ეროვნული ლიგა. XXXI ტურის წინათქმა: ლიდერი თუ ჩემპიონი?

AutoSharing Option
ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა ეროვნული ლიგის გათამაშების დასრულებამდე, თუმცა დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა სატურნირო ცხრილში, რომ, ფაქტობრივად, არც ერთი უმოტივაციო არა გვყავს!

არადა, სეზონის შუაგულიდან მოყოლებული, წამდაუწუმ იმას ვამტკიცებდით, რომ მხოლოდ "ჩიხურას" აღარ უნდა ჰქონდეს ეროვნულ ლიგაში სატურნირო მოტივაცია და მთელ ყურადღებას საქართველოს თასის გათამაშებისაკენ გადაიტანსო.

ამჟამად კი, სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა: საჩხერელთა გუნდს IV ადგილის დაკავების შანსიც გაუჩნდა და მხოლოდ თასის გათამაშების იმედად აღარ იქნება.

XXXI ტური გუშინ დაიწყო, დანარჩენი 4 მატჩი კი დღეს უნდა გაიმართოს და ოთხივე დაპირისპირებას
გარკვეული ინტრიგა ახლავს; აღარაფერს ვამბობთ, ამ ტურის და, საერთოდ, IV წრის უმთავრეს მატჩზე: ამ საღამოს ხომ თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" უნდა უმასპინძლოს, ანუ გათამაშების ლიდერმა ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს! თუმცა, სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ...

23.10. ფოთი. პარკი არენა 13:00
კოლხეთი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =3 -3, 16-14
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე (კოლხეთი)
I-II-III წრე: 4:2, 0:0, 2:3
აუტსაიდერთა ამ დაპირისპირებამ ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი: "კოლხეთი" თუ მართლაც ნანატრ გამარჯვებას მოიპოვებს, ამ შემთხვევაში "შუქურას" 10 ქულით ჩამოიტოვებს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქობულეთელთა გუნდს მომავალ სეზონში რანგით მეორე ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული "კოლხეთისათვის" არც ფრე უნდა იყოს ურიგო შედეგი: "შუქურასთან" ქულათა სხვაობა შენარჩუნდება და ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ფოთელთა გუნდს მეტ-ნაკლებად მშვიდად მოუწევს პლეი-აუტისთვის მომზადება.

აი, "შუქურას" გამარჯვების შემთხვევაში კი, ქობულეთელთა გუნდი ოთხ ქულამდე შეამცირებს სხვაობას თავის უშუალო კონკურენტთან და მერე კი, არც არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები...

ორი აუტსაიდერის დაპირისპირება იმითაც არის საინტერესო, თუ რომელი გუნდი შეძლებს წარუმატებელი სერიის დასრულებას: "შუქურას" უკვე რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, "კოლხეთმა" კი მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი უკვე დაამყარა (16-მატჩიანი მოუგებელი სერიით) და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ფოთელთა გუნდმა უკანასკნელად 5 თვის წინათ გაიმარჯვა.

აი, რაც შეეხება ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას, აქ, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა: როგორც მიმდინარე სეზონში, ასევე წინა ჩემპიონატებშიც...

23.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 15:00
საბურთალო-დილა
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =1 -3, 7-7
I-II-III წრე: 1:0, 0:1, 2:0

ამ ტურის კიდევ ერთ წყვილშია, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობა: "საბურთალოსა" და "დილას" შორის ურთიერდაპირისპირებათა ისტორიაში მოგება, ფრე, წაგების მსგავსად, ბურთების სხვაობაც ერთნაირია.

ერთადერთი, მხოლოდ იმას თუ აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში "საბურთალომ" უკვე ორჯერ შეძლო "დილას" დამარცხება. ოღონდ ისიც უნდა დავძინოთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ორივეჯერ სტუმრად იმარჯვა, სამაგიეროდ, თბილისში ჩატარებული II წლის შეხვედრა "დილამ" მოიგო.

თუმცა, ეს სტატისტიკური მონაცემები დღესდღეობით, ნაკლებად აქტუალური უნდა იყოს ორივე გუნდისათვის: "საბურთალო" ბოლო ტურამდე იბრძოლებს IV ადგილის დასაკავებლად, "დილას" კი, ბევრად უფრო "მოკრძალებული", მაგრამ არანაკლებ სანერვიულო ფინიში ელოდება - როგორმე არ უნდა მოხვდეს პლეი-აუტში.

თანაც, გორელთა გუნდს შედარებით რთული კალენდარიც აქვს, ვიდრე უშუალო კონკურენტ ბათუმის "დინამოს" და აღარაფერს ვამბობთ ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც: მოგეხსენებათ, რომ წინა ტურში "დილამ" მართლაც დასანანი მარცხი იწვნია (მატჩის დამთავრებამდე 1:0-ს უგებდა თბილისის "დინამოს", მაგრამ მაინც დამარცხდა) და აქედან გამომდინარე, გორელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება თავისი ფეხბურთელების ამ სტრესული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

23.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00 (უმაყურებლოდ)
ტორპედო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
33: +16 =9 -8, 41-25
დისკვალიფიკაცია
ბექა ტუღუში (ტორპედო) - დავით სამურკასოვი, ნიკა ჭანტურია (ორივე - ლოკომოტივი)
I-II-III წრე: 1:1, 2:0, 0:2

მიმდინარე სეზონში ამ გუნდების დაპირისპირებებს მართლაც რომ უცნაურობები დაებედა.

ერთადერთი, მხოლოდ I წრის თბილისური მატჩი იყო, უექსცესოდ და ჭეშმარიტად "საფეხბურთო გარემოში" რომ ჩატარდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წინა მატჩებზე...

უცნაურობები II წრის მატჩში მაშინ დაიწყო, "ტორპედოს" შემტევის, თორნიკე კაპანაძის მიერ პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლი არბიტრმა ჯერ რომ ჩათვალა, მერე კი - გააუქმა!

თუმცა არანაკლები "თავგადასავლები" წინ იყო: იმ წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩის II ტაიმში "ტორპედოს" სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა და დაახლოებით 25 წუთი თამაში გაჩერებული იყო!

ანდა, იმ სიბნელეში ფეხბურთელებს როგორ უნდა ეთამაშათ? საბოლოოდ, ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა და ლაშა კუჭუხიძისა და ბექა ტუღუშის ორი უპასუხო გოლით, ის ძალიან გაწელილი მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

აი, ამ გუნდებს შორის გამართული მესამე წრის მატჩის დეტალურად გახსენება აღარც გვინდა.

უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონის ყველაზე სკანდალური შეხვედრა, რომელიც 11 აგვისტოს დაიწყო და ... 14 აგვისტოს დამთავრდა! უფრო ზუსტად, "ლოკომოტივმა" და "ტორპედომ" 11 აგვისტოს სკანდალური და დაუსრულებელი მატჩის ბოლო 5 წუთი ჩაამთავრეს...

...სწორედ იმ 11 აგვისტოს თბილისური მატჩის "გამოძახილიც" არის ის ფაქტი, რომ ჩემპიონატის ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, "ტორპედო"-"ლოკომოტივის" საინტრიგო მატჩმა უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ უნდა ჩაიაროს!

არადა, ჩემპიონობისათვის მებრძოლი მასპინძლები აშკარად მოისაკლისებენ ერთგულ გულშემატკივრებს. თუმცა, არც "ლოკომოტივის" ფეხბურთელებისთვის უნდა იყოს ადვილად შესაგუებელი ცარიელ სტადიონზე თამაში...

23.10. თბილისი. დინამო არენა. 20:00 (LIVE II არხზე)
დინამო (თბ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
36: +27 =4 -5, 86-23
დისკვალიფიკაცია
აკაკი შულაია (დინამო თბ) - ლაშა კასრაძე, ბაკარი ბალდე (ორივე - სამტრედია)
I-II-III წრე: 2:0, 3:2, 1:1

ამ ტურის დასკვნითი მატჩი ისეთ ინტრიგას გვპირდება, წესით, გულშემატკივართა დიდი ინტერესი რომ უნდა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ იმ არასასურველ ფაქტს, როცა თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩების ჩატარება, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ უწევს.

არადა, საკადრო პრობლემებისგან ლამის "განახევრებული" თბილისის "დინამო" ნამდვილად არ თამაშობს ურიგო ფეხბურთს. ეგ კი არა, სატურნირო ცხრილის სათავეში ხომ სწორედ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდია და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მეტ-ნაკლებად კომფორტული უპირატესობაც აქვს კონკურენტებთან შედარებით.

კონკურენტი კი კახა კაჭარავას დამოძღვრილ გუნდს 2 ჰყავს: "ტორპედოსთან" სხვაობა 4 ქულაა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან "სამტრედიასთან" კი - 7 ქულა. ანუ ამ ტურის ცენტრალურ მატჩში "დინამოსათვის" ფრეც შეიძლება მისაღები შედეგი იყოს, აი, "სამტრედია" კი, ასეთ შემთხვევაში, თითქმის ჩამოსცილდება საჩემპიონო რბოლას.

არადა, როგორი საქმეა თბილისის "დინამოს" სტუმრად დამარცხება? მით უფრო, რომ სტატისტიკაც საპირისპიროს "ამტკიცებს": საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "სამტრედიამ" მხოლოდ ერთადერთხელ მოუგო გასვლითი მატჩი თბილისის "დინამოს" და ეს ამბავიც 23 წლის წინათ მოხდა...

...სამი მატჩია, რაც "სამტრედიას" უჩა სოსიაშვილი მოძღვრავს და ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა; ასე მაგალითად, წინა ტურში დისკვალიფიკაციის გამო "სამტრედიას" ორივე საყრდენი ნახევარმცველი (გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე) აკლდა.

ამჯერად, იმავე მიზეზით ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი მარცხენა მცველ ბაკარი ბალდესა და უნივერსალ ლაშა კასრაძეს მოისაკლისებს.

თუმცა, საკადრო პრობლემებით მიმდინარე სეზონში "დინამოს" ხომ ვერავინ გააკვირვებს და გამონაკლისი არც ტურის ეს ცენტრალური მატჩი იქნება: მასპინძელთა თავკაც კახა კაჭარავას სერიოზული თავსატეხი აქვს, თუ როგორ უნდა ჩაანაცვლოს უმტკივნეულოდ დისკვალიფიცირებული რეაქტიული გარემარბი აკაკი შულაია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული