"მესამე წრეში 5 მატჩი მოვიგეთ, 3 ფრედ დავასრულეთ და ერთიც წავაგეთ. ვფიქრობ, შედეგებიდანაც ჩანს, რომ მესამე წრე კარგად ჩავატარეთ. ამავე დროს, საკმაოდ შედეგიანი ფეხბურთიც ვითამაშეთ - გავიტანეთ 22, ხოლო საკუთარ კარში მივიღეთ 6 გოლი.
ეს ყოველივე სწორმა სატრანსფერო პოლიტიკამ განაპირობა. როცა თავდასხმაში მეტ-ნაკლებად მოგვარდა პრობლემები, დაცვით ხაზშიც შედარებით ნაკლები სირთულეებია. თუმცა, სამუშაო ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი ნაწილი დაგვიბრუნდა. თუმცა
ბოლო მატჩებში "საბურთალომ" გოლების რაოდენობასაც საგრძნობლად უმატა - 6:0, 5:0, 4:1 და 3:2 გავიმარჯვეთ. ეს სწორედ სტაბილურობამ მოიტანა, ფეხბურთელების დიდი ნაწილი ჯანმრთელადაა და შედეგიც მოვიდა. ვარჯიშები და თამაშები უკვე სხვა ხარისხში გადავიდა. როცა საკადრო პრობლემები გვქონდა, რთული იყო შედეგიანი ფეხბურთის დემონსტრირება.
ჩვენი მთავარი კოზირი ბურთის კონტროლი, შეტევა და სისწრაფეა. რა თქმა უნდა, წაუგებელი მატჩები დიდმა კონკურენციამაც გამოიწვია. სწორედ ასეთ გარემოში იზრდება და ყალიბდება ფეხბურთელი. კონკურენციის გარეშე პროგრესი შეუძლებელია", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
მან კლუბის პროგრამაზეც ილაპარაკა:
"ჩვენი ნებისმიერი თამაში და გამარჯვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მოკლე ისტორია გვაქვს, უძლიერესთა შორის მხოლოდ მესამე სეზონს ვატარებთ. "დინამოსთან" უარყოფითი ბალანსი გვქონდა და ველოდით ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას. ძალიან რთულია, "დინამო არენაზე" დაამარცხო საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თან - 4:1.
ჩვენი მიზანია, გვყავდეს ძლიერი აკადემია, სადაც ფეხბურთელები გაიზრდებიან და პირველ გუნდს შეავსებენ. ამის მერე გამორჩეულებმა კარიერა უცხოეთში უნდა გააგრძელონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ნახევარმცველი უცხოეთში გავუშვით, მაინც წარმატებით ვთამაშობთ. შედეგი ყოველთვის უნდა გავაუმჯობესოთ და წინ წავიდეთ.
ბუნებრივია, როცა შედეგი გაქვს, უფრო მეტის მიღწევის სურვილი ჩნდება. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ განსაკუთრებული მიღწევები არ გვაქვს, მხოლოდ სტაბილურობა შევიძინეთ".
27 სექტემბერს "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ოფიციალური მატჩი ელის თურქულ "ბურსასფორთან". საინტერესოა, რომ გუშინ "საბურთალოს" ძირითადმა და დუბლშემადგენლობამ ერთად ივარჯიშეს. "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა რევაზ გოცირიძის გუნდს წარმატებები უსურვეს.
თურქეთში გაემგზავრნენ: თორნიკე მეგრელიშვილი, გოგა ნასყიდაშვილი, ნიკოლოზ მალი, ცოტნე კაპანაძე, თომა ხუბაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ანდრია ფურცელაძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი ივანიაძე, გიორგი კოხრეიძე, ზურაბ მათოზაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა ტოკლიკიშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, შოთიკო ნონიკაშვილი, ვახტანგ კოპლატაძე, რევაზ სალუქვაძე, სანდრო ჭანტურიშვილი.
ამ ტურნირზე "საბურთალომ" 2015 წელს ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ითამაშა:
"ეს ძალიან მაღალი დონის ტურნირია. რეალურად, კარგად ორგანიზებული ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაა. "საბურთალო 2-ში" ირიცხებიან ფეხბურთელები, რომელთაც ამ ტურნირში ორი წლის წინ აქვთ ნათამაშები. ახლა გუნდი შეკრებაზეა გადასული. განწყობა საბრძოლოა, დასაძლევი ბარიერია და ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს, რომ თურქული ეტაპი გავიაროთ.
ქართული გუნდებიდან 2015 წელს ამ ტურნირზე პირველად სწორედ "საბურთალომ" იასპარეზა, მომდევნო წელს - "დინამომ". ახლა კვლავ ჩვენ მოგვიწია თამაში. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, კარგად წარმოვაჩინოთ თავი ევროპაში, ვასახელოთ საქართველო და "საბურთალო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"