ეროვნული ლიგა. XXV ტურის წინ: პრიორიტეტების არჩევის დროა!

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული თითქმის ორკვირიანი პაუზა დასრულდა და ეროვნული ლიგის განახლებას დიდი ინტერესით ველოდებით. ამ სანაკრებო პაუზის დროს, გუნდებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და ამხანაგური მატჩებიც ჩაატარეს. ზოგან გარკვეული საკადრო ცვლილებებიც მოხდა, ზოგი გუნდი არასრული შემადგენლობით ვარჯიშობდა (ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იყო გამოძახებული) და ასე შემდეგ.

ჰოდა, სწორედ მოახლოებული ტური გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყენეს ჩვენმა გუნდებმა ეს სანაკრებო პაუზა. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოს თასის მეოთხედფინალებია, სადაც ეროვნული ლიგის მხოლოდ... 4 გუნდი მონაწილეობს.
ანუ ორივე ფრონტზე მოასპარეზე ამ ოთხი გუნდის (თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "ტორპედო", "დილა") მწვრთნელებს სერიოზულად მოუწევთ ფიქრი შემადგენლობის როტაციაზე.

08.09. ბათუმი. რაგბი არენა. 17:00
კოლხეთი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
35: +16 =9-10, 54-36
დისკვალიფიკაცია: ვარლამ კილასონია (კოლხეთი)
I-II წრე 1:2, 1:1

ძალიან საწყენია, ასეთი ტრადიციების მქონე გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში პრობლემები რომ არ ელევა: ცალკე - ფინანსური, ცალკე - საკადრო და რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარი სტადიონის არქონაზე! რა მიხვედრა უნდა, რომ "კოლხეთზე" ვლაპარაკობთ, XXV ტურს ათმატჩიანი მოუგებელი სერიით რომ ხვდება, თანაც, აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით: წამყვანი ფეხბურთელების დისკვალიფიკაციები თუ ტრავმებიც ხომ "კოლხეთის" საფირმო ნიშნად იქცა.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩში "კოლხეთმა" მეტოქეს ქობულეთში "უმასპინძლა", სხვა გუნდებთან "საშინაო მატჩებს" კი სამტრედიაში ატარებდა. ამჯერად, მოქმედ ჩემპიონს ბათუმში დახვდება და შეეცდება, II წრეში ნაჩვენები შედეგი გაიმეოროს. შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად, ფოთელებმა მოქმედ ჩემპიონთან სტუმრად ფრე გაახერხეს.

მეტოქისგან განსხვავებით, მშვენიერი სერია (6 წაუგებელი მატჩი) აქვს "სამტრედიას". თუმცა გია ცეცაძის გუნდმა ბოლო 3 მატჩი ფრედ დაასრულა (სამივე - 1:1) და ამის გამოც მოხდა, რომ ლიდერ თბილისის "დინამოს" უკვე 11 ქულით ჩამორჩება.

08.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
16: +5 =5 -6, 18-20
დისკვალიფიკაცია: გიორგი კუხიანიძე (ტორპედო) - ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა)
I-II წრე 2:1, 3:0

"ტორპედოს" ზედიზედ მეორე იმერული დერბი უწევს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელთა გუნდის მსგავსად, "ჩიხურასაც" სათასო პაექრობა ელოდება მომავალი კვირის დასაწყისში. ოღონდ ამ შემთხვევაში ისიც სათქმელია, რომ კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი "ტორპედო" ეროვნულ ლიგაშიც ყოჩაღობს და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება, მაშინ, როცა "ჩიხურას", ფაქტობრივად, თეორიული შანსიღა დარჩა პირველ სამეულში მოსახვედრად.

აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რომ სოსო ფრუიძის გუნდი მიმდინარე სეზონში აქცენტს თასზე გააკეთებს. თუმცა, მეორე მხრივ, IV ადგილის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს: იმის შანსიც ხომ არსებობს, ევროპალიგის საგზური ჩემპიონატში IV ადგილზე გასულმა გუნდმა რომ მოიპოვოს?!.

ასე რომ, "ჩიხურას" ჩემპიონატშიც საკმარისად აქვს მოტივაცია და აღარაფერს ვამბობთ რევანშის სურვილზე: მიმდინარე სეზონში "ტორპედომ" ხომ ორივე მატჩი მოუგო საჩხერელთა გუნდს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი, რა თქმა უნდა, II წრის მატჩი იყო, როცა "ტორპედოს" 34 წლის გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ ჯერ საგოლე პასი გაუკეთა თორნიკე კაპანაძეს, შემდეგ კი ერთიმეორეზე ეფექტური და ოსტატური გოლები გაიტანა.

09.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00
ლოკომოტივი-დილა
ურთიერთშეხვედრები
27: +15 =8 -4, 39-17
დისკვალიფიკაცია: ლაშა გვალია (ლოკომოტივი)
I-II წრე 3:3, 2:0

ზედიზედ 3 მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" კვლავ ლიდერთა სამეულის სიახლოვეს აღმოჩნდა. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, "ლოკომოტივის" არასტაბილურობაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. გიორგი დევდარიანის გუნდი ერთადერთია ლიგაში, ორჯერ რომ მოუგო უმთავრეს ფავორიტ თბილისის "დინამოს". არადა, შედარებით სუსტ მეტოქეებთან "ლოკომოტივს" არაერთი ქულა აქვს დაკარგული.

მიმდინარე სეზონში პირველად სწორედ III წრეში მოხდა, როცა დევდარიანის ხელმძღვანელობით, "ლოკომოტივმა" ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და საინტერესოა, შეძლებს თუ არა მუდამ შეტევაზე ორიენტირებული ეს გუნდი წარმატებული სერიის გაგრძელებას.

"ლოკომოტივი" თასის გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა, "დილას" კი მომავალ კვირაში მეოთხედფინალური მატჩი ელოდება "ჩიხურასთან". თუმცა, გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას უმთავრესი საფიქრალი, უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა უნდა იყოს. "დილამ" ხომ მხოლოდ წინა ტურში შეძლო ნანატრი გამარჯვების მოპოვება ზედიზედ 6 წაგების შემდეგ.

მოკლედ, განსხვავებული მიზნების მქონე გუნდების დაპირისპირებას ველოდებით. მასპინძლები ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვიან, სტუმრები კი - ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

09.09. თბილისი. დინამო არენა. 20:00
დინამო (თბ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
8: +7 =1 -0 22-3
დისკვალიფიკაცია: მიკოლა კოვტალიუკი (კოლხეთი) - რომან ჩაჩუა (შუქურა)
I-II წრე 5:0, 4:1

ცხრილის სხვადასხვა "პოლუსზე" მყოფი გუნდების დაპირისპირების წინ, წესით და რიგით, წყვილის გამოკვეთილი ფავორიტის გამოცნობა არავის უნდა გაუჭირდეს. ლიდერისა და აუტსაიდერის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაც მასპინძელთა სასარგებლოდაა. მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა "შუქურამ" შეძლო და თბილისის "დინამოს" ფრედ ეთამაშა, დანარჩენ შვიდ შემთხვევაში კი, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უპრობლემოდ ამარცხებდა "შუქურას".

მიმდინარე სეზონშიც კახა კაჭარავას გუნდმა ორჯერვე დიდი ანგარიშით მოიგო. ოღონდ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, იმ მატჩებისგან განსხვავებით, დღეს სულ სხვა შემადგენლობა ჰყავს: უფრო ადრე წასულ ბაჩანა არაბულს, გიორგი პაპუნაშვილს, საბა ლობჟანიძესა და გიორგი გველესიანს, სულ ახლახან, ერთმანეთზე ნიჭიერი ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი (გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი) მიემატა.

თუმცა, კაჭარავას საკადრო პრობლემები ამით არ ამოწურულა: წინა ტურში ტრავმა მიიღო მარცხენა მცველმა (ნახევარმცველმა) გიორგი თევზაძემ, გუნდის ახალწვეული მიკოლა კოვტალიუკი დისკვალიფიცირებულია, გუნდის კაპიტან ოთარ კიტეიშვილს კი მძიმე ტრავმის შემდეგ ჯერ თამაში არ განუახლებია...

ერთიცაა და მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის - III წრეში "შუქურამ" საგრძნობლად გამოასწორა თამაშის ხარისხიც და, რაც მთავარია, პლეი აუტში მოხვედრის შანსიც გაუჩნდა. ეს შანსი კი, სეზონის მსვლელობისას გუნდში ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის მისვლის შემდეგ გაჩნდა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილმა მცველმა აქტიური საფეხბურთო კარიერა სწორედ "დინამოში" დაასრულა, მერე კი იმავე "დინამოს" აკადემიაში გადადგა პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები...

10.09. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 20:30
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =1 -2, 6-4
დისკვალიფიკაცია: ვალერიან თევდორაძე (დინამო ბთ)
I-II წრე 2:0, 1:0

XXV ტურის დასკვნითი მატჩიც დიდ ინტერესს იწვევს: ბოლო დროს წარმატებით მოასპარეზე "საბურთალომ" ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო გუნდს, ბათუმის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს.

III წრის პირველ ტურში, "საბურთალო" შინ დამარცხდა "ტორპედოსთან", რის შემდეგაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში "საბურთალომ" ორივე მატჩი მოუგო ბათუმის "დინამოს" და საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ამ ახალგაზრდული გუნდის წარმატებული სერია.

ბათუმის "დინამოს" უკომპრომისობა (თბილისის "დინამოს" მსგავსად, ყველაზე ნაკლები ფრე აქვს ეროვნულ ლიგაში) ვახსენეთ და ამ გუნდის არასტაბილურობაზეც უნდა ვთქვათ: მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ბათუმის "დინამომ" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო.

და მთავარიც - უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმელებს დღესდღეობით მხოლოდ 1 ქულა აშორებთ პლეი აუტის ზონისგან.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული