ეროვნული ლიგის XXXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინ ნამდვილად გვქონდა იმის მოლოდინი, რომ საინტრიგო მატჩები გველოდა, თუმცა, როგორც იტყვიან, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ეროვნულ ლიგაშიც ისეთი ფინიში გველოდება, დაძაბულობამ და ინტრიგამ პიკს რომ უნდა მიაღწიოს!

რაც მთავარია, ფაქტობრივად, უნდა გამოვრიცხოთ ჩემპიონატში უმოტივაციო გუნდების არსებობა: ეროვნული ლიგის ყველა გუნდისათვის, დარჩენილი ხუთივე მატჩი ერთმანეთზე გადამწყვეტი უნდა იყოს. თუმცა, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს თასის ნახევარფინალების შემდეგ. ამ შემთხვევაში კი, რაღა თქმა უნდა, ერთობ აქტუალური გახდება ტერმინი "პრიორიტეტების არჩევა"...

...თასის ნახევარფინალამდე კიდევ ერთი და საკმაოდ საინტერესო ტურია, თუმცა,
დღეს გასულ ტურზე ვისაუბრებთ, ძალზე საინტრიგოც რომ გამოდგა და... არასრულიც! ჩვენი მიმოხილვაც სწორედ იმ არჩატარებული მატჩით გვინდა დავიწყოთ...

  • მოულოდნელი საჩუქარი და გადარჩენის შანსი
ნაადრევი გამოდგა "კოლხეთის" გულშემატკივართა სიხარული იმის თაობაზე, რომ სეზონის დასკვნით მატჩებს ფოთელთა გუნდი მშობლიურ ქალაქში ჩაატარებდა.

სამწუხაროდ, "კოლხეთმა" მხოლოდ 1 მატჩი გამართა ფოთში (XXX ტურში, "ტორპედოსთან"), აი, მომდევნო შეხვედრა კი ვეღარ ჩაატარა (სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო) და მთელი სეზონის განმავლობაში ისედაც პრობლემებით დახუნძლულ გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა!

თანაც, იმასაც ხომ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რომელ გუნდთან ჩაეთვალა "კოლხეთს" ეს წაგება: ამ მართლაც მოულოდნელი "სამქულიანი საჩუქრის" შემდეგ "შუქურას" იმის შანსიც გაუჩნდა, რომ ეროვნული ლიგიდან პირდაპირ გავარდნას თავი აარიდოს და პლეი-აუტში იასპარეზოს.

თუმცა, ისიც საკითხავია, თუ როგორ მოახერხებს ქობულეთელთა გუნდი "კოლხეთთან" არსებული ოთხქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას, - "შუქურას" დარჩენილი მატჩების კალენდარიც ხომ გასათვალისწინებელია?!.

  • მიბაძეთ ჩიხურას!
ისე მოხდა, რომ ჩემპიონატის ამ გადამწყვეტ ეტაპზე "ჩიხურას" ზედიზედ ორი საგარეო მატჩის ჩატარება მოუწია ისეთ გუნდებთან, რომლებისთვისაც თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა; არადა, იმავე "შუქურასა" თუ ბათუმის "დინამოსაგან" განსხვავებით, საჩხერელთა გუნდს, ერთი შეხედვით, ჩემპიონატში მოტივაცია არც უნდა ჰქონოდა.

ჰოდა, ამიტომაც "გაუკვირდა" ბევრს, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა გუნდმა, ოთხდღიან ინტერვალში, ერთსა და იმავე სტადიონზე, ზედიზედ რომ დაამარცხა ზემოტივირებული ორივე აჭარული გუნდი! თანაც, ბათუმის "დინამოსთან" მატჩში "ჩიხურა" თავდაპირველად სულაც მდევრის როლში აღმოჩნდა: 27 წლის თეიმურაზ შონიამ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.

თუმცა, სტუმრებმა მალევე შეძლეს საპასუხო გოლის გატანა, როცა მართლაც ეფექტური და მრავალსვლიანი კომბინაცია 28 წლის გიორგი გაბედავას ჩინებული დარტყმით დასრულდა.

საჩხერელთა გუნდი არც ამის მერე გაჩერებულა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი ეფექტური კომბინაცია გოლით დასრულდა: 25 წლის მიხეილ სარდალიშვილმა, წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასპინძლებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, თუმცა ყველაზე დიდი დანაკლისი, რაღა თქმა უნდა, გუნდის ლიდერ ელგუჯა გრიგალაშვილის არყოფნა იყო.

აი, რაც შეეხება "ჩიხურას", მართლაც მისასალმებელია, რომ საჩხერელთა გუნდმა ასე დაიცვა სამართლიანი თამაშის წესები და იმედს დავიტოვებთ, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილ მატჩებში სხვა გუნდებიც დაიცავენ "ფეარ პლეის" პრინციპებს.

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება "ჩიხურას" კაპიტანი შოთა კაშია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ბათუმის "დინამოსთან" მატჩში და რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საჩხერელთა გუნდს რომ შეემთხვა თბილისისაკენ მომავალ გზაზე.

სეზონის ბოლოსკენ, "ჩიხურაში" მატებაც არის: საჩხერელთა გუნდში პირველად გამოჩნდა გამოცდილი ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გაუცდა.

  • საბურთალო ევროპის გზაზე...
ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება და "საბურთალო" მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა! უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ახალგაზრდული გუნდისგან ასეთი შედეგი აღარავის უნდა უკვირდეს: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისათვის ხომ სულერთია, ლიდერს ეთამაშება თუ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდ(ებ)ს: "საბურთალო" ყველა მატჩში მოსაგებად გამოდის მოედანზე და აი, შედეგიც სახეზეა.

ცალკე საუბრის თემაა "საბურთალოს" მართლაც სუპერშედეგიანი თამაში საშინაო მატჩებში: გუნდმა ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა!

გამონაკლისი არც ეს ტური გამოდგა, სადაც 21 წლის გიორგი ხარაიშვილმა ამ სეზონში მეორე "დუბლი" შეასრულა, ერთი გოლიც 18 წლის გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

აი, რაც შეეხება გადამრჩენელ, VII ადგილისთვის მებრძოლ "დილას", გიორგი დარასელიას გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი კი წააგო, მაგრამ უშუალო კონკურენტი ბათუმის "დინამოც" ვერ ყოჩაღობს...

..."დილას" შემადგენლობაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ ცენტრფორვარდი გიორგი ფანცულაია, - 22 წლის თავდამსხმელმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დილას" კიდევ ერთ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში: 19 წლის ნახევარმცველ აჯეი ჰეიფორდს.

  • ტრადიცია არ დაირღვა
ამ ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ მიმდინარე სეზონში "ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებებს მართლაც რომ უცნაურობა დაებედა - ხან თამაშის დროს ელექტროენერგიის გამორთვა, ხან - ტრიბუნებზე არეულობა და მატჩის ჩაშლა, ხან - არბიტრების, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ...

საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა: ჩემპიონობისათვის მებრძოლმა და ამ წყვილის უპირობო ფავორიტმა "ტორპედომაც" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა; ოღონდ ეს ურთულესი გამარჯვება კახა ჩხეტიანის გუნდმა... გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა: ეს უხვგოლიანი და "უცნაურსცენარიანი" მატჩი ხომ უმაყურებლოდ ტარდებოდა!..

ამ წყვილის უპირობო ფავორიტი კი "ტორპედო" არამხოლოდ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე იყო: მეტოქეს ხომ ტრავმირებული თუ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების მთელი ჯგუფი აკლდა! თანაც, ამ ფეხბურთელებისაგან "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მართლაც მშვენიერ შემადგენლობასაც გამოიყვანდა მოედანზე: ბ. ქურდაძე - ღონღაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე - კიკნაძე, სამურკასოვი, დიასამიძე, არდაზიშვილი - არველაძე, გავაშელიშვილი...

...ამ უხვგოლიან მატჩში "ლოკომოტივი" ორჯერ იგებდა: ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, 27 წლის ირაკლი სიხარულიძემ პირველ ტაიმში, ხოლო 22 წლის გიორგი გოროზიამ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს; თუმცა, ორჯერ მდევრის როლში მყოფმა "ტორპედომ" მაინც შეძლო მეტოქის და კონკრეტულად, რევაზ თევდორაძის წინააღმდეგობის დაძლევა!

მასპინძლებმა 4 გოლი ხომ გაიტანეს, სულ მცირე, ამდენივე უნდა გაეტანათ, მაგრამ "ლოკომოტივის" 29 წლის მეკარე რევაზ თევდორაძემ ყველა იმ ეპიზოდში საუცხოოდ ითამაშა...

მასპინძელთა მხრიდან თორნიკე კაპანაძის (დუბლი) და გიორგი კუხიანიძის შედეგიანი თამაში აღარავის გვიკვირს, აი, 36 წლის შოთა ბაბუნაშვილმა ისეთი "სტანდარტული" შეასრულა, თქვენი მოწონებული: ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვეტერანმა დაახლოებით 30 მეტრიდან უზუსტესად დაარტყა!..

  • სოსიაშვილის ფაქტორი, ყოჩაღი ლეგიონერები და სხვა...
მეოთხე მატჩი ჩაატარა ქვეყნის ჩემპიონმა "სამტრედიამ" ახალი მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით და მშვენიერი სერიაც "გამოაცხო": სამი მოგება და 1 ფრე; რაც მთავარია, "სამტრედია" კვლავაც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად და ნურავის გაუკვირდება, იმერულმა კლუბმა ზედიზედ მეორედ რომ მოიწყოს საჩემპიონო ტრიუმფი!

ამის თქმის საბაბს კი ამ ტურის და საერთოდ, IV წრის ცენტრალური მატჩის მეორე ტაიმში "სამტრედიის" მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი გვაძლევს. ჰო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთ განსხვავებულ ტაიმებს ვნახავდით: შესვენებამდე "დინამო" აშკარად სჯობდა მეტოქეს და, სულ მცირე, 3 ისეთი მომენტი ჰქონდა, 100-პროცენტიანს რომ ვეძახით ხოლმე.

თუმცა, ერთ ეპიზოდში ხარიხამ იხსნა მეტოქე, დანარჩენ შემთხვევებში კი, მართლაც უბადლო გახლდათ "სამტრედიის" 33 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი, რომელმაც მატჩის პირველივე(!) წუთზე პენალტი აუღო ლაშა თოთაძეს, მერე კი, "დინამოს" კიდევ ერთ ლიდერს, ოთარ კიტეიშვილს არ გაატანინა გოლი...

...მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა სტუმრებმა საჯარიმოს უფლება მოიპოვეს და ეს ეპიზოდიც გოლით დასრულდა: შეტევაში ჩართულმა 25 წლის ანრი ნდონგმა ზუსტი თავური დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება ხომ მოუტანა, ამას გარდა, საჩემპიონო "რბოლასაც" უდიდესი ინტრიგა შემატა.

...ცენტრალური მცველი ნდონგიც (გაბონი) აშკარად "ხარისხიანი" ლეგიონერია, ისე, როგორც შემტევები, ინტერს გი (კოტ დ'ივუარი) და მაიკლ ოლაიტანი (ნიგერია) და ამათ რიცხვს, ბაკარი ბალდეც (გვინეა-ბისაუ) უნდა მივამატოთ, რომელიც ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ "სამტრედიამ" კარგი ლეგიონერები კი დაიმატა, მაგრამ აქვე კითხვაც იბადება: ხომ შეიძლებოდა, იგივე ნდონგი და ოლაიტანი ევროტურნირების დაწყების წინ მოეყვანათ და არა... "ყარაბაღთან" ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ?!.

...1994 წლის ოქტომბრის დასაწყისი იყო, მურთაზ ხურცილავას დამოძღვრილმა "სამტრედიამ" ზაზა ჯანაშიას და კახა გოგიჩაიშვილის გოლებით პირველად რომ მოუგო თბილისის "დინამოს" გასვლითი მატჩი.

და აი, 23-წლიანი პაუზის მერე "სამტრედიამ" მეორედ მოახერხა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება და ამჯერად - უჩა სოსიაშვილის თავკაცობით.

სხვათა შორის, 28 წლის სოსიაშვილს მართლაც საამაყოდ აქვს საქმე: "დილას" მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხჯერ შეხვდა "დინამოს" და არც ერთხელ არ დამარცხებულა (2 მოგება, 2 ფრე) და ეს "ტრადიცია" ამჯერადაც არ დაარღვია! აი, მის გამოცდილ კოლეგას, კახა კაჭარავას კი, მორიგი საკადრო პრობლემა დაემატა: უკვე ძირითად შემადგენლობას გაშინაურებული კიდევ 2 ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ხომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ეხმარებიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებებს ვუსურვებ ყველა მომავალ მატჩებში დილას(გარდა ბოლო მატჩისა) ,ბათუმს,ჩიხურას და სამტრედიას.
Jango
21:02 25-10-2017
0

სიახლეები პოპულარული