ეროვნული ლიგის XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მესამე წრეც დასრულდა, თუმცა, ეროვნული ლიგის გუნდებს ამ თვის ბოლოს კიდევ მოუწევთ თითო მატჩის ჩატარება, რის შემდეგაც ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება. დასკვნითი, IV წრე რომ დამაინტრიგებელი და საინტერესო უნდა იყოს, ამას ბევრი მტკიცება არც სჭირდება: სატურნირო ცხრილში დღესდღეობით ისეთი მდგომარეობაა, გადაადგილებებსა თუ სიტუაციის დაძაბვას, ფაქტობრივად, ყოველი ტურის მერე უნდა ველოდოთ.

აი, თუნდაც, III წრის ბოლო ტურში დაფიქსირებული შედეგების მერე როგორც მოხდა: საჩემპიონო რბოლაც დიდ ინტრიგას გვპირდება, ევროპალიგის საგზურების მოპოვებაზეც სერიოზული კონკურენცია იქნება და, როგორც ყოველთვის, გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდებისგანაც უნდა ველოდოთ
ხმაურიან სენსაციებს - ისეთს, როგორიც III წრის ბოლო ტურში მოხდა, როცა ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა "დილამ" შეძლო და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" დაამარცხა!

...თუმცა III წრის ბოლო ტურის ეპიცენტრი მაინც სხვაგან იყო: ქუთაისში ხომ "ქართული კლასიკო" გაიმართა.

არამშვიდობიანი ფრე
უკვე წლებია, "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და, გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მით უფრო, რომ სატურნირო სიტუაცია დამატებით ინტრიგას მატებდა პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებას: "ტორპედოც" და "დინამოც" ("სამტრედიის" მსგავსად), ხომ ჩემპიონობაზე აცხადებენ პრეტენზიას.

მასპინძელთათვის დამატებითი სტიმული უნდა ყოფილიყო გარკვეული სტატისტიკური მაჩვენებლებიც: მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" ორივე მატჩი ჰქონდა წაგებული "დინამოსთან" და ამას გარდა, ისიც გასათვილისწინებელი იყო, რომ ჩემპიონატის მატჩებში ქუთაისელთა საყვარელი გუნდი უკვე 5 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქის დამარცხებას!

მოიგებდა "ტორპედო" და ლიდერ "დინამოსთან" სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებდა; "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მართლაც კომფორტული უპირატესობით შეხვდებოდა IV წრეს.

საბოლოოდ, რა და როგორ მოხდა, ყველამ კარგად იცის: დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება აშკარად "არამშვიდობიანი" ფრით დასრულდა. აღარ შევუდგებით ტურის ამ ცენტრალური მატჩის პერიპეტიების აღწერას, სადაც პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა "დინამოს" გამოცდილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის ოსტატობა, გოლ(ებ)საც გაიტანდნენ.
აღარც იმ ყოვლად ამაზრზენ ფაქტზე შევჩერდებით დეტალურად, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო: ყველამ იცის, რომ ტრიბუნიდან ნასროლი ქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორს თავში მოხვდა და საავადმყოფოში გადასაყვანი შეიქნა.

სხვათა შორის, უცხოური საბუკმეკერო კანტორები ამ წყვილის ფავორიტად კახა ჩხეტიანის "ტორპედოს" მიიჩნევდნენ და არც გაემტყუნებოდათ: "დინამოს" საკადრო პრობლემები ხომ ტურიდან ტურამდე მატულობს! ახლაც, ამ უპრინციპულესი მატჩის წინ, "დინამოს" მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ძირითადი შემადგენლობის კიდევ 2 ფეხბურთელი (ნიკა ნინუა, მიკოლა კოვტალიუკი) მოისაკლისა და განაცხადში სულაც 16 წლის (!) ბიჭები (ზუკა დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია) ჰყავდა!

თუმცა, "დინამოს" შემადგენლობაში მატებაც იყო, თანაც - როგორი: თითქმის ოთხთვიანი პაუზის მერე დაბრუნდა გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი! მეგოლეებზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ: "დინამოს" ვიცე-კაპიტანმა, 29 წლის ლაშა თოთაძემ თავისი "საფირმო" საჯარიმო დარტყმა ისე შეასრულა, მხოლოდ და მხოლოდ აღტაცებას რომ იმსახურებდა!

არანაკლებ ოსტატური (და, რაც მთავარია, ქულის მომტანი) გამოდგა მასპინძელთა საპასუხო გოლიც, უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში რომ გაიტანა "ტორპედოს" 25 წლის ცენტრფორვარდმა ლაშა კუჭუხიძემ, რომელმაც ამ სეზონში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ამ ფრით ყველაზე მეტად "სამტრედიას" უნდა ეხეირა, მაგრამ მოქმედი ჩემპიონი ამ ტურში სულაც უქულოდ დარჩა.

რეკორდის მოლოდინი
ზედიზედ 3 მოგება და მეტოქეთა კარში გატანილი 12 გოლი - აი, ასეთი შედეგით დაასრულა III წრე "საბურთალომ"! აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ამ გუნდმა მთელი III წრე გამორჩეულად ძლიერად ჩაატარა და თუ დასკვნით წრეშიც ასე გააგრძელა, ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც არავის უნდა გაუკვირდეს.

თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი არამხოლოდ IV ადგილზე აცხადებს პრეტენზიას, ეროვნული ლიგის გათამაშებაში მოვლენები ისე ვითარდება, "საბურთალომ", შესაძლოა, სულაც ზედა სამეულში დაასრულოს სეზონი!

თავის ხანმოკლე ისტორიაში (მხოლოდ მესამე სეზონია, რაც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს), მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა "საბურთალოს" კლუბისთვის სარეკორდო, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (2015/16 წლების სეზონის მეორე ნახევარში).

და აი, ეს შედეგი განმეორდა და თუ "საბურთალო" მომდევნო მატჩსაც არ წააგებს, საკლუბო რეკორდსაც მოხსნის! მანამდე კი, ამ გუნდის მორიგ უხვგოლიან მატჩზეც ვთქვათ, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი საწყის 15 წუთში გადაწყდა: მასპინძლებს ამ დროისათვის ხომ სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ...

წინა მატჩების მსგავსად, კვლავაც შედეგიანი თამაში ჩაატარეს გუნდის შემტევებმა: 24 წლის ლაშა შინდაგორიძემ და 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა. აღსანიშნავია, რომ "საბურთალოს" ახალგაზრდა კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა "შუქურას" II წრის მატჩშიც გაუტანა "სტანდარტული" და ახლაც! აღარაფერს ვამბობთ მასპინძელთა მესამე გოლზე, როცა "საბურთალოს" 20 წლის ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა მართლაც ეფექტური "მაკრატელა" შეასრულა!

"შუქურა" კი არის ლამის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ბოლო ადგილზე, მაგრამ ქობულეთელთა გუნდი ამ მდგომარეობას არ ეგუება და ამის დასტურად ეს მატჩიც გამოდგება. აბა, ხშირად გინახავთ ჩვენს ჩემპიონატში ისეთი მატჩები, როცა რომელიმე გუნდი პირველი ტაიმის მერე სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაზე ფიქრს დაიწყებს?

"შუქურამ" მოინდომა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა: 31 წლის სანდრო გურულმა საჯარიმო დარტყმაც ოსტატურად შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა (20 წლის რომან ჩაჩუამ სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში), თუმცა, ქობულეთელთა გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. და კიდევ ერთი ფაქტი: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჩინელი ფეხბურთელიც გამოჩნდა, 20 წლის ჰან ტიანლინი, რომელიც "შუქურას" მორიგი ახალწვეული ლეგიონერია...

ბომბარდირის ვინაობა ცნობილია?!
ეროვნული ლიგის გათამაშების დაწყებიდან უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "ლოკომოტივის" 27 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი სიხარულიძე თავის კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს. "ლოკომოტივის" შეტევების ლიდერმა III წრის ბოლო ტურშიც გამოიჩინა თავი და მორიგი (უკვე - მეცხრე!) დუბლით, ფაქტობრივად, ყველანაირი ინტრიგა დაუკარგა ბომბარდირთა დავას!

ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, კონკრეტული ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში 9 (ცხრა!) დუბლს რომ შეასრულებს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ 9 ტურია.

...მთავარი კინაღამ დაგვავიწყდა: ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი განსაკუთრებული მოტივაციით "ჩიხურას" წინააღმდეგ ასპარეზობს - ამ გუნდთან სამივე დაპირისპირებაში დუბლები შეასრულა!

ისე, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება: II წრის მატჩში, სიხარულიძეს ორივე გოლის ეპიზოდში ვატო არველაძე უწევდა ასისტენტობას და ასე მოხდა ამჯერადაც პირველი გოლის მომენტში; კიდევ ერთი და საჩხერელთა გუნდისთვის აშკარად არცთუ სასიამოვნო დამთხვევა ისიც იყო, რომ გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი დიდი ანგარიშით (5:0, 3:0, 3:0) მოუგო "ჩიხურას". არადა, ამ სეზონამდე, "ლოკომოტივს" არც თასზე და არც ჩემპიონატში არ ჰყავდა "ჩიხურა" დამარცხებული.

ჩემპიონატის დასკვნით წრეში არაერთი ინტრიგა გველოდება და დედაქალაქური გუნდების კონკურენციაც ამ კატეგორიას მიეკუთვნება: "ლოკომოტივიც" და "საბურთალოც" ხომ, მინიმუმ, IV ადგილის დასაკავებლად იბრძვიან...

ზღვისპირეთში ისევ შტორმია
დასრულდა III წრე და შავიზღვისპირა სამივე გუნდი კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილშია: "შუქურას" "პირდაპირი წესით" გავარდნა ემუქრება, "კოლხეთს", ძალიან დიდი ალბათობით, პლეი-აუტი არ ასცდება, ბათუმის "დინამოს" კი კიდევ დარჩა შანსი, რომ მდგომარება გამოასწოროს. ყოველ შემთხვევაში, უშუალო კონკურენტთან ("დილასთან") ჩამორჩენა ხომ მხოლოდ 2 ქულაა.

ზედიზედ 3 წაგების შემდეგ,ბათუმის "დინამომ", როგორც იქნა, გაიმარჯვა. თანაც, ბათუმელთა გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა 33 წლის ოთარ მარცვალაძემ, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს წელიწად-ნახევრის წინათ ჰქონდა გოლი გატანილი.

ასევე გარკვეული პაუზის მერე გამოიჩინა თავი "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა, 25 წლის იაროსლავ კვასოვმა. აი, "კოლხეთს" კი არც მწვრთნელ(ებ)ის შეცვლა შველის და არც არაფერი: ზედიზედ 6 წაგებისა და უკე 13-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ფოთელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სხვათა შორის, III წრის ბოლო ტურში "კოლხეთის" ახალწვეულს, 31 წლის კოკა სეფიაშვილს რომ არ ეყოჩაღა, ბათუმის "დინამო" ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშითაც მოიგებდა.

სხვათა შორის, "კოლხეთი" კიდევ ერთ ანტირეკორდზე მიდის - ამ გუნდის ფეხბურთელებს უკვე 9-ჯერ უჩვენეს წითელი ბარათი...

სწორი გადაადგილებები, სწორი ტაქტიკა
ამ ტურის და, ალბათ, III წრის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა გორში დაფიქსირდა: არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფმა "დილამ" შეძლო და მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის დამოძღვრილი "სამტრედია" ამ ტურამდე ერთადერთი გუნდი იყო, III წრეში წაგება რომ არ ჰქონდა. ამას გარდა, "სამტრედიას" მშვენიერი შანსი ჰქონდა, რომ მაქსიმალურად შეემცირებინა სხვაობა ჩემპიონატის ლიდერთან.

თუმცა, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ძირითად შემადგენლობაში გადაადგილებებიც ეფექტიანი მოახდინა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ტაქტიკაც ისეთი შეარჩია, წარმატების მომტანი რომ აღმოჩნდა. ასე და ამგვარად, ბოლო ოთხ მატჩში მოპოვებული 9 ქულის შემდეგ "დილამ" III წრე უსაფრთხო VII ადგილზე დაასრულა. თუმცა, გადამწყვეტი მატჩები ჯერ კიდევ წინაა...

"დილას" ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა გორელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმა, 25 წლის დავით კირკიტაძემ, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა ზუსტი დარტყმით, შემდეგ კი ზუსტი საგოლე პასი გაუკეთა 22 წლის ლევან ნონიკაშვილს (ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა). სხვათა შორის, "დილას" ზედიზედ 3 საშინაო მატჩი ჰქონდა "სამტრედიასთან" წაგებული და აი, ეს ნავსიც გატეხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
erti sityvac ar weriaxartonashvilma rac gaaketaa ar chatvili goli ara penali da opsaidebi da amas edzxit goris gamarjvebas. saintereso is aris msaji vin gamaza
goga
16:38 26-09-2017
3
დაწერეთ თუიცით რა სანქციები გატარდა ტორპედოს და დინამოს თამაშზე მომხდარი ინციდენტის გამო, ოპერატორს რომ თავი გაუტეხეს. თუ არც აპირებენ ამ საკითხის განხილვას? ფედერაციის ჩინოვნიკებს რომ მოხვედროდა თავში ქვა?
gogi
16:56 26-09-2017
0

სიახლეები პოპულარული