დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:2 - ბათუმელებმა საქმე გაირთულეს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ", რომელიც ეროვნული ლიგის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ქომაგთა იმედები ვერც საჩხერელებმა გაამართლეს - მოქმედი ვიცე-ჩემპიონისგან ყველა პირველობისთვის ბრძოლას ელოდა, მაგრამ გუნდი სამეულში მოხვედრასაც ვერ ახერხებს და ახლა აქცენტი თასის გათამაშებაზე აქვს აღებული...

მასპინძლებს ამჯერადაც საკადრო პრობლემები აწუხებდათ: დისკვალიფიცირებული არჩილ ტვილდიანის გარდა, ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ელგუჯა გრიგალაშვილი სიცხის გამო დააკლდა.

მაყურებლებმა მცირე ტევადობის ტრიბუნები შეავსეს
და ბათუმელებს პირველივე წუთებიდან ამხნევებდნენ. დინამოელებმაც მეტოქეს აგრესიულად შეუტიეს და მიზანს მალევე მიაღწიეს.

მაგრამ გოლმა ბათუმელთა მონდომება მალე დააცხრო, ხოლო საჩხერელებმა მოედნის ცენტრში თამაში გამოასწორეს, შეუტიეს და მალე არათუ წონასწორობა აღადგინეს, დაწინაურებაც შეეძლოთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სტუმართა პირველი გოლი: მოედნის ცენტრიდან საჯარიმომდე 4 ფეხბურთელის მონაწილეობით შეტევა სულ რაღაც 10 წამი გრძელდებოდა - უსწრაფესი და იდეალური კონტრიერიში გამოვიდა.

ბათუმელებმა მეორე ტაიმიც აგრესიულად დაიწყეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს. უნდა ვთქვათ საჩხერელთა მეკარეზეც - ზურაბ მწყერაშვილი 31 წლისაა და გაუგებარია, აქამდე რატომ არ ჩანდა. მან წლეულს "ჩიხურაში" რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანში დამაჯერებელი იყო. მწყერაშვილმა ამჯერადაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაა, საჩხერელებმა 3 ქულა რომ მოიპოვეს.

მეორე ტაიმში "ჩიხურამ" მასპინძლებს ჭკვიანური თამაში დაუპირისპირა და საბოლოოდ, მათი შეტევები მაინც გაანეიტრალა. სწრაფი კონტრშეტევით კი სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ერთი სიტყვით, ბათუმელებმა საქმე ძალიან გაირთულეს და დარჩენილ შეხვედრებში უმძიმესი ბრძოლები ელით, რათა ეროვნულ ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნონ. საჩხერელებმა კი 46 ქულა დააგროვეს და "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს" მიუახლოვდნენ.

მატჩის სტენოგრამა
3" - თევდორაძემ საჯარიმოში ბურთი მარცვალაძეს შეაყოლა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მწყერაშვილმა სტუმრები გადაარჩინა.
4" - გოლი! ფლამარიონმა ივანიშვილის გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოს ხაზთან შეტევა შონიას გაუგრძელა - ტრაექტორიაშეცვლილი ბურთი "ჩიხურას" კარში აღმოჩნდა 1:0.
16" - გოლი! კორიფაძის, ტატანაშვილისა და სარდალიშვილის შეტევა გორგიაშვილმა საჯარიმოსკენ დაძრულ გაბედავას იდეალურად გაუგრძელა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მკერდით გაისწორა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1.
26" - კვირკველიას ძლიერი საჯარიმო დარტყმა და სტუმრები ისევ მწყერაშვილმა იხსნა.
30" - ბათუმელები გადარჩნენ: ივანიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა სარდალიშვილი, რომელმაც ტიმოფეევს ვერ აჯობა, მაგრამ ბურთი ისევ მას მიუგორდა და გორგიაშვილს პენალტის ნიშნულთან უპასა, ამან კი კარს ააცილა.
58" - კუთხური თევდორაძემ შეასრულა. შონიამ მცველებს დაასწრო, თავურით ბურთი ძელს მოარტყა და ვერც დამატებაზე გაიტანა.
66" - თევდორაძემ საჯარიმოდან პირდაპირ კარში დაარტყა, მაგრამ მწყერაშვილმა ესეც გაანეიტრალა და მარცვალაძესაც ურთულესი დარტყმა აუღო.
67" - ბათუმელთა შეტევის დაგვირგვინებას კვასოვი შეეცადა, მაგრამ კორიფაძე დროულად გადაეფარა და გუნდს სახიფათო მომენტი აარიდა.
70" - გოლი! საჩხერელთა სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე განვითარდა. ივანიშვილმა საჯარიმოში სარდალიშვილი მოძებნა, რომელიც მცველებს გაექცა და ახლოდან ზუსტი თავურით სტუმრები დააწინაურა - 1:2.
74" - სარდალიშვილმა ჯარიმა შეასრულა, ტატანაშვილი კართან მეურვისგან გათავისუფლდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და მშვენიერი შანსი გაანიავა.
80" - ივანიშვილი საჯარიმოში ორ მცველს გაექცა, მაგრამ მეკარე ტიმოფეევმა საიმედოდ ითამაშა.
90+1" - კაკუბავას მშვენიერი გადაცემით გაბედავა დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

22.10. ბათუმი. რაგბი არენა
დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:2
1:0 შონია (4), 1:1 გაბედავა (16. გორგიაშვილის პასით), 1:2 სარდალიშვილი (70. ივანიშვილის პასით)
დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მახარაძე (86. გ. ქავთარაძე), კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, ვ. თევდორაძე - კვასოვი, მგელაძე, ფლამარიონი (75. ჩოგაძე) - მარცვალაძე (75. კვანტალიანი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
ჩიხურა (4-2-3-1): მწყერაშვილი - კორიფაძე, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე - კაკუბავა, გორგიაშვილი (81. ცხადაძე) - გაბედავა, ივანიშვილი (84. ლექვთაძე), სარდალიშვილი (74. დობროვოლსკი) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, განუგრავა, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: სარდალიშვილი (15), კაშია (25), ფლამარიონი (52), ტატანაშვილი (89)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 24
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული