დავით ვოლკოვი: მხოლოდ გოლები, არანაირი წყენა "დინამოზე"!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, თბილისის "დინამოსთან" "საბურთალოს" გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა დავით ვოლკოვმა. 22 წლის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.

- დინამო(თბ)-საბურთალო 1:4 - როგორც ქარიშხალი [VIDEO]

საერთოდაც, გუნდს კარგად რომ მოერგო, სტატისტიკიდანაც ჩანს: 7 შეხვედრაში უკვე 7 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ თამაშში - 1 გოლი. მისი აზრით, ლიდერთან მოგება ლოგიკური იყო:

- ჩვენთვის თამაში პრინციპული იყო იმიტომ, რომ "საბურთალოს" "დინამოსთან" არც მოგებული ჰქონდა და არც - გატანილი. ბოლო შეხვედრაში კი ერთიც შევძელით და მეორეც.

- ასეთ შედეგს არავინ ელოდა. რას ფიქრობთ,
რამ განაპირობა გამარჯვება?

- ბოლო 7 შეხვედრაა, საკუთარი თამაში დავიჭირეთ. ხარისხს ნელ-ნელა ვუმატებდით და მიმაჩნია, რომ შემთხვევით არც "დინამოსთან" მოგვიგია.

- ასეთივე წარმატებული გაგრძელების იმედი თუ გაქვთ?
- ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. იმედი ნამდვილად მაქვს.

- "დინამო" თქვენი ყოფილი გუნდია და მასთან განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებდით...
- "დინამო არენაზე" ყველა ფეხბურთელს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. ასე ვიყავი მეც, მაგრამ არა იმიტომ, რომ "დინამოზე" ნაწყენი გახლდით, უბრალოდ, კარგად თამაში და თავის გამოჩენა მსურდა.

"დინამოსთან" ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და განსაკუთრებულად გოლიც არ ამიღნიშნავს, მაგრამ ბადეს რომ შეარხევ, ეს ნებისმიერ მეტოქესთან სასიხარულო განცდაა.

- "საბურთალო" არასტაბილურობით გამოირჩეოდა და, რა დასამალია, ბევრი ფიქრობდა, რომ "დინამოსთან" წაუგებელ სერიას შეწყვეტდა...
- ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ სწორი გზით მივდივართ. ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი გუნდში, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და არ წვალობს. ბევრი გუნდი ძალიან პრიმიტიულად თამაშობს. ჩვენ კი მოედანზე გასვლამდე ვფიქრობთ, ვინ სად და რატომ უნდა იყოს, როდის რა გავაკეთოთ და მეტოქეს რა დავუპირისპიროთ. ამ ყველაფრის თავი და თავი გია ჭიაბრიშვილის დავალებები და გემოვნებაა. შემტევი ფეხბურთი უყვარს და გვთხოვს, ვითამაშოთ ისე, ჩვენ რომ მოგვწონს. ეს შედეგიც აქედან მოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული