"2017 წლის ეროვნული ლიგის მე-3 წრის დასრულებასთან ერთად, გიორგი ცეცაძე "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 2015 წლიდან დღემდე, მე-2 საპრიზო ადგილი, შემდეგ საქართველოს ჩემპიონობა, სუპერთასი და წარმატებული ასპარეზობა ეროვნული ლიგის 3 წრის განმავლობაში - ასეთია გიორგი ცეცაძის კარიერა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში".
საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა გიორგი ცეცაძემ "სამტრედიას" 88 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა, აქედან 53 გამარჯვებით, ხოლო 15 ფრედ დაასრულა.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთავარი მწვრთნელი
ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეროვნული ლიგის XXVII ტურში "სამტრედია" გორში, "დილასთან" 1:2 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
საერთოდ, "სამტრედიას" თავისი არსებობის ისტორიაში სულ 2 ტიტული აქვს მოპოვებული: 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს - ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული და ეს ორივე ჯილდო ცეცაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ამას გარდა, გუნდი ორჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი და ერთი მათგანიც ახალგაზრდა სპეციალისტის პერიოდში მოხდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცეცაძემ "სამტრედიაში" ახალი ეპოქა შექმნა.
შევიტყვეთ, რომ ცეცაძესთან ერთად, გუნდი მისმა ასისტენტებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ და მამუკა აბუსერიძემაც დატოვეს.
"გია ცეცაძე - დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენ ერთად დავწერეთ "სამტრედიის" ისტორია. ერთად გავხდით ჩემპიონი და ერთად მოვიგეთ სუპერთასი! ჩვენ ერთად გამოვცადეთ დიდი სიხარული, რასაც ეს ქალაქი არასოდეს დაგივიწყებს! თემურ ლორთქიფანიძე - ასევე მადლობა, რადგან დიდი როლი ითამაშე ჩვენს წარმატებაში!" - ვკითხულობთ სამტრედიელი ფანების განცხადებაში.
თავად ცეცაძე კომენტარს არ აკეთებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ინფორმაცია, რომ ცეცაძეს ბათუმის "დინამოში" იწვევდნენ, მაგრამ "სამტრედია" შუა გზაზე არ მიატოვა. ახლა კი თავისუფალია და იმედია, რომელიმე ამბიციურ გუნდს ჩაიბარებს. საწყენია, რომ ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები დაკომპლექტებულია, თორემ ურიგო კანდიდატი ამ როლშიც არ იქნებოდა.
რაც შეეხება "სამტრედიის" ახალ მწვრთნელს, მის ვინაობას კლუბი ხვალ გაამხელს. უჩა სოსიაშვილი არ ადასტურებს ხმებს, თითქოს, "სამტრედიაში" მუშაობა შესთავაზეს.
"მე ოფიციალურად არავინ დამკავშირებია, არც შემოთავაზება ყოფილა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ხმებს რაიმე საფუძველი აქვს", - ამბობს სოსიაშვილი, რომელიც ახლა ლიგა 3-ის ბინადარ ზესტაფონის "მარგვეთს" ავარჯიშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"