ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედოსთვის" "ჩიხურა" კვლავ უხერხულ მეტოქედ რჩება. თითქოსდა, მიმდინარე სეზონში ეს ტრადიცია დაირღვა, ჩემპიონატის წინა ორი დაპირისპირება ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1, 3:0), მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდმა 25-ე ტურში რევანში აიღო და "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიციებს ფრთები მნიშვნელოვნად შეუკვეცა...

იმერულ დერბის დაძაბულობა არასდროს აკლდა და ახლაც ასე იყო - "რამაზ შენგელიაზე" საინტერესო და სანახაობრივი თამაში გაჩაღდა. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის. პირველ ნახევარში კი გუნდები შედარებით ფრთხილად მოქმედებდნენ და ტემპიც არ იყო მაღალი. მიუხედავად ამისა, ორ-ორი საგოლე მომენტი ორივე კართან შეიქმნა.

ქუთაისელებს განსაკუთრებით
იმ მომენტში არ გაუმართლათ, როცა გრიგოლ დოლიძის საჯარიმო დარტყმა მცველმა კარის ხაზიდან მოიგერია, დამატებაზე კი მერაბ გიგაურმა დაუცველ კარში ვერ გაიტანა. მასპინძლები ბურთს კი აკონტროლებდნენ, მაგრამ უკანა ხაზში რომ ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდათ, ტაიმის მიწურულს გამოჩნდა, როცა მცველების მიუტევებელ შეცდომას კინაღამ საჩხერელთა გოლი მოჰყვა - გიორგი გაბედავას დარტყმა გამოცდილმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, კახა ჩხეტიანმა, გურამ ადამაძის ნაცვლად, მოედანზე ვაჟა ტაბატაძე შეუშვა. მას მარჯვენა ფლანგის გააქტიურება დაევალა, დავით ხურცილავამ კი ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა. "ტორპედომ" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, ქუთაისელები უფრო აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს და მწვავედაც უტევდნენ. გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ გუგა ფალავანდიშვილი, ლევან კუტალია და გიორგი ქიმაძე, მაგრამ... დამაგვირგვინებელ ფაზაში ვეღარ იყოჩაღეს.

ქუთაისელები სრულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ასეთი სცენარიდან გამომდინარე, "ჩიხურამ" სრულიად ალოგიკური გოლი გაიტანა. შეტევაში გართულმა მასპინძლებმა დაცვაში ყურადღება მოადუნეს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ - დენის დობროვოლსკის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა მთელი დაცვა სტატისტის როლში აღმოჩნდა და ზაზა ჭელიძემ სტუმრები დააწინაურა.

გოლის ეპიზოდში ჭელიძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ჩხეტიანმა მდგომარეობის გამოსწორება ცვლილებებით სცადა. ცენტრის გასამაგრებლად მან მოედანზე ოთარ მამასახლისს უხმო, ცოტა ხანში კი გიგაური თორნიკე კაპანაძით ჩაანაცვლა და ორი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტია.

მასპინძლები ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ არ გაუმართლათ - სტუმრები ჯერ ხარიხამ იხსნა, შემდეგ კი ბაქარ მირცხულავამ, რომელიც საჩხერელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

ამ სიტუაციაში სტუმრებმა კონტრშეტევებზე გააკეთეს აქცენტი, რამაც გაამართლა კიდეც. კარგად ჩაერთო თამაშში პაპუნა ფონიავა, რომელიც ჯერ თავად დაემუქრა "ტორპედოს" კარს, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა. სტუმარი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელიც მანამდე თითქოს ჩრდილში იყო, თუმცა, როგორც კი შანსი მიეცა, მიმდინარე სეზონში თავისი მე-13 გოლი მიითვალა.

მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "ძალიან დაძაბული თამაში იყო. "ტორპედო" ძლიერი გუნდია, კარგადაც ითამაშა, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო გაგვიმართლა, შანსებიც უკეთ გამოვიყენეთ".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო): "რამდენიმე კარგი მომეტი ვერ გამოვიყენეთ, შეტევაში წასულებმა დაცვაში კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქის კონტრიერიშები გამოგვეპარა. "ჩიხურა" ძლიერი გუნდია და დღეს დამსახურებულად მოიგო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისთვის. მარცხის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ მათ უგულოდ ითამაშეს".

მატჩის სტენოგრამა
3' - ლაშა კუჭუხიძე მცველებს გაექცა და საჯარიმოს მისადგომებიდან კარში დაარტყა. მეკარე ზურაბ მწყერაშვილი ბურთს ადგილზე დახვდა.
18' - გიორგი გაბედავამ საჯარიმოს გარედან სცადა ქუთაისელთა დამწუხრება, მაგრამ მცირედით ააცილა.
22' - "ჩიხურა" გოლს გადაურჩა. გრიგოლ დოლიძის სახიფათო საჯარიმოს შემდეგ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა. გიგაური თავურით ამატებდა, მაგრამ ხარიხას გადააცილა.
39' - გაბედავა საჯარიმოს ხაზიდან კარში ძლიერად ურტყამდა. მასპინძლები გოლისგან მეკარე როინ კვასხვაძემ იხსნა.
49' - ფალავანდიშვილის ძლიერი "გასროლა" და ბურთი სამიზნეს მცირე მანძილით სცდება.
52' - ლევან კუტალია ახლო მანძილიდან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და კარს ოდნავ ასცდა.
55' - გიორგი ქიმაძის სახიფათო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
55' - გოლი! დობროვოლსკიმ საკუთარი ნახევრიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზაზა ჭელიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
65' - კუთხურის შემდეგ კუტალია თავით ურტყამდა კარში და სტუმრები ხარიხამ იხსნა.
66' - მორიგი "სტანდარტულის" შემდეგ მეკარე მწყერაშვილი გამოსვლაზე შეცდა. ოლეგ მამასახლისი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბაქარ მირცხულავამ ცარიელი კარიდან მოახერხა ბურთის მოგერიება.
76' - გოლი! ფონიავას გადაცემის შემდეგ ტატანაშვილმა საჯარიმოში მეურვეს პოზიციურად აჯობა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0.
89' - თორნიკე კაპანაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია.

ეროვნული ლიგა. XXV ტური
08.09 ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 ჭელიძე (55. დობროვოლსკის პასით), 0:2 ტატანაშვილი (75. ფონიავას პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე (46. ტაბატაძე), გურული (59. მამასახლისი), ქიმაძე - გიგაური (65. კაპანაძე), ფალავანდიშვილი - დოლიძე, ბაბუნაშვილი, კუტალია - კუჭუხიძე.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, კორობკა, ბერიაშვილი, ტუღუში
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ჩიხურა (4-1-4-1): მწყერაშვილი - გრიგალაშვილი (70. ჩიკვაიძე), კაშია, მირცხულავა, კორიფაძე - დობროვოლსკი - ივანიშვილი, სარდალიშვილი (58. ფონიავა), ჭელიძე (58. კაკუბავა), გაბედავა - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, მესხი, კვერნაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე
გაფრთხილება: ადამაძე (20), გრიგალაშვილი (22), ტატანაშვილი (27), ფალავანდიშვილი (64)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
16 სექტემბერი, შაბათი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

17 სექტემბერი, კვირა
ჩიხურა-კოლხეთი
შუქურა-დილა
დინამო (თბ)-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული