანაკლისი აღმოჩნდა, რაც მეორე წრეში აშკარაა.

გორელებმა დაიმატეს პედრინიო (100 000, ამერიკა, ბრაზილია), გილერმე მორასი (100 000, ფიგეირენსე, ბრაზილია) და ჰალიფ ალჰასანი (175 000, ნიუ იორკ კოსმოსი, აშშ). ამით გორელები მინუსებში აღმოჩნდნენ - 300 ათასი ევრო.

ლოკომოტივი, როგორც ბათუმის დინამო
თბილისის "ლოკომოტივს" საკმაოდ კარგი საზაფხულო მონაგარი აქვს: გუნდში დაიმატეს ლევან ყენია (300 000), მამუკა კობახიძე (200 000) და გიორგი გოროზია (300), სატრანსფერო ბალანსი კი 800 ათასი ევროთი გაიუმჯობესეს.

ქუთაისელთა მოკრძალებული ბალანსი
ქუთაისის "ტორპედოს" პასივში მხოლოდ ორი კვირის ჩარიცხული და შემდეგ ისევ რუსეთში გაბრუნებული დავით ხურციძეა (150 000). მონაგარი კი გუგა ფალავანდიშვილია და ვლადიმირ კორობკა (150 000, ფოთის კოლხეთი) გახლავთ.

მოლდოვური "დაჩიადან" დაბრუნებული საყრდენი ნახევარმცველი ახლოს არის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიასთან - მისი ტრანსფერი 375 ათას ევროდ ფასდება.

საბურთალოს ცხელი ზაფხული
"საბურთალომ" უცხოეთში გაუშვა ვაგნერ გონსალვეში (350 000), გიორგი ჩოჩიშვილი (25 000) და გიორგი ქოჩორაშვილი.

სხვათა შორის, მცირე ხნის წინ, საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა შეფასებები რომ გამოვაქვეყნეთ, ბევრმა ჩათვალა, რომ ჩოჩიშვილისა და ქოჩორაშვილის მონაცემები გამოგვრჩა. საქმე სხვაგვარად არის - გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" ჩავარდნად უნდა ჩავთვალოთ, პრაღის "სლავიაში" წასული მეკარის შეფასებაში სულ რაღაც 25 ათასი ევრო რომ წერია, ხოლო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "ჟირონაში" გადასულ ქოჩორაშვილს შეფასება საერთოდ არ უწერია, რაც გაუგებარია.

"საბურთალომ" უცხოეთიდან დაიმატა ალბანელი თავდამსხმელი ნდუე მუიეცი (175 000) და სერბეთიდან წამოსული დავით ვოლკოვი (175 000), ანუ ბალანსი მინუს 25 ათასი ევროა.

იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლოა მალე გუნდი ლიდერმა, გიორგი ხარაიშვილმაც (650 000) დატოვოს, მაშინ ბალანსი მინუსებში წავა.

სამტრედიას მილიონიანი პლუსი
ამ კუთხით ყველაზე მეტად "სამტრედიას" შეფასება გაიზარდა: გუნდი რუს თავდამსხმელ კონსტანტინე ბელოვსა (100 000) და უკრაინელ მცველ რუდოლფ სუხომლინოვს (150 000) შეელია. მაგრამ დაიმატა ბაკარ ბალდე (250 000, მირანდელა, პორტუგალია) და ინტერს გი (300 000, კიასო, შვეიცარია), ჰენრი ნდონგი (200 000, სუდუვა, ლიტვა) და მაიკლ ოლაიტანი (500 000, უგუნდო).

ანუ "სამტრედიამ" 1.250 მილიონი ევროდ დაფასებულები მიიწვია, სულ კი ჯამურად ბალანსი მილიონი ევროთი გაიზარდა.

კოლხეთის საერთაშორისო კავშირები
დიდი დანაკლისი აქვს ფოთის "კოლხეთსაც", რომელსაც წრის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებული მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი (200 000, აფიპსი, რუსეთი) დაემშვიდობა. მის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა - ნახევარმცველი გურამ ლუკავა (50 000, ლეგიონოვო, პოლონეთი), არფანგ დაფე (250 000, პაიკანი, ირანი), ვლადიმირ კორობკა (150 000, ტორპედო ქუთაისი) და მიკოლა კოვტალიუკი (300 000, დინამო თბ).

როგორც ჩანს, ფოთელთა ხელმძღვანელობამ დაფეს გაქცევის გამო ამტყდარი სკანდალის შემდეგ, ირანულ კლუბთან ურთიერთობა უკვე მოაგვარა, რადგან სენეგალელი ნახევარმცველი საერთაშორისო ცნობარებში "პაიკანის" მოთამაშედაა მოხსენიებული. კოლხების დანაკლისი, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 950 ათასი ევროა.

ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი საერთაშორისო კავშირებით მაინც გამოირჩევა: კოლხებმა დაიმატეს კენიის ახალგაზრდული ნაკრების ორი მოთამაშე - ამოს ნონდი (50 000, გორ მაჰია, კენია) და ჯონ მაჩარია (25 000, ატალანტა, კენია), ასევე ორი უკრაინელი - ალექსანდრ დერებჩინსკი (100 000, ზირკა, უკრაინა) და იგორ ბროვკო (50 000, სკალა სტარი, უკრაინა).
ფოთელთა ბალანსი მინუს 725 ათასი ევრო გამოვიდა.

შუქურას საბითუმო ვაჭრობა
ქობულეთის "შუქურას" ხელმძღვანელობამ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით მდგომარეობის რადიკალური გამოსწორება სცადა.

გუნდი ლეგიონერების უმრავლესობას შეელია: წავიდნენ ივან კამინსკი (25 000, ჰირნიკ-სპორტი, უკრაინა), ირაკლი ჭეჟია (200 000, თავისფალი აგენტი), გიგა მამულაშვილი (50 000, თავისუფალი აგენტი), ივან რუდნიცკი (100 000, არცახი, სომხეთი), ალექსანდრ კლეცკოვი (50 000, თავისუფალი აგენტი) და აზამატ ჯიოევი (100 000, თავისფალი აგენტი).

ამ მინუს 525 ათასის ნაცვლად, გუნდში მიიწვიეს ფეხბურთელები, რომელთა ჯამური შეფასება 625 ათასი ევროა - ვლადიმირ მელნიჩენკო (25 000, ცხინვალი, ცხინვალი), რომან პომაზანი (125 000, ინგულეცი, უკრაინა), ფელიპე ნუნიეში (100 000, ანაპოლისი, ბრაზილია), მარსელო ანტონიო (100 000, ატლეტიკო ლინენსე, ბრაზილია) და სტეფან დასე (250 000, აკადემიკა ვიზეუ, პორტუგალია).

მართალია, პომაზანი შესვენებამდე მცირე ხნით ადრე ჩამოვიდა, მაგრამ მისი ტრანსფერი მაინც ზაფხულის პერიოდს მივაკუთვნეთ.

ქობულეთელთა ბალანსი პლუს 75 ათასი ევროა.

პასიური ჩიხურა
საჩხერის "ჩიხურაში" საერთაშორისო ტრანსფერები არც განხორციელებულა - არც არავინ მოსულა და არც არავინ წასულა.

სხვადასხვა
* ზაფხულის სატრანსფერო "ფანჯრის" დროს 16 ლეგიონერი ჩამოვიდა - ბრაზილიელი (3), უკრაინელი (3), კენიელი (3), კოტდივუარელი (2), ნიგერიელი (2), ალბანელი (1), გაბონელი (1) და გვინეაბისაუელი (1). ანუ 3 კონტინენტიდან - სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და ევროპიდან.

*
უცხოეთიდან დაგვიბრუნდა 6 ქართველი: თითო მოლდოვიდან, ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან და კვიპროსიდან.

* ჯამში წავიდა 13 ლეგიონერი: ისრაელში (2), უკრაინაში (2), რუსეთში (1), ბელგიაში (1) და ირანში (1), დანარჩენი ახალ გუნდს ჯერ კიდევ ეძებს.

* უცხოეთში კარიერას გააგრძელებს 10 ქართველი ფეხბურთელი: ესპანეთში (2), ირანში (2), დანიაში (1), ჩეხეთში (1), უნგრეთში (1), პოლონეთში (1), ისრაელსა (1) და რუსეთში (1).

* ლეგიონერების შიდა ტრანსფერებში აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში ქართულმა კლუბებმა უკრაინელი მოთამაშე დაიმატეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ანუ "სამტრედიამ" 1.250 მილიონი ევროდ დაფასებულები მიიწვია, სულ კი ჯამურად ბალანსი მილიონი ევროთი გაიზარდა.--------------კი მაგრამ ჩაგელიშვილი და ბერიაშვილი დაგავიწყდათ მერაბ ბატონო? ეს ხომ 350 000 ია?+250 000 სლავები, ანუ 600 000 -1 250 000 = მხოლოდ +650 000 და არა 1 მილიონი.
Олег
16:25 07-09-2017
0
ავტორს რას ერჩით უაზრო სტატია კია მაგრამ ცოტა იაზროვნოთ უნდა ეს კაცი იმას წერს რა ღირებულების წავიდა და მოვიდა თორე რამდენად გაყიდა იმას კიარ ამბობს
lashari
02:42 04-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული